ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
ახალი წლის ღამეს თბილისის ჩაბნელება იგეგმებოდა

შსს თავისი გაპიარებული ტელედაჭერებით კარგა ხანია, საზოგადოების ნაწილის უნდობლობას იმსახურებს, მაგრამ ქართველი სამართალდამცავების მიერ გახსნილი ამფეთქებელთა საქმე, ჩანს, სიმართლესთან ახლოა.

"კვირის პალიტრა" 22 სექტემბრიდან მოყოლებული, როდესაც აშშ-ის საელჩოს სიახლოვეს აფეთქება მოხდა, სისტემატურად აწვდიდა მკითხველს ინფორმაციას სხვა აფეთქებების და მათში გამოყენებული ასაფეთქებელი მოწყობილობების, ასევე ტერაქტების შესაძლო ვერსიების შესახებ.

მას შემდეგ, რაც შსს-მ 4 დეკემბერს ეჭვმიტანილები დააკავა, ხოლო 7 დეკემბერს ოფიციალურად გამოაქვეყნა ოპერატიული მასალები ამ საქმის შესახებ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამართლდა ჩვენი რამდენიმე ვარაუდი - ტერაქტებისთვის მართლაც იყენებდნენ ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენის ნარევს და საბჭოთა (რუსული) წარმოების შენელებული მოქმედების ამფეთქებლებს - ВЗД-1-სა და ВЗД-3მ-ებს, რომელთა ნაწილიც თბილისში, ერთ-ერთი ეჭვმიტანილის მიერ დაქირავებულ სახლში აღმოაჩინეს.

ასევე გამართლდა ჩვენი ვერსია, რომ აფეთქებათა შემსრულებლები შეიძლება ყოფილიყვნენ ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები.

ცოტა ეჭვს იწვევდა ჩვენი კიდევ ერთი ვერსიის რეალობა - თუკი ამ ტერაქტების უკან მართლაც იდგა საქართველოს არაკეთილმოსურნე ქვეყნის (ამ შემთხვევაში - რუსეთის) რომელიმე სპეცსამსახური, რატომ ირჩევდნენ ისინი აფეთქებების დროსა და ადგილს ისე, რომ მსხვერპლი არ ყოფილიყო (28 ნოემბრის ღამეს ჯავახიშვილის ქუჩაზე აფეთქების შედეგად ქალბატონის დაღუპვა უფრო შემთხვევითობა იყო, ვიდრე წინასწარ განსაზღვრული შედეგი)? ძნელი დასაჯერებელი იყო, რომ ГРУ-ს ეზრუნა საქართველოს მოქალაქეთა სიცოცხლეზე.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, გალის რაიონში საოკუპაციო რუსული სამხედრო დანაყოფის შემადგენლობაში მყოფი რუსი მაიორი ევგენი ბორისოვი, პირიქით, ქართველ შემსრულებელთაგან (მათ შორის ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, გოგიტა არქანიასგან) მოითხოვდა, რომ ტერაქტები რაც შეიძლება რეზონანსული ყოფილიყო, ეს კი სერიოზული ნგრევითა და ადამიანთა მასობრივი დაღუპვით იქნებოდა შესაძლებელი...

უბრალოდ, როგორც აღმოჩნდა, თავად აფეთქებების შემსრულებლები ფრთხილობდნენ; მათ, ალბათ, არ სურდათ, "ჯოჯოხეთის მანქანების" ამოქმედებას მსხვერპლი მოჰყოლოდა; ამასთან, ცდილობდნენ, არ მოხვედრილიყვნენ ქუჩის ვიდეოკამერების ხედვის არეალში. ეტყობა, ამიტომაც, პირველი ორი ბომბი (მათგან ერთი არ აფეთქდა) უშუალოდ აშშ-ის საელჩოს ღობესთან კი არ დადეს, არამედ რამდენიმე ათეული მეტრის მოშორებით, სასაფლაოს ღობის ძირას; ისინი არც ისეთი მიამიტები იყვნენ, სასაფლაოს ღობე საელჩოს კარგად დაცული ღობისგან ვერ გაერჩიათ.

