ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
ნახევარი საუკუნე ცხინვალიდან დამიზნებული რუსული რაკეტების შიშით?

მოსკოვი, სოხუმის შემდეგ, სეპარატისტულ ცხინვალთანაც გეგმავს 49 წლით გაერთიანებული რუსული სამხედრო ბაზის ჩამოყალიბებას...

რუსეთის პრეზიდენტმა მედვედევმა გასულ კვირას გასცა ბრძანება, რომ ცხინვალთან მომზადდეს ხელშეკრულება, რომელიც 49 წლით დააფუძნებს საქართველოს ამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაერთიანებულ რუსულ სამხედრო ბაზას.

დიდი გამჭრიახობა არ უნდა იმის მიხვედრას, რომ ცხინვალთან დადებული სამხედრო ხელშეკრულება თითქმის იმის ანალოგიური იქნება, რაც ერთი თვის წინ სეპარატისტულ სოხუმთან დაიდო. ის გუდაუთასა და სოხუმში განთავსებული რუსული სამხედრო ბაზის 49 წლით ფუნქციონირებას გულისხმობს, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ ხელშეკრულება ავტომატურად 15 წლით გაგრძელდება. დასავლეთმა არალეგიტიმურად ცნო მოსკოვისა და სოხუმის ეს ხელშეკრულება, იმედია, მოსკოვისა და ცხინვალის მომავალ შეთანხმებასაც არაკანონიერად მიიჩნევს, პირველ რიგში კი NATO.

თუმცა იმის გამორიცხვაც არ შეიძლება, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბბინაში ბევრად ნაკლები ყურადღება მიაქციონ ცხინვალსა და ახალგორის რაიონებში ნახევარი საუკუნით რუსული სამხედრო ბაზის დაფუძნებას, ვიდრე აფხაზეთში, რადგან გუდაუთიდან გაერთიანებული რუსული სამხედრო ბაზა (მასში შემავალი საავიაციო შენაერთითურთ) უფრო საშიში და ანგარიშგასაწევი ძალაა შავ ზღვაში NATO-ს ინტერესებისთვის.

სამაგიეროდ, ცხინვალის რეგიონში რუსული სამხედრო ბაზის ფუნქციონირება საქართველოს დღევანდელ რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაზე უფრო რეალური ზემოქმედების ბერკეტია მოსკოვის ხელში, ვიდრე გუდაუთაში მდგარი რუსული ტანკები.

ცხინვალთან და ჯავაში დისლოცირებული მე-4 გაერთიანებული რუსული სამხედრო ბაზის პირადი შემადგენლობა 3700 კაცი იქნება და მათ შეიარაღებაში ეყოლებათ ტანკები, თვითმავალი საარტილერიო და საზენიტო დანადგარები. ჯავასთან მოწყობილ შვეულდრომზე ერთდროულად 10-12 საბრძოლო და სამხედრო-სატრანსპორტო შვეულმფრენს შეეძლება განთავსება.

ერთი შეხედვით ეს ციფრები მაინცდამაინც საშიში არ ჩანს, თუმცა რეალურად საქმე უფრო რთულადაა. მართალია, ამ ძალებით (ფაქტობრივად ერთი ახალი ფორმირების ბრიგადით) რუსი ოკუპანტები ვერ შეძლებენ თბილისის აღებას, მაგრამ ეს მის ბაზაზე რუსული სამხედრო ძალების დამატებითი გაძლიერების ძირითადი დასაყრდენი გახდება.

ცხინვალის, განსაკუთრებით კი ახალგორის ოკუპირებული რაიონები რუსეთის გაერთიანებულ სამხედრო ბაზას საშუალებას მისცემს, სერიოზული, მუდმივი საფრთხის წინაშე დააყენოს საქართველოს დარჩენილი ტერიტორიების ერთიანობა და ქვეყნის გამართული რეჟიმით ცხოვრება.

ამ რუსული სამხედრო ბაზისგან მომდინარე საფრთხეები რამდენიმე სახისაა.

პირველი საფრთხე დაკავშირებულია თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალისა და რკინიგზის ხაზის ბლოკირების შესაძლებლობასთან. აგვისტოს ომის დროს უკვე გამოვცადეთ, თუ რას ნიშნავს ორად, აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად გაჭრილი საქართველო.

ახალგორის ოკუპირებული რაიონიდან რამდენიმე ტანკითა და ქვეითთა საბრძოლო მანქანით გაძლიერებულ რუსულ სადაზვერვო ასეულს ამის გაკეთება მართლაც ერთ საათში შეუძლია.

მეორე საფრთხე დაკავშირებულია ენერგომატარებელი მაგისტრალების გადაკეტვა-განადგურებასთან. ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს გამავალი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზებისა და ბაქო-სუფსის ნავთობმაგისტრალის დივერსიული აფეთქებები ქვეყნის ეკონომიკას ძლიერ დარტყმას მიაყენებს.

მესამე საფრთხე, წმინდა სამხედრო თვალსაზრისით, ახალგორში შეტანილი რუსული მსხვილკალიბრიანი და შორსმსროლელი არტილერია (ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების ჩათვლით) სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ქართულ დასახლებულ პუნქტებს.

ამჟამად ჯავასთან, რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე განთავსებული 24 ცალი თვითმავალი საარტილერიო დანადგარის, "აკაციის" 152 მმ კალიბრიანი ჭურვი 17 კმ-ზე შორს მიფრინავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ოკუპირებული ახალგორის რაიონიდან ეს საარტილერიო დანადგარები მისწვდებიან კასპს. "გრადის" ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენების შემთხვევაში 21 კმ-იანი საარტილერიო დაფარვის ზონაში გორი ხვდება, ხოლო "ურაგანის" 220 მმ კალიბრიანი 35 კმ-ზე მფრენი რაკეტები მცხეთასაც მისწვდებიან (აგვისტოს ომის დროს ჯავის რაიონიდან ნასროლი "ურაგანის" რამდენიმე კასეტურქობინიანი რაკეტა ჩამოვარდა გორის რაიონის ქართულ სოფლებში).

მოსკოვს არ გაუჭირდება როკის გვირაბის გავლით ახალგორში რამდენიმე საათში "სმერჩის" ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გადმოსროლა. მაშინ სარაკეტო თავდასხმის საშიშროების წინაშე თბილისიც დგება, რადგან მისი 300 მმ კალიბრიანი რაკეტები 70-90 კმ-ს ფარავენ, ხოლო ახალგორიდან თბილისამდე პირდაპირი ხაზით 50 კმ-მდეა.

მეოთხე საფრთხე უკავშირდება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში შემოტანილ რუსულ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს. დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ ამ რაიონებში განთავსებულია საქვემეხო-სარაკეტო "ტუნგუსკები", თუმცა უფრო მეტ საშიშროებას бук- М1 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები ქმნიან, რომელთა რაკეტებს 35 კმ-ის რადიუსში შეუძლიათ ჩამოაგდონ თვითმფრინავები და შვეულმფრენები. ახალგორიდან 35 კმ რადიუსში ხვდება საჰაერო დერეფანი გორის, კასპისა და მცხეთის ჩათვლით. არადა სწორედ ასე გადის საჰაერო ტრასა, რომლითაც ქართული სამგზავრო და სამხედრო დანიშნულების თვითმფრინავები და შვეულმფრენები დაფრინავენ.

С-300 ტიპის საზენიტო სარაკეტო კომპლექსების ახალგორთან განთავსების შემთხვევაში რუსი ოკუპანტები ქართულ ცას 75 კმ-ის რადიუსში გააკონტროლებენ, ანუ თავისუფლად შეეძლებათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან და მარნეულის საჰაერო ბაზიდან რამდენიმე ასეულ მეტრზე აფრენილი თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების ჩამოყრა.

მეხუთე საფრთხეს შეიძლება ისეთი საშიში სახე არ ჰქონდეს, როგორიც რუსულ "ურაგანს", მაგრამ დაგვერწმუნეთ, ის ბევრად უფრო სახიფათოა, ვიდრე რაკეტები.
ოკუპირებული ცხინვალისა და ახალგორის რაიონებში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გაერთიანებული სამხედრო ბაზის გარდა, შენდება რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურში შემავალი რუსი მესაზღვრეების 21 საგუშაგო და სამხედრო ქალაქი, სადაც იმსახურებს ათასზე მეტი ოკუპანტი, რომლებიც, დროთა განმავლობაში, საქართველოს ადმინისტრაციული საზღვრების სახელმწიფო საზღვრებად გადაქცევას ეცდებიან. ამისთვის ისინი "საზღვრისპირა" რაიონებში ადგილობრივ ქართველ და ოს მოსახლეობაში დაიწყებენ აგენტურულ მუშაობას, მათ გადაბირებას, აგენტურულ-სადაზვერვო ქსელების შექმნას. ეს "მეხუთე კოლონა" საქართველოს მომავლისთვის რუსულ სატანკო კოლონაზე ბევრად სახიფათო იქნება...

ამ სტატიით არავის დაშინებას არ ვცდილობთ. მკითხველი მიხვდება, რომ თუკი აფხაზეთში მსხვილი სამხედრო ბაზის შექმნით რუსეთი ცდილობს დაუპირისპირდეს შავი ზღვის აკვატორიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოებას, ცხინვალის რეგიონში (განსაკუთრებით კი ოკუპირებულ ახალგორში) დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზა დამოკლეს მახვილივით დაეკიდება საქართველოს, კერძოდ კი თბილისის თავზე.
ირაკლი ალადაშვილი

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja