აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ 2012 წლის სამხედრო ბიუჯეტის წინასწარი პროექტი წარმოადგინა. თუკი კონგრესში შეტანილი ეს დოკუმენტი უცვლელად დამტკიცდება, მომავალ წელს პენტაგონის მთლიანი ხარჯი 670.6 მლრდ დოლარი იქნება. ამ თანხიდან 117.6 მლრდ დოლარი უცხოეთის სამხედრო ოპერაციებზე დაიხარჯება.
სამხედრო ბიუჯეტის წინასწარ ვერსიაში, 113 მლრდ დოლარი სამხედრო ტექნიკისა და ახალი ტიპის შეიარაღების ყიდვისთვის არის გათვალისწინებული. 75.3 მლრდ დოლარი განკუთვნილია სადაზვერვო სამუშაოს შესრულებისთვის, ახალი ტიპის საბრძოლო იარაღის გამოცდა-შეფასებისთვის. გარდა ამისა, 204.4 მლრდ დოლარის დახარჯვა სამხედრო ოპერაციების ჩატარებაზე და უკვე არსებული შეიარაღების მომსახურებაზე იგეგმება. 13.1 მლრდ - სამხედრო მშენებლობებზე, 142.8 მლრდ - სამხედრო პერსონალისთვის თანხის გადახდაზე და 1.7 მლრდ სამხედრო მოსამსახურეების საბინაო მშენებლობაზე დაიხარჯება.
პენტაგონის საიტზე გამოქვეყნებული სამხედრო ბიუჯეტიდან ჩანს, რომ 2012 წელს პენტაგონი გააგრძელებს უპილოტო საფრენი აპარატების (დაფინანსება 4.8 მლრდ დოლარი), ვერტმფრენების (10 მლრდ დოლარი), გამანადგურებლების (9.7 მლრდ ) და ასევე ახალი ხომალდების (19.9 მლრდ) მშენებლობას.
უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ის 2011 წლის სამხედრო ბიუჯეტი კონგრესს ჯერ არ დაუმტკიცებია. 2011 წლის სამხედრო ბიუჯეტის თავდაპირველ ვარიანტში პენტაგონი 678 მლრდ დოლარს ითხოვდა, თუმცა კონგრესმა თანხა 667.7 მლრდ დოლარამდე შეამცირა. ხარჯების ნაწილობრივი შეკვეცა, სამხედრო პროგრამების შემცირებასთანაა დაკავშირებული. უახლოეს 5 წელიწადში აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო 100 მლრდ დოლარამდე თანხის დაზოგვას გეგმავს.
მომზადებულია armytimes.com-ის მიხედვით.