WEB-ARMY.TK - The Best Army's Web



ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
"ჭელიძემ მოღალატეები თავისკენ მოიკითხოს"

საქართველოს ყოფილი სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის ყოფილი მოადგილის, ამჟამად ძებნილი ვიქტორ ჭელიძის აღსარებას - "თქვენთან ვაცხადებ პირველად", მკითხველის არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. აფინანსებდა თუ არა ასლან აბაშიძე ელიავას ამბოხებას, რატომ გახდა ამ უკანასკნელის ლიკვიდაცია აუცილებელი მაშინ, როცა ამბოხი ფაქტობრივად ჩახშობილი იყო, იყვნენ თუ არა მაშინდელი მაღალჩინოსნები შეთქმულები პრეზიდენტის წინააღმდეგ, რა ოდენობის თანხა აქვს გაღებული რუსეთს როგორც სააკაშვილის ლიკვიდაციის, ასევე სახელმწიფო გადატრიალებებისთვის, კავშირი აქვს თუ არა ბურუსით მოცულ მკვლელობებს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან?

ამ თემებზე საჯარო საუბარი არავის სურს. ჭელიძის მიერ დასახელებული პერსონებიც ჯერჯერობით არაფერს ამბობენ. ერთადერთი, ვინც ამ საკითხების საჯარო განხილვაზე დაგვთანხმდა, თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი გივი იუკურიძე გახლავთ. შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ჭელიძემ ის გენერალ რომან დუმბაძესთან დაახლოებულ პირად მოიხსენია და ორმაგ თამაშში დაადანაშაულა.

იუკურიძესთან საუბარი იმით დავიწყეთ, თუ რას ემსახურებოდა ფოთისა და აჭარის სანაპიროებზე სამხედრო სწავლებების დაგეგმვა აჭარის ცნობილი მოვლენების წინ, როცა ვითარება დაძაბული იყო, ქართულ ცაზე კი Су-25-ები დაფრინავდნენ.…

გივი იუკურიძე: - სამხედრო სწავლებები არა აჭარის სანაპიროზე, არამედ ფოთის აკვატორიაში დაიგეგმა.

- რამდენად პროვოკაციული იყო ამ სამხედრო სწავლებების დაგეგმვა მაშინ, როცა აჭარის საჰაერო სივრცეში Су-25-ები დაფრინავდნენ?
- პროვოკაციას არ ველოდით, რადგან, როგორც გითხარით, სამხედრო სწავლება ფოთის აკვატორიაში მიმდინარეობდა და აჭარის ტერიტორიაზე არავინ გეგმავდა გადასვლას.

- იმ პერიოდში ერთ-ერთი გემის მეთაური, რომელიც ასლან აბაშიძის ერთგულ პირად ითვლებოდა, მოულოდნელად ცენტრალური ხელისუფლების მხარეს გადავიდა. თქვენი აზრით, იყო იმის საშიშროება, რომ პირიქით, ასლან აბაშიძის მხარდასაჭერადაც გადასულიყვნენ ფოთიდან აჭარაში კატარღები?
- ის ღონისძიებები, რომელთაც მაშინ საქართველოს ხელისუფლება ატარებდა, იყო სწორიც და აუცილებელიც. ის გემი, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების მხარეს გადმოვიდა, უკან აღარ გაბრუნებულა. მგონი, დღესაც მსახურობს იმ გემის მეთაური საზღვაო ძალებში. ჭელიძე ამბობს, რომ ფოთში გადმოსული გემის მეთაური ასლან აბაშიძის ყურმოჭრილი მონა იყო და შეუძლებელია ცენტრალური ხელისუფლების მხარდამჭერი ყოფილიყოო. სინამდვილეში, ეს მხოლოდ მისი ეჭვია. სწორედ ჭელიძე და მისი უახლოესი გარემოცვის წევრები დარბოდნენ აქეთ-იქით, აწყობდნენ გეგმებს, რა უნდა გაეკეთებინათ, რომ თავი გადაერჩინათ. ჯარი ინტრიგებისა და მაიმუნობისათვის შესაფერისი ადგილი არ არის.

