WEB-ARMY.TK - The Best Army's Web



ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
ანტისარაკეტო რადარი საქართველოში - ჯერჯერობით არარეალური, თუმცა...

დასავლურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის ოთხმა რესპუბლიკელმა სენატორმა თავდაცვის მინისტრ რობერტ გეითსს გაუგზავნა წერილი, რომელშიც მოუწოდებენ, რომ პენტაგონმა რადიოლოკაციური სადგური თურქეთის ნაცვლად საქართველოში განათავსოს.

ამერიკელი სენატორების ინიციატივას ერთი მიზეზი აქვს - ანკარამ პირობა წაუყენა თეთრ სახლს, რომ თურქეთში ამერიკული სარადარო სისტემა განთავსდება იმ შემთხვევაში, თუ პენტაგონი ამ რადარით მიღებულ ინფორმაციას ისრაელს არ მიაწვდის.

ეს როგორც პრაქტიკულად, ისე თეორიულად წარმოუდგენელია, რადგან ერთიან რადიოლოკაციურ ველში აშშ ისრაელთან ერთად ერთვება, რათა ანტისარაკეტო თავდაცვის შტაბს მუდმივად ჰქონდეს ოპერატიული ინფორმაცია ირანის ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით საჰაერო სივრცეში არსებულ სიტუაციაზე. მხოლოდ ამ შემთხვევაში იმოქმედებს ეფექტურად ის ანტისარაკეტო სისტემები, რომელთა შექმნაც აშშ-ს აღმოსავლეთ ევროპაში, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროებთან, თურქეთის ტერიტორიაზე და ისრაელში სურს.

ლაპარაკია თურქეთში ფაზირებულანტენიანი რადიოლოკაციური სადგურის ამოქმედებაზე, რომელიც დროულად აღმოაჩენდა ირანის ტერიტორიიდან გაშვებულ ბალისტიკურ რაკეტებს (ასევე თვითმფრინავებსა და შვეულმფრენებს) და ამ ინფორმაციას უსწრაფესად გადასცემდა ანტისარაკეტო თავდაცვის მართვის ცენტრს, რომელიც, თავის მხრივ, ზუსტ კოორდინატებს მიაწოდებდა ანტისარაკეტო სისტემებს (მაგალითად THHAD-ის ტიპის სახმელეთო მობილურ სარაკეტო დანადგარებს ან ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში მოდრეიფე იმ ამერიკულ სამხედრო ხომალდებს, რომლებზეც Standard-ის ტიპის საზენიტო რაკეტებია განთავსებული).

თუკი თურქეთი გამოირიცხება, საქართველოს ტერიტორიაზე ასეთი რადიოლოკაციური სადგურის განთავსება ტექნიკურად რთული არ არის, მაგალითად, კავკასიონის ქედის სამხრეთ ფერდობზე, კახეთში, ყვარელ-ლაგოდეხის მონაკვეთზე, საიდანაც პირდაპირი ხაზით ირანის ჩრდილოეთ საზღვრამდე მხოლოდ 300 კმ-მდეა, თეირანამდე კი - 800 კმ. კავკასიონის ქედის, როგორც ზღვის დონიდან საკმაოდ ამაღლებული ადგილის, ფაქტორი თავის დროზე საბჭოთა კავშირმა გამოიყენა, როდესაც აზერბაიჯანში, გაბალაში, სწორედ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის მძლავრი ფაზირებულანტენიანი რადიოლოკაციური სადგური ააშენა, რომელსაც 6000-6500კმ სიშორეზე, ინდოეთის ოკეანემდე შეუძლია ამერიკული წყალქვეშა ნავებიდან სტარტაღებული ბალისტიკური რაკეტების დროულად აღმოჩენა.

ჩვენთან ამერიკული ანტისარაკეტო თავდაცვის ფაზირებულანტენიანი რადიოლოკაციური სადგურის განთავსება ყველაზე მომგებიანი იქნება გომბორის უღელტეხილის მიდამოებში, ზღვის დონიდან 1900-2000 მ სიმაღლეზე. საბჭოთა პერიოდში აქ განთავსებული იყო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მძლავრი რადიოლოკაციური სადგურები, რომლებიც NATO-ს წევრი თურქეთის ცაშიც "იჭვრიტებოდნენ" და ირანის საჰაერო სივრცეშიც.

ეს - რაც შეეხება ამერიკელთა ინტერესებს, მაგრამ რამდენად გამოგვადგება ირანისკენ მუდმივად მზირალი რადიოლოკატორი "ფარღალალად" დარჩენილი ქართული ცის გასაკონტროლებლად? პენტაგონმა მუდმივადაც რომ მოგვაწოდოს ამ რადიოლოკატორით მოპოვებული ოპერატიული ინფორმაცია (არადა, ძალიან საეჭვოა ასე მოხდეს), ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა, ვიცოდეთ, რა ხდება სამხრეთ-აღმოსავლეთით. მართალია, კახეთიდან ირანისკენ "მზირალ" მძლავრ რადიოლოკატორს არ გამოეპარება აზერბაიჯანისა თუ სომხეთის ცაში აფრენილი არც ერთი თვითმფრინავი და შვეულმფრენი (მათ შორის - ერევანთან განთავსებული 18 რუსული МИГ-29 ტიპის გამანადგურებელი), მაგრამ ჩვენ ძირითად საფრთხეს მაინც ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან ველით, ამიტომ საქართველოს საჰაერო სივრცის გაკონტროლება ჩრდილოეთით - ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და ჩრდილო კავკასიის მხარეს და ჩრდილო-დასავლეთით - ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით სჭირდება.

ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ფაზირებულანტენიან რადიოლოკაციურ სადგურებს, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რადიოლოკატორებისგან განსხვავებით (რომლებიც ძირითადად შვეულმფრენებისა და თვითმფრინავების აღმოსაჩენად არის განკუთვნილი) უფრო მძლავრი ელექტრომაგნიტური გამოსხივება აქვთ და ისინი რაკეტსაშიში მიმართულების ერთ კონკრეტულ სექტორს მუდმივად უთვალთვალებენ. სწორედ ამიტომ იყო, რომ საბჭოთა ანტისარაკეტო რადარები (მათ შორის - აზერბაიჯანში, გაბალაში) მხოლოდ ერთი მიმართულებით "იყურებოდნენ" და 360 გრადუსით არ ტრიალებდნენ.

თანამედროვე ანტისარაკეტო ფაზირებულანტენიანი რადარები უფრო კომპაქტურია და თავიანთი ღერძის გარშემო ტრიალი შეუძლიათ, ამიტომ ტექნიკურად რთული არ არის, მათი საშუალებით გომბორიდან ირანის მიმართულებაც გაკონტროლდეს და ოკუპირებული ცხინვალისა და გალის თავზე, საშუალო სიმაღლეზეც აღმოვაჩინოთ რუსული საფრენი აპარატები.

უფრო მეტიც, გომბორზე დაყენებულ ასეთ ამერიკულ ანტისარაკეტო რადარს რუსული ავიაციის დაფიქსირება კავკასიის ქედის ჩრდილოეთითაც შეეძლება, ოღონდ არა დაბალ სიმაღლეზე. სწორედ ამ გარემოების გამო ამჟამად ამერიკული ანტისარაკეტო რადარის საქართველოში ამოქმედება წარმოუდგენელი ჩანს.
ალბათ, ყველას ახსოვს, როგორი ხმაური ატეხა კრემლმა, როცა ჯორჯ ბუში-უმცროსის პრეზიდენტობისას პოლონეთი თეთრ სახლს თავის ტერიტორიაზე 10 ანტირაკეტის განთავსებაზე, ხოლო ჩეხეთი ამერიკული ანტისარაკეტო რადარის დამონტაჟებაზე დასთანხმდა.

მოსკოვი ახლო აღმოსავლეთის ამ ორივე NATO-ს წევრ ქვეყანას საპასუხო ქმედებით დაემუქრა და უკვე ასრულებს კიდეც დანაქადებს - კალინინგრადის ოლქში 500 კმ-ზე მოქმედი ბირთვულქობინიანი "ისკანდერის" სარაკეტო სისტემები შეჰყავს.

2008 წლის აგვისტოს ომგამოვლილ საქართველოს რუსული "ისკანდერებით" დიდად ვეღარ შეაშინებ, თუმცა თუკი ჩვენთან მაინც განთავსდა ამერიკული ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ყველაზე "უწყინარი" კომპონენტი - რადიოლოკაციური სადგური, ჩათვალეთ, რომ ის მაშინვე რუსული "ტოჩკებისა" და "ისკანდერების" სამიზნე გახდება.

პრეზიდენტი ობამა, თავისი წინამორბედისგან განსხვავებით, კრემლთან ურთიერთობის "გადატვირთვას" და დაახლოებას ცდილობს, რის გამოც შეაჩერა პოლონეთსა და ჩეხეთში ამერიკული ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის განთავსება. ამიტომ ალბათ, წარმოუდგენელია, ობამას პრეზიდენტობის პერიოდში საქართველოში ამერიკული რადარი დამონტაჟდეს - თეთრი სახლი ჩვენი გულისთვის კრემლს არ დაუპირისპირდება.

2007 წლის 1-ელ მარტს აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სააგენტოს დირექტორმა, გენერალ-ლეიტენანტმა ჰენრი ობერინგმა NATO-ს შტაბბინაში განაცხადა, რომ 2011 წლისთვის დაგეგმილია სამხრეთ კავკასიაში ამერიკული მობილური ანტისარაკეტო რადარის ჩატანა. მართალია, 2008 წლის აგვისტოს ომმა ბევრი რამ შეცვალა, მაგრამ თუკი ამერიკელები დაგეგმილს მაინც განახორციელებენ, მოსალოდნელია, ეს რადარი საქართველოში კი არა, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განთავსდეს.

რჩება კიდევ ერთი გარემოება - თუკი მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატებს რესპუბლიკელებმა სძლიეს და აშშ-ს სათავეში რესპუბლიკელი პრეზიდენტი ჩაუდგა, ბევრი რამ შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს...

ირაკლი ალადაშვილი

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja