რუსული სამხედრო ტექნიკითა და იარაღით ვაჭრობამ ბოლო 10 წლის განმავლობაში 60 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსის" ცნობით, "რასაბარონექსპორტის"გენერალური დირექტორის ანატოლი ისაიკინის თქმით, 2000-2010 წლებში სამხედრო-საბრძოლო ტექნიკის საზღვარგარეთ გაყიდულმა თანხამ 60 მილიარდ აშშ დოლარს უკვე გადააჭარბა. გაყიდული იარაღის 80 პროცენტი სახელმწიფო საწარმოების მიერ არის დამზადებული.
ისაიკინის თქმით, ყოველწლიურად იარაღის ექსპორტი 500-700 მილიონი დოლარით იზრდება. მიმდინარე წელს იარაღის ექსპორტმა შესაძლოა, 10 მილიარდ დოლარს გადააჭარბოს.
მისივე ინფორმაციით, თუ ადრე რუსულ სამხედრო-საბრძოლო ტექნიკას, ძირითადად, ინდოეთი და ჩინეთი ყიდულობდა, დღეის მდგომარეობით, რუსულ იარაღისა თუ ტექნიკის ექსპორტი 70 ქვეყანაში ხდება.
მსოფლიო ბაზარზე რუსულ სამხედრო-საბრძოლო ტექნიკაზე მოთხოვნათა შორის პირველ ადგილზე საავიაციო ტექნიკაა, მეორეზე - ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ტექნიკა, ხოლო მესამე ადგილზე სახმელეთო ჯარებისთვის საჭირო შეიარაღება სახელდება.
"ინტერპრესნიუსი"