- მაგრამ ლაპარაკია კაცზე, რომელიც მაშინ საზღვაო ძალების დაზვერვის უფროსი იყო.
- გამორიცხული არც ის არის, რომ გემები აბაშიძის მხარეს მართლაც გადასულიყვნენ. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ჭელიძემ შეუშალა თუ არა ამას ხელი. თუმცა აბაშიძის მხარდამჭერი გენერლების დაკავებისა და აყვანის მცდელობაზე მისი ლაპარაკი ზედმეტად მეჩვენება. იქ ერთი გენერალი იყო, რომან დუმბაძე, რომლის წამოყვანაც პრობლემას არ წარმოადგენდა.

ჭელიძე ამბობს, რომ მოლაპარაკებას აწარმოებდა ჯემალ გოგიტიძესთან, დუმბაძესა და სხვებთან, შეჰპირდა მათ, რომ შეასრულებდა მათ მითითებებს, აიღებდა ფულს და გადაიყვანდა გემებს აჭარაში; ამბობს, რომ სინამდვილეში ამ ყველაფრის გათამაშება და გენერლების აყვანა უნდოდა, მაგრამ რატომ უნდა გამოგვეცხადებინა მისთვის ნდობა? ვინ იყო ჭელიძე, რომ მოლაპარაკებას აწარმოებდა გოგიტიძესა და აბაშიძესთან? ეს უკანასკნელები რატომ ჩვენ არ გვიკავშირდებოდნენ და რაღა ყოველთვის ჭელიძეს ესაუბრებოდნენ? თუნდაც ძალიან "კეთილშობილური" მიზნით ხუთი გემის აჭარაში გადაყვანა ხელმძღვანელობის უნებართვოდ დიდი ავანტიურა იქნებოდა.

- იმის მიუხედავად, რომ მან კონტრდაზვერვის სამსახურს წინასწარ აცნობა ყველაფერი?
- როგორც ჩანს, ამით თავი დაიზღვია. კონტრდაზვერვამ ისედაც იცოდა, სად და ვის ხვდებოდა ჭელიძე, მაგრამ ვის ჰქონდა გარანტია იმისა, როცა ჭელიძე გემებს გადაიყვანდა და გაუთვალისწინებელი რამ არ მოხდებოდა? ბოლოსდაბოლოს, ან მისი უშუალო უფროსი ზურა ირემაძე, ან მე უნდა ჩავეყენებინეთ საქმის კურსში და არა კონტრდაზვერვის სამსახური.

- მაგრამ ჭელიძე თქვენ არ გენდობოდათ, ზურა ირემაძე კი საქართველოში არ იყო.
- მე და ბატონი დუმბაძე ნათესავები არა ვართ, როგორც ჭელიძე ამბობს. ნათესავი კი არა, ჩემი ძმაც რომ ყოფილიყო, სამსახურებრივ მოვალეობას არ ვანაცვალებდი. კარგად ვიცნობდი. ქართულ ჯარში ყველა ვიცნობდით ერთმანეთს. მისი მეუღლე ერთხელ ვნახე ბათუმში, როცა იქ მივლინებით ვიყავი, ეს იყო და ეს. ის კი, რასაც ჭელიძე მაბრალებს, სამშობლოს ღალატია, მოღალატეები კი თავისკენ მოიკითხოს.

- ფოთიდან ბათუმში კატარღების გადაყვანისა და ჭელიძის გეგმის თაობაზე ინფორმაცია იმხანად კონტრდაზვერვის უფროსმა ზაზა მჭედლიძემ მოგაწოდათ?
- დიახ, რითაც მან თავისი მოვალეობა პირნათლად შეასრულა. ფაქტია ისიც, რომ მე გავეცი ბრძანება, გემები გარეთ არ გასულიყვნენ. სამხედრო ნაწილები გავაძლიერეთ იმისთვის, რომ ჭელიძის გეგმით არ განვითარებულიყო მოვლენები.

- იყო თუ არა ჩოლოქთან ასლან აბაშიძის დაქვემდებარებული შეიარაღებული ძალების ჩასაფრებები და იგეგმებოდა თუ არა სააკაშვილზე თავდასხმა?
- უშიშროების სამინისტროს კომპეტენციაში ვერ შევიჭრები, მაგრამ სეპარატისტული ძალების წარმომადგენლებს მართლაც ჰქონდათ მოწყობილი ჩოლოქგაღმა რამდენიმე საყრდენი პუნქტი, გინდათ ჩასაფრებები დაარქვით მათ და გინდათ სხვა რამ. ფაქტია, ისინი წინააღმდეგობისთვის ემზადებოდნენ. გოგიტიძე ან სხვა ვინმე თუ ამზადებდა პრეზიდენტზე თავდასხმას, არ ვიცი.

- მართლაც მიიყვანეს პრეზიდენტი თუ არა იმ ადგილას, საიდანაც კარგი სამიზნე იქნებოდა ჩასაფრებულთათვის?
- მერედა ვინ შეიყვანა პრეზიდენტი? არსებობს სპეციალური სამსახური, რომელსაც პრეზიდენტის უსაფრთხოებაზე ზრუნვა ევალება. მე მის ფუნქციაში ვერ შევიჭრებოდი. მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად დამთავრდა.

- თქვენი აზრით, რამ განაპირობა ისნის ან მუხროვანის ამბოხებების მარცხი და რა მიზანს ემსახურებოდა?
- მგონი, ამ ამბოხებების მიზანი და ამოცანა უშიშროებამ დაადგინა. მე გამოძიების ვერსიას ვენდობი, სხვა ვერსია ან ინფორმაცია არა მაქვს. კობა ოთანაძე წინა ამბოხებებშიც ფიგურირებდა, ესეც ფაქტია. ერთ რამეს ვიტყვი: როცა სამხედრო ფორმა გაცვია, არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეტრიალდე იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელსაც ემსახურები.

- როგორ მოხდა, რომ თქვენ, როგორც მაშინდელი მთავარი სამხედრო ინსპექციის უფროსს, წინასწარი ინფორმაცია არ გქონდათ ამბოხებებზე?
- ეჭვების საფუძველზე არასოდეს ვლაპარაკობ. ამბოხებებზე ვერა, მაგრამ სხვა თემებზე შემიძლია ლაპარაკი. მაგალითად, გეტყვით, რომ მაქვს შემოწმებული 2002-2003 წლებში თავდაცვის სამინისტროს არასაბიუჯეტო შემოსავლების ხარჯვის კანონიერება. ჭელიძეც ამბობს, რომ ფოთის ერთ-ერთი ნავსაყუდელი გაქირავებული იყო, საიდანაც ყოველდღიურად გადიოდა დიდი რაოდენობის ჯართი, შემოსავალი კი იფლანგებოდა.

ეს აქტშიც შევიტანე, რომელსაც თავის დროზე გრიფი "საიდუმლო" დაედო, თუმცა შემდეგ შესაძლოა მოხსნეს კიდეც. არ ვიცი, ამ დანაშაულებრივ ქმედებებზე პასუხისმგებელი პირები ისევ მუშაობენ თუ არა საზღვაო ძალებში. არ არის გამორიცხული, ზოგიერთი მათგანი ახლა თანამდებობის პირიც არის,…ბევრიც, ალბათ, დათხოვნილია სამსახურიდან.

- ზურა ირემაძე როგორი სარდალი იყო?
- მან თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ დაიწყო საზღვაო საქმის შესწავლა. არ ეზარებოდა წიგნების კითხვა, საზღვაო საქმის ათვისება. ისე, მასაც და მის უახლოეს გარემოცვასაც, ბატონი ჭელიძის ჩათვლით, დიდი ამბიცია ჰქონდათ, ხშირად სრულიად უსაფუძვლო. ზურა ირემაძე, როგორც სამხედრო მოსამსახურე და ორგანიზატორი, მაინც ძლიერი იყო.

- თქვენი ადგილი მას მართლა უნდა დაეკავებინა? ჭელიძე ამბობს, დაიწერა ბრძანება ირემაძის გენშტაბის უფროსად დანიშვნაზე და ის მოულოდნელად გარდაიცვალაო. თქვენ მისი გარდაცვალების შემდეგ მალე გაგათავისუფლეს თანამდებობიდან...
- არაფერი ვიცი ბრძანების თაობაზე. ისე კი, როცა ირემაძე გარდაიცვალა, 5 თუ 6 დღის დაბრუნებული ვიყავი ცხინვალის მისადგომებიდან, ირემაძის ოფიცერთა სახლიდან გამოსვენებას თავადაც დავესწარი. მერე საოპერაციოდ დამაწვინეს, რადგან თრომბი აღმომაჩნდა და სწორედ იმ დროს გამათავისუფლეს თანამდებობიდან, თანაც ისე, რომ ჩემთვის არავის არაფერი აუხსნია. პრეზიდენტმა თქვა თავის საჯარო გამოსვლაში, გივი იუკურიძეს რუსული განათლება ჰქონდა, რაც შეეძლო, გააკეთა, ახლა უნდა შევცვალოთ, გენშტაბის უფროსად სხვა დავაყენოთო.

- იქნებ ისიც აგვიხსნათ, იმხანად ცხინვალის მისადგომებთან რატომ იყავით.
- ოქრუაშვილი მაშინ შს მინისტრი იყო, ჩვენ თავდაცვის მინისტრ გელა ბეჟუაშვილს ვექვემდებარებოდით. ცხინვალის ტერიტორიაზე სტრატეგიული სიმაღლის დაკავება ძალზე საეჭვო ოპერაცია იყო, რომლის დანიშნულებაც დღემდე ვერ გამიგია. ვადასტურებ, ოსები ცდილობდნენ ვითარების გამწვავებას, ჩვენი სამშვიდობო ბატალიონი კი არ პასუხობდა. ნელ-ნელა უფრო დაიძაბა ვითარება და იძულებული გავხდით, ცხინვალის მისადგომებთან შინაგანი ჯარის ქვედანაყოფი შეგვეყვანა. მაშინ ჩვენ სტრატეგიული სიმაღლე არ დაგვიკავებია. წვერიახოზე, რომელიც ცხინვალის თავზეა, ოსები იდგნენ, მათ დაბლა - ჩვენ.

შემოვლით გზას, რომელიც ჩვენს მოსახლეობას ლიახვის ხეობასთან აკავშირებდა, ჯერ შინაგანი ჯარის, შემდეგ თავდაცვის სამინისტროს ბატალიონი იცავდა. შემდეგ ოქრუაშვილმა და მასზე დაქვემდებარებულმა ბატალიონმა დაიკავეს ერთ-ერთი სიმაღლე ჯავის გზაჯვარედინთან. სამხედრო თვალსაზრისით ასეთი სტრატეგიული სიმაღლის აღებას აზრი აქვს მაშინ, როცა შეტევას აპირებ, თუ მეორე დღეს უკან გამოსვლას გეგმავ, ამ ქმედების მიზანი გაურკვეველია. არ ვიცი, იმხანად რა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებდნენ, ბევრი რამ დღემდე ვერ ამიხსნია.

- თავდაცვის სისტემაში ბევრი ისეთი პირი იყო, რომლებსაც რუსეთის სპეცსამსახურები მართავდნენ?
- ამაზე ვერაფერს გეტყვით. დღეს მოდად არის ქცეული აგენტობის დაბრალება. დამიჯერეთ, გამოცდილი, განათლებული ოფიცერი ასეთ ინტრიგებში ცხვირს არასოდეს ჩაყოფს.
ეკა ასათიანი

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja