ამერიკული კომპანია Northrop Grumman-ის მიერ შექმნილმა გემბანის უპილოტო საფრენმა აპარატმა X-47B-მ პირველი საგამოცდო ფრენა წარმატებით განახორციელა. ამის შესახებ საფრენი აპარატის დამკვეთი - აშშ-ის სამხედრო-აჰაერო ძალების სარდლობა იუწყება.
X-47B პირველად ჰაერში აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ედვარდსის ბაზიდან (კალიფორნიის შტატი) 4 თებერვალს ადგილობრივი დროით 14:00 სთ-ზე აფრინდა. პირველი ფრენა 1,5 კმ-ის სიმაღლეზე 29 წუთს გაგრძელდა. გამოცდამ წარმატებით ჩაიარა, პირველი ფრენის ფარგლებში X-47B-ის მიერ შესრულებული მანევრები "სტანდარტებს შეესაბამებოდა".
კომპანია Northrop Grumman-მა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ გამოცხადებულ ტენდერში 2007 წელს გაიმარჯვა და X-47B-ების წარმოება დაიწყო. კონტრაქტის ღირებულება 636 მლნ დოლარს შეადგენდა.
უპილოტო X-47B-ში გამოყენებული ტექნოლოგიები აპარატს რადიოლოკაციური სპექტრისთვის შეუმჩნეველს ხდის. ის რეაქტიული ძრავითაა აღჭურვილი. პროექტის თანახმად, X-47B ჰაერში საწვავის მარაგის შევსების სისტემით, დაზვერვის აპარატურით, რადიოელექტრონული კომპლექსებით და მართვადი რაკეტებით აღიჭურვება.
მომზადებულია afp.com-ის მიხედვით.