ამასთანავე, ქართველი შემსრულებლები ცდილობდნენ ეეშმაკათ და გაეცურებინათ გალის რაიონში მყოფი დამკვეთი. მათ რუს მაიორს აცნობეს, რომ ჭალადიდთან რკინიგზის ხაზზე ჩადებული ბომბი ნამდვილად აფეთქდა, მაგრამ ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლებამ დაბლოკა, რადგან თბილისში NATO-ს მაღალჩინოსანი იყო ჩამოსული (როგორც ჩანს, ისინი გულისხმობდნენ 1-ელ ოქტომბერს თბილისში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსულ NATO-ს გენერალურ მდივანს). სინამდვილეში აფეთქება არ მომხდარა და ჭალადიდთან ჩადებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ქართველმა სპეციალისტებმა განაღმეს.

საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ 22 სექტემბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით სულ ხუთი ასაფეთქებელი მოწყობილობა (ერთი აშშ-ის საელჩოსთან, ორი - ბორჯომის ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე და თითო-თითო - ჯავახიშვილის ქუჩასა და მუხიანში) აფეთქდა, ორმა კი არ იმოქმედა (აშშ-ის საელჩოსთან და ჭალადიდში).
მიუხედავად იმისა, რომ ამფეთქებლებს ქუჩის ვიდეოკამერებზე დაფიქსირების ძალიან ეშინოდათ, ისინი მაინც სწორედ "ლეიბორისტთა პარტიის" ოფისის ვიდეოკამერამ აღმოაჩინა.

ჩვენთვის არაოფიციალური ინფორმაციით ცნობილი გახდა, რომ ვიდეოკამერაზე აღბეჭდილი კადრების (როდესაც ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ღამით ქუჩაში მარტო მიდის და ქუდს იფარებს) გაშიფვრამდე მათ კვალზე თითქმის გასული იყვნენ ქართველი კონტრმზვერავები.

ბორჯომის ვაგზლის მიდამოებში 22 ოქტომბრის ღამეს მომხდარი ორი აფეთქების შემდეგ გაჩნდა ეჭვი, რომ აფეთქების მომწყობს ან მომწყობებს სადმე ახლოს უნდა ეცხოვრათ. დაიწყო ახლომახლო უბნების მცხოვრებთა შემოწმება, მათ შორის პირველ რიგში - ყოფილი სამხედროებისა და სამართალდამცავების.

ვიდეოკამერის კადრების ნახვის შემდეგ ეჭვმიტანილთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, რადგან მასში ამოიცნეს ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, რომელიც ვაგზლის მოედანთან, გადასასვლელი ხიდის ზემოთ, მეუნარგიას ქუჩაზე ცხოვრობდა.

დაიწყო მისი და მასთან დაკავშირებული პირების მობილური ტელეფონების მოსმენა, რომლის დროსაც აღმოაჩინეს რუსი ეროვნების მოსაუბრე; იგი მათ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეფონის ნომრიდან, გალის რაიონიდან ურეკავდა.

შესაძლოა, ოპერატიული თამაშის გაგრძელება უკეთესი ყოფილიყო, მაგრამ ორმა ეჭვმიტანილმა გალის რაიონში გადასვლა მოასწრო. იმის შიშით, რომ სხვებიც არ გაქცეულიყვნენ, შსს-მ სპეცოპერაციის ჩატარება დააჩქარა.

4 დეკემბერს სამართალდამცავებმა დააკავეს სექტემბერ-ნოემბერში საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული აფეთქებების სერიის ორგანიზებაში, შესრულებასა და ხელშეწყობაში ბრალდებულები გოგიტა არქანია (იგი 2008 წლის ოქტომბრამდე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა), ჯონი აბულაძე, მარიამ ნიკოლავა, გოჩა ხურცილავა, გოდერძი არქანია და ლელა ხურცილავა. ორმა ეჭვმიტანილმა - მერაბ ყოლბაიამ და მუხრან ცხადაიამ ოკუპირებულ გალის რაიონში გადასვლა მოასწრეს.


მეუნარგიას ქუჩაზე მდებარე ჯონი აბულაძის სახლიდან ამოიღეს 13 ცალი ასაფეთქებელი მოწყობილობა. მათგან ათი იყო გამოყენებულ ლუდის ქილაში ჩამონტაჟებული ჰექსოგენის და ВЗД ტიპის ამფეთქი. სახლში 10 კგ-მდე ჰექსოგენის ნარევიც აღმოჩნდა.

ერთი საინტერესო დეტალი: ლუდის ეს პარტია საქართველოში არ შემოდის, იგი რუსული ბაზრისთვის არის განკუთვნილი. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გალის რაიონში მოკალათებული რუსი მაიორი და მისი დამხმარეები ჯერ ქილიდან ლუდს წრუპავდნენ, შემდეგ კი ცარიელი ალუმინის ქილისგან "ჯოჯოხეთის მანქანას" ამზადებდნენ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: მანამდე მომხდარი ხუთი აფეთქებისას არც ერთხელ არ გამოუყენებიათ დამატებითი დამაზიანებელი ელემენტები (რკინის ბურთულები, ჭანჭიკები, ლურსმნები და ა.შ.), მეუნარგიას ქუჩაზე აღმოჩენილ ლუდის ქილებში კი ჰექსოგენის ნარევისა და შენელებული მოქმედების ამფეთქებლების გარდა მოთავსებული იყო ლურსმნები (4 ქილაში), ხოლო ერთ ქილაში - "კალაშნიკოვის" ავტომატის 5,45 მმ კალიბრის დაშლილი ვაზნებიდან ამოღებული ტყვიის გულები.

ეს გარემოება მხოლოდ ერთ რამეს ცხადყოფს: ახალი ტერაქტების განხორციელება იგეგმებოდა ხალხმრავალ ადგილებში და ამჯერად ნამდვილად დიდ მსხვერპლზე იყო გათვლილი.

როგორც "კვირის პალიტრამ" არაოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით გაარკვია, ახალი ტერაქტები ახალ წლამდე უნდა მომხდარიყო; ლურსმნებიანი და ტყვიებიანი ქილები, სავარაუდოდ, ვაგზლის მოედანზე, "ბავშვთა სამყაროს" წინ, ნაწილი კი იქვე, მეტროს სადგურში უნდა აეფეთქებინათ...

უფრო მძლავრი აფეთქებები მიზნად ისახავდა საქართველოს იმიჯის შელახვას და მთელი მსოფლიოსთვის იმის ჩვენებას, რომ ახალ 2011 წელს საქართველოს დედაქალაქი უშუქოდ ხვდება.

ახალი წლის ღამეს ავჭალის რაიონში, ელექტროგამანაწილებელ სადგურში მომხდარ აფეთქებებს თბილისი წყვდიადში უნდა ჩაეძირა და მსოფლიოსთვის ემცნო, რომ საქართველო ახალ წელს ტერაქტებით ხვდება...

პ.ს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ქართველებისგან რომ "მეხუთე კოლონის" შექმნას ეცდებოდნენ რუსული სპეცსამსახურები, ამის საშიშროებაზე ჯერ კიდევ აგვისტოს ომის დამთავრებისას ვწერდით. ასეთი "მეხუთე კოლონა" ნებისმიერ "სმერჩზე" უფრო საშიშია, რადგან წერტილოვანი და მტკივნეული დარტყმის მიყენება შეუძლია მთელი ქვეყნისთვის.

როგორც ჩანს, მდ. ენგურზე გამავალ საოკუპაციო ზოლს ქართველი სამართალდამცავები არცთუ ისე კარგად აკონტროლებენ; წინააღმდეგ შემთხვევაში ასე ადვილი არ იქნებოდა გალის რაიონიდან ათეულობით კილოგრამი ჰექსოგენის შემოტანა...

ირაკლი ალადაშვილი

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja