ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
მორიგი არეულობა ჩრდილოეთ კავკასიაში თუ საბედისწერო გაბრძოლება ფედერაციული რუსეთის წინააღმდეგ?!

ჩეჩნეთის პარლამენტში სროლას მსხვერპლი მოჰყვა; ადიღეში უკვე მერამდენე დღეა, აფეთქებების ხმა ისმის; დაღესტანში რუსულ მილიციასა და ადგილობრივ ბოევიკებს შორის შეტაკებები ჩვეულ მოვლენად იქცა; ინგუშეთში მილიციას ცეცხლი გაუხსნეს; ყაბარდო-ბალყარეთში რუსული სპეცსამსახურების მორიგი ჯგუფი გადასხეს - ასეთია ჩრდილოეთ კავკასიაში შექმნილი ვითარების არასრული სურათი. მსგავსი დაძაბულობა არაერთხელ ყოფილა, თუმცა რუსეთი კავკასიის გასაკონტროლებლად ძალისხმევას არ იშურებდა... ადგილობრივი ანალიტიკოსებისა და პოლიტოლოგების აზრით, "კავკასია არ უნდა დანებდეს, რადგან თუ "გააჩუმებენ", ამჯერად დუმილი მისთვის საბედისწერო იქნება..."

იქ არსებული მოვლენების გადმოსაცემად, ჩრდილოეთ კავკასიის რამდენიმე კოლეგასა და პოლიტოლოგს დავუკავშირდი. საქართველოს ხელისუფლების მიერ სავიზო რეჟიმის გამარტივების შეფასებაც ვთხოვე.
ქემელ დალიევი, დამოუკიდებელი ჩეჩენი ჟურნალისტი:

- გროზნოში რუსეთის ფედერაციის შს მინისტრი, რაშიდ ნურგალიევი იმყოფება და ყველა ცენტრალურ ქუჩაზე სპეცრაზმის ნაწილებია მობილიზებული... ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი ძალაუფლების შესანარჩუნებლად გააფთრებით იბრძვის, ოღონდ ამ ყველაფერს საკუთარი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ აკეთებს, ამიტომ მუდმივად უწევს პირადი დაცვის თანამშრომელთა შეცვლა და ესკორტის გაზრდა... ვერ გეტყვით, თავდაცვის ეს მექანიზმი რამდენად შედეგიანი იქნება, იმიტომ, რომ ჩეჩნეთში მის მიმართ გაღიზიანება ყოველდღიურად მატულობს.

ჩეჩენი ხალხი მას რუსეთის მმართველთა პოლიტიკის გამტარებლად აღიქვამს. მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება მას შემდეგ გაძლიერდა, რაც ოპოზიციონერი დურგალიევის ოჯახზე სასტიკად იძია შური... გასული საუკუნის 90-იანი წლების შემდეგ, ჩეჩნეთში მოძალადე რუსეთის მიმართ ისეთი მასობრივი არეულობა და ძლიერი წინააღმდეგობა არ ყოფილა, როგორიც დღეს არის: ყოველდღიურად ხდება მკვლელობა, აფეთქება, სროლა და ადამიანთა გატაცება. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი იქ არსებულ ყველა სამხედრო ბაზასა და ნაწილს სპეცრაზმის ძალებით იცავს, შეიარაღებული დაჯგუფებები, როგორც მათ რუსული სპეცსამსახურები უწოდებენ - ე.წ. ბოევიკები მაინც ესხმიან მათ თავს... გასულ დღეებში მსგავსი ინციდენტი გროზნოს რამდენიმე მილიციის განყოფილებასა და საჯარისო ნაწილში მოხდა...

- რუსულ პრესაში წერენ, რომ სამართალდამცველები ჩეჩნეთში კრიმინალს ებრძვიან...
- რუსულ პრესაში იმასაც წერენ, რომ ჩეჩნეთსა და დანარჩენ ჩრდილოეთ კავკასიას საქართველო ამარაგებს ამერიკული იარაღით, და ბოევიკები, სააკაშვილის ხელისუფლების დაკვეთით, რუსეთის ცენტრალურ ქალაქებში ტერაქტებს აწყობენ... გჯერათ თქვენ ამისი?!.

იანიდ ილოევი, პოლიტოლოგი, ჩრდილოკავკასიელ ხალხთა ეთნიკური გაერთიანების ორგანიზაციის წევრი:
- რუსოფობია კავკასიაში კარგა ხანია, იგრძნობა და ეს ყველა სფეროზე აისახება. ოქტომბრის პირველ რიცხვებში დაღესტნის დედაქალაქის სტადიონზე, მოსკოვის "სპარტაკსა" და მახაჩყალის "ანჟის" შორის საფეხბურთო მატჩის დროს, რომელსაც რუსეთის ხელისუფლების რამდენიმე მაღალჩინოსანიც ესწრებოდა, გულშემატკივრებს შორის ჩხუბი ატყდა; ის თანდათან, მასობრივ შეტაკებაში გადაიზარდა, რომელსაც მოჰყვა ის, რომ ადგილობრივებმა სტადიონზე გამოიტანეს ბანერი წარწერით: "ჰიტლერი მოკვდა! თქვენ მისი შთამომავლები ხართ და თქვენც მოკვდებით!" დაღესტნელმა სამართალდამცველებმა "ანჟის" გულშემატკივრები ნაციზმში დაადანაშაულეს და იმავე დღეს, ასობით ადამიანი დააპატიმრეს. ბუნებრივია, საფეხბურთო მატჩი ჩაიშალა... ცოტა ხანში, მატჩის გამართვის მცდელობა ისევ სავალალო შედეგით დასრულდა: "სპარტაკის" გულშემატკივრები ამჯერად მახაჩყალის "ომონის" თანამშრომლებმა დაარბიეს და ცეცხლი გაუხსნეს ავტობუსს, რომლითაც ისინი მოსკოვიდან დაღესტანში ჩამოვიდნენ; ორი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე ათეულმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო.

მაშინ რუსულმა სპეცრაზმმა მახაჩყალაში ყველაზე ხანგრძლივი და სასტიკი ოპერაცია ჩაატარა, რომელსაც "დიკაია დივიზია" დაარქვეს. მომდევნო ორი დღის განმავლობაში, გროზნოს ორ რაიონში სისხლისმღვრელი სპეცოპერაციები მიმდინარეობდა. "ომონის" რამდენიმე თანამშრომელი დააკავეს და მათ წინააღმდეგ, განზრახ მკვლელობის მუხლით, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა... 12 ოქტომბერს პეტერბურგში, რუს კოლეგებთან სასაუბროდ მთელი ჩრდილოეთ კავკასიის ექსპერტები იყვნენ მიწვეული. ექსპერტ ხალიდოვის თქმით, თუ რუსეთს ჩრდილოეთ კავკასიაში დაძაბულობის მოხსნა ნამდვილად სურს, მაღალჩინოსნებმა ამ პრობლემის შესახებ არა ერთმანეთთან დუმის კაბინეტებში, არამედ რესპუბლიკის წარმომადგენლებთან უნდა ილაპარაკონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვითარება ბევრად უფრო გაუარესდება.

- ვიცი, რომ იმ შეხვედრისას ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიის გაერთიანებაზეც იყო საუბარი; თქვენ რამდენად რეალურად მიგაჩნიათ, თუნდაც საქართველოსთან უფრო ახლო ურთიერთობის ჩამოყალიბება?
- არსებობს უამრავი ფაქტორი, რომლის გამოც ამ ორი რეგიონის - ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიის გაერთიანებაზე საუბარი ნაადრევია. ამ შემთხვევაში, ჩვენ კონკრეტულად საქართველოზე ვლაპარაკობთ და გეტყვით, რომ ეს ქვეყანა - თავისი გავლენით, საგარეო ურთიერთობებით, საშინაო პოლიტიკითა და სამოქალაქო საზოგადოებით - ბევრად უფრო წინ არის, ვიდრე ჩრდილოეთ კავკასიის ნებისმიერი რესპუბლიკა. მაგალითად, საქართველოს ხელისუფლება ებრძვის რუსეთის გავლენას ევროპასა და კავკასიაში და ნატოში გაწევრებისთვის იღვწის, დაღესტანი კი ჯერ კიდევ საბჭოთა რუსეთის მანკიერ სისტემას ებრძვის და მას სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობისგან ძალიან ბევრი რამ აშორებს...


როცა საქართველომ საბჭოთა რუსეთის კლანჭებს თავი დააღწია, ის სისტემა მაშინ მორყეული იყო, ახლა კი, თავისი ენერგორესურსების მეშვეობით, მისი გავლენის სფეროები ძლიერდება. რაც უფრო მეტი სახელმწიფო გაუწევს რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკას ანგარიშს, მით უარესი იქნება ჩვენთვის... სამწუხაროდ, არაერთხელ მოგვისმენია ევროპელი დიპლომატებისგან, - ჩრდილოეთ კავკასიას ისინი რუსეთის შემადგენლობაში შემავალ, ერთიან რეგიონად აღიქვამენ, რომლის პრობლემების მოგვარება რუსეთის საშინაო პოლიტიკასთან არის გაიგივებული... ასეთ ვითარებაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გამარტივება და თქვენი ხელისუფლების ინიციატივა (ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან პირდაპირ ურთიერთობას ვგულისხმობ), უდავოდ, გაბედული ნაბიჯია. თუმცა რეალურად რა შედეგს მოგვცემს ეს გადაწყვეტილება და შეასრულებს თუ არა რუსეთისთვის პოლიტიკური აღვირის ამოდების ფუნქციას, ამას დრო და კავკასიელ ხალხთა ლიდერების მოქმედება გვიჩვენებს. გარდა ამისა, ამ პროექტის წარმატებულობა იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ეფექტიანად იმუშავებს საქართველოს დიპლომატიური კორპუსი დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში.

- რას გულისხმობთ? რახან საქართველოს ხელისუფლება ამ ინიციატივით გამოვიდა, "გზების გახსნაზეც" თავად უნდა იზრუნოს?
- დიახ, სწორად მიმიხვდით... ამ შემთხვევაში საქართველო კავკასიაში ლიდერის სტატუსს ისევ დაიბრუნებს.
ჰეიდარ ნადალი, ჟურნალისტი, ინგუშეთის სახალხო მოძრაობა "კავკასიელ მთიელ ხალხთა გაერთიანების" წევრი:
- საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო, რუსეთის თავდასხმის, უფრო - ომის შემდგომ სწორად დაგეგმილი პიარის შედეგად ევროპისგან სიტყვიერი, ხოლო ამერიკისგან უფრო ქმედითი მხარდაჭერა მიეღო. ამ სახიფათო თამაშში ზოგჯერ რუსეთი რჩებოდა მოგებული, მაგრამ მეტწილად, მაინც საქართველო იმარჯვებდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენმა ქვეყანამ დიდ ბეწვის ხიდზე გაიარა და რუსეთს დაუმტკიცა, რომ ხელწამოსაკრავი სახელმწიფო როდია.

საერთაშორისო საზოგადოება მას ელაპარაკება და უსმენს... ჩვენ ამ ბეწვის ხიდის გავლა ახლა გვიწევს... ერთი სიტყვით, პარალელებზე საუბარი გამიჭირდება. ევროპას სამხრეთ კავკასია და კასპიის ზღვის რეგიონი სჭირდება, ჩრდილოეთ კავკასიას კი - რუსეთის შემადგენელ ნაწილად მიიჩნევს და ჩვენ შესახებ იმ "გაფილტრული" ინფორმაციით კმაყოფილდება, რომელსაც რუსული სპეცსამსახურები აწვდიან. ასე და ამგვარად, დასავლეთის თვალში, ჩრდილოკავკასიელი ხალხები კი არ იბრძვიან დამოუკიდებლობისთვის, არამედ ამ რეგიონში კრიმინალი მძვინვარებს; სიტყვა "კრიმინალს" კი მშვიდობისმოყვარე ევროპელები ძალიან უფრთხიან.

- ასეთ ვითარებაში, რა პერსპექტივა აქვს თქვენს ბრძოლას?..
- ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს და არც დასაკარგავი გვაქვს რამე. დუმილი ჩვენთვის უკვე საბედისწერო იქნება... ამდენი წლის განმავლობაში ვიბრძოლეთ და მსოფლიოშიც ჩვენზე არსებობს სწორი შეხედულება, - ეს ხალხები იბრძოდნენ და ახლაც იბრძვიანო, - მაგრამ ბევრმა არ იცის, თუ სახელდობრ რა მიზნისთვის ვიბრძვით. ამიტომ, უნდა გავაგებინოთ მსოფლიოს ჩვენი ბრძოლის მიზანი და მიზეზი...

- თუ არსებობს გეგმა, რომელიც ყარაჩაეთ-ჩერქეზეთს, ყაბარდო-ბალყარეთსა და ჩრდილოეთ კავკასიის დანარჩენ რეგიონებს აერთიანებს?
- არა, ჯერჯერობით მსგავსი თანამშრომლობის პროექტი არ არსებობს, თუმცა ვიცი, რომ ამის სურვილი თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს... გავერთიანდებით, თუ რუსეთი იარაღით გააგრძელებს ჩვენი ბრძოლის ჩახშობას. შესაძლოა, ეს ჩრდილოკავკასიელი ხალხების გადასარჩენად გადადგმული უკანასკნელი ნაბიჯი გახდეს... რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების ინიციატივას უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, - თქვენი ახალგაზრდა პრეზიდენტის მხრიდან ეს გაბედული და რისკიანი შემოთავაზება და კავკასიელი ხალხების თუნდაც კულტურულ საფუძველზე გაერთიანებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება. მსგავსი ინიციატივა გვახსოვს გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან - მისი ავტორი, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია იყო, მაგრამ მაშინ, რუსეთის სპეცსამსახურებმა ეს ჩანაფიქრი ჩანასახშივე მოსპეს... ერთი სიტყვით, ყველამ კარგად დაინახა, რომ ჩეჩნეთის გაჩუმებით, მთელი ჩრდილოეთ კავკასია დაზარალდა. წარსულის მწარე გამოცდილებამ ჩრდილოკავკასიელ ხალხებს უკეთესი მომავლისთვის ბრძოლის სტიმული უნდა მოგვცეს... მაშინ საქართველო არ შეეგუა რუსეთის რეჟიმს და შედეგსაც მიაღწია. ისღა დაგვრჩენია, საქართველოს ისტორიის მაგალითით ვიხელმძღვანელოთ...

თემურ ქორიძე, 1991 წლის მოწვევის, საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი:
- 90-იან წლებში ზვიად გამსახურდიამ დააარსა კიდეც იბერიულ-კავკასიური მოძრაობა. თუმცა ეს, არა პოლიტიკური, არამედ კულტურული ხასიათის მოძრაობა იყო. მას არც იმის ილუზია ჰქონდა, რომ საერთო-კავკასიურ სახელმწიფოს შექმნიდა; ასეთი შემთხვევა კავკასიის ისტორიაში არ ყოფილა და, რელიგიური და კულტურული განსხვავებულობის გამო, ალბათ ვერც იქნება... ისე კი თავად ზვიად გამსახურდია იმ წლებში ჩრდილოკავკასიელ ხალხებში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა - მისი ფოტოები ყველა ავტონომიის ქალაქის ცენტრში ჰქონდათ გაკრული და ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა კავკასიაში "დაიბადა" საერთო-კავკასიური ლიდერი... ვერ გეტყვით, რამდენად პერსპექტიული იყო ეს მოძრაობა და არსებობდა თუ არა მისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების საფუძველი, ვინაიდან ამ ხალხებს ახსოვთ ჩვენი მოღალატური საქციელი XIX საუკუნეში, როცა რუსეთი გააფთრებული ებრძოდა შამილს... ჩრდილოკავკასიელები კი იშვიათად ივიწყებენ წყენას... ასეა თუ ისე, 1990-იან წლებში ეს მცდელობა სამწუხაროდ, ჩანასახშივე მოკვდა, ვინაიდან ჩეჩნეთის არაერთგზის აოხრების შედეგად, რუსეთმა მთელი ჩრდილოეთ კავკასიის დამორჩილება შეძლო...

- ახლა მთელ რეგიონში უკიდურესად დაძაბული ვითარებაა; ამ გარემოების გათვალისწინებით, რამდენად მისასალმებელია საქართველოს ხელისუფლების ინიციატივა?
- ეს არის ძალიან იაფფასიანი და პრიმიტიული ავანტიურა. შესაძლოა, ამ "გაბედულ ნაბიჯს" ჩვენთვის სასიკეთო შედეგი არ მოჰყვეს... რუსეთთან კეთილმეზობლური დამოკიდებულება არა გვაქვს და შეიძლება, მან ეს "ჩქმეტა" ჩვენს დასასჯელად გამოიყენოს...

ლალი პაპასკირი

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja