ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
თავგანწირვით გაოგნებული მტერი და წინასწარმეტყველური ლექსები
ქართველებმა ბოლო დროს იმდენი ცოდვა ჩავიდინეთ, ისე დაუზოგავად ვღვარეთ ერთმანეთის სისხლი და ისე უსინდისოდ ვყიდეთ საკუთარი მიწა-წყალი, რომ მეგონა, უფალი დაგვსჯიდა და სამასი არაგველისა თუ ცხრა ძმა ხერხეულიძის მსგავსი გმირების გვერდით ცხოვრების ღირსად აღარ გაგვხდიდა, მაგრამ შევცდი. უფალი მოწყალეა.

ქვეყანას გაუჭირდა თუ არა, გმირებიც მაშინვე გამოჩნდნენ. მართალია, აგვისტოს ომის დროს ხელისუფლებაში მყოფი პირების დიდი ნაწილი საქართველოდან თავქუდმოგლეჯილი გარბოდა, მაგრამ სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებულმა, რიგითმა ჯარისკაცებმა სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე იბრძოლეს, თანაც ისეთი თავგანწირვით, რომ მტერიც კი თანაგრძნობის ცრემლებით აატირეს.

”ჩვენი მეთაური 12 ქართველი ჯარისკაცის ცხედართან დიდხანს, მდუმარედ იდგა, მერე ამოიოხრა, ხმამაღლა მხოლოდ ეს თქვა - ასეთი ბიჭები რომ მყოლოდაო... სიტყვა აღარ დაასრულა, ისე ჩაჯდა მანქანაში”, - ეს რუსი სამხედრო მოსამსახურის, საშა დროზდოვის მონათხრობის ნაწყვეტია, რომელიც მან გაზეთ ”კვირის პალიტრის” ჟურნალისტს გაუზიარა. საშამ ამბის თხრობა ასე დაიწყო: ”რაციით გადმოგვცეს, რომ ცხინვალის გასასვლელში ჩვენს ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს. დახმარება იყო საჭირო. სასწრაფოდ ჩავსხედით მანქანებში. გასასვლელთან რომ მივედით, ჩვენების საქმე ძალიან ცუდად იყო. ქართველები თავის აწევის საშუალებას არ აძლევდნენ. მიცვალებულიც ბევრი ჰყავდათ და დაჭრილიც. ესენი ვინ არიან, ეშმაკები თუ ადამიანები? - ყვიროდა მეთაური, - უკვე საათია, ასეთ დღეში ვართო. 15 წუთში კიდევ ერთი ჯგუფი წამოგვეშველა თავისი ტექნიკით. ნახევარსაათიანი ბრძოლის შემდეგ ყველაფერი დამთავრდა. ამის გახსენებაც არ მინდა... როგორც გავიგეთ, მხოლოდ თორმეტი ქართველი გვებრძოდა, მხოლოდ თორმეტი! მათგან ცოცხალი არავინ დარჩა, ვინც ჩვენს ტყვიებს გადაურჩნენ, თავად მოისწრაფეს სიცოცხლე”.

მიხეილ დვალიშვილი, მალხაზ აბაშიძე, ამირან შაინიძე, ალექსანდრე ონიანი, რუსლან წულაძე, ზვიად კაცაძე, ილია გაბუნია, რომან ზოიძე, კახა კოშაძე, ემზარ წილოსანი, ფელისა კაკაურიძე, ვეფხია ჯიშკარიანი - ეს იმ ბიჭების სახელებია, რომლებმაც სამშობლოსთვის დაუფიქრებლად გასწირეს თავი.

ბიჭების მამაცობით გაოგნებულმა მტერმა მათ აღარც იარაღი აჰყარა, არც ფეხსაცმელი გახადა და არც მობილურ ტელეფონებს ახლო ხელი. შინ მისვენებული ერთ-ერთი გმირის - მიხეილ დვალიშვილის მშობლებმა კი, მის სხვა პირად ნივთებთან ერთად, ჯიბეში ქაღალდის ნაგლეჯებზე დაწერილი ლექსები იპოვეს. აი, რამდენიმე სტრიქონი მეომრის ნაწერებიდან:

”ჩვენ ვართ კაცები, არ ვართ ლაჩრები, გულისკაცები და ვაჟკაცები”;
”ერთი ყუმბარა გვერდით თან გვიდევს, სიკვდილის შიში ვერ აგვატირებს.
ბევრი ვიყავით, ერთი სამარე თხილის გულივით გავინაწილეთ” ...

დავით და მედიკო დვალიშვილებს ჩემი კოლეგის, გელა კორძაძის დახმარებით მივაგენი და რედაქციაში მოვიწვიე.

- ბატონო დავით, როგორც ცნობილია, ეს ბიჭები მტრის პირისპირ მაშინ აღმოჩნდნენ, როდესაც ქართულ არმიას უკვე ცეცხლის შეწყვეტისა და უკან დახევის ბრძანება ჰქონდა მიღებული. ხომ არ იცით, სინამდვილეში რა მოხდა?

- მიშიკო სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედრო-საინჟინრო ასეულში მსახურობდა. ცეცხლის შეწყვეტისა და პოზიციების დატოვების ბრძანება ჩემი შვილის ასეულსაც ჰქონდა მიღებული. ტელეფონით ველაპარაკე და მითხრა, რომ უკვე ცხინვალიდან გამოდიოდნენ. ნახევარ საათში ისევ დავურეკე, მაგრამ აღარ მიპასუხა. მის თანამებრძოლს დავუკავშირდი, რომელმაც მითხრა: რუსებმა დაგვბომბეს, მიშიკო გადარჩა, დავინახე, დანგრეული შენობისკენ გარბოდაო. როგორც მოგვიანებით გავიგე, რუსულ ავიაციას უკანდახეული ბიჭები დაუბომბავს. რამდენიმე, ადგილზევე დაღუპულა, ზოგი გამოქცეულა, ეს თორმეტი ბიჭი კი ცხინვალისაკენ მიბრუნებულა. შინდისის გზაზე ადგილობრივ გლეხებს შეხვედრიან, რომლებსაც გაუფრთხილებიათ, მაგ მხარეს ნუ მიდიხართ, რუსები არიანო. რუსები რას დაგვაკლებენო! - ასე უთქვამთ მათ...

რამდენიმე კვირის წინ იმ ადგილის მოსანახულებლად წავედი, სადაც ბიჭები დაიღუპნენ. შინდისელებს მათთვის ძეგლი აუგიათ. რომ გაიგეს, ვინ ვიყავი, მოვიდნენ, მომისამძიმრეს და ყველაფერი დაწვრილებით მიამბეს. სოფელში დარჩენილ მოხუცებს თავიანთი თვალით უყურებიათ ჩვენი შვილების თავგანწირული ბრძოლისათვის. ვიდრე ტყვიები არ გაუთავდათ, თურმე რუსებს შავ დღეს აყრიდნენ. მერე ყვირილი დაუწყიათ, - იარაღი მოგვაწოდეთო! ვინ მიაწვდიდა?.. ვინც დაიხოცა - დაიხოცა, ვინც არა და თავი აიფეთქა. ალექსანდრე ონიანს თავისი დაჭრილი ნათლული გულში ჩაუხუტებია და ისე გაუხსნია ”ლიმონკა”. გლეხები მიყვებოდნენ, ყვიროდა - ტყვედ არ ჩაგბარდებით, არც ჩემს ნათლულს დაგანებებთო. შინდისელებმა ისიც მითხრეს, რომ რუსული ბატალიონის მეთაური ბიჭების ცხედრებთან მისულა, ქუდი მოუხდია და რამდენიმე ხანს ასე მდგარა. ვერ იჯერებდნენ, რომ მთელ ბატალიონს მხოლოდ თორმეტი კაცი ებრძოდა. მიშიკო სახლში რომ მომიყვანეს, ყველაფერი თან ჰქონდა, იარაღიც, ჯავშანჟილეტიც და მობილური ტელეფონიც. გულზე ცარიელი ”რაჟოკი” ეკიდა. ყველა ტყვია მტერს დაადუღა, იმათ კი მკვდარსაც ვერ აჰყარეს იარაღი.

მედიკო: - ზოგმა საბრძოლო ტექნიკა მტერს ჩააბარა და გამოიქცა. ჩემმა შვილმა მკვდარმაც არ დათმო თავისი იარაღი. მიკვირს, საიდან შეიყარა თორმეტი ერთნაირი აზროვნების ბიჭი! ყველამ ერთად როგორ გადაწყვიტა, რომ მტრისათვის თავი შეეკლა?! მიშიკოს ჩემმა ძმამ დაურეკა და უთხრა: ბიძია, რუსებს ჩვენ ვერ მოვერევით, დაყარე იარაღი და გამოიქეციო. კინაღამ გადაგვერია: მაგას როგორ მეუბნებით, ბიჭები როგორ დავტოვო და ჩემი მიწიდან რუსებს გამოვექცეო?! 7-იდან 10 აგვისტომდე იარაღი ხელიდან არ გაუგდია.

დავითი: - მის ნალაპარაკებს ახლა ვიხსენებ და ვხვდები, რომ ბრძოლაში სიკვდილი ჰქონდა გადაწყვეტილი. ერთხელ ნაწილში ჩავაკითხე. გახარებული შემეგება - მამა, მღვდელმა გვაზიარა, აწი არაფრის მეშინიაო. მერე იქვე მდგარ კაპიტანს, ვეფხია ჯიშკარიანს მიესალმა და გაეხუმრა: ვეფხია, ხომ ხარ შავიო? - მერე რაო? - კითხვა შეუბრუნა ჯიშკარიანმა. ჩემმა შვილმა უპასუხა: დრო მოვა და ორივე ერთ ფერზე დავდგებითო. სამწუხაროდ, ძალიან მალე ასრულდა მისი სიტყვები. დღეს არც ერთი აღარაა ცოცხალი.

მედიკო: - ომის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე სახლში იყო. ვთხოვდი: დედა, თავს მიხედე, რამე არ მოგივიდეს, არ დამღუპო, სიკვდილთან გაქვს კონტრაქტი გაფორმებული-მეთქი. რა მითხრა, იცით? - რაო, დედა, შენ არ გაქვს სიკვდილთან კონტრაქტი დადებული?.. ყველა სიკვდილის შვილები ვართ, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ როდის მოვკდებითო?!. არ მინდოდა, ჯარში წასულიყო, მაგრამ თვითონ ჰქონდა ამოჩემებული ეს პროფესია. ამბობდა, ეს ყველაზე ვაჟკაცური საქმეა, თან ქვეყანას სწორედ ახლა ვჭირდებითო. უცნაური ბიჭი იყო, ძმაკაცებიც თავისნაირები ჰყავდა. სულ ვაჟკაცობასა და სასახელო ბიჭობაზე ლაპარაკობდნენ. რესტორნებში მოქეიფეებს ხშირად ჰკილავდნენ, - ვითომ ეგენიც კაცები არიან და ჩვენცო?! დავითისა და თამარის პორტრეტს თვალს ვერ ვუსწორებთ, გვრცხვენია, დღეს ასეთი საქართველო რომ გვაქვსო... თუ წინააღმდეგი არ იქნებით, მისი ლექსიდან ერთ სტროფს წაგიკითხავთ:

”ცოტა არ იყოს, სააკაძის ხმლის მეხათრება.
თვალს ვერ ვუსწორებ თამარ მეფის უწმინდეს პორტრეტს.
ჩვენს საქართველოს ამგვარად ყოფნა არ ეკადრება”.

მიშიკო ამბობდა, - ყველა ორფეხა, კაცი კი არაა, მასე ქათამიც ხომ ორი ფეხით დადისო. ერთი ლექსი აქვს ასეთი:
”ვენდო? ვით ვენდო, ვის ვენდო,
რამ დამიამოს იარა?
ვენდო? რად ვენდო მომავალს?
ვითომ ქართველი რომაა, არის
ქართველი კი არა?
თამაშობს ქართველობანას”.

ჩემი ბიჭის ლექსი შეიძლება, შედევრი არ იყოს, მაგრამ გულიდან ამოსული, ნაღდი სიტყვებია. უნივერსიტეტი რომ დაამთავრა, ასე მითხრა: აი, დედა, ხომ გინდოდა ჩემი დიპლომის ნახვა, ახლა მოგიტან, დაგიდებ სახლში და უყურე, რამდენიც გინდა, მე მაინც ჯარში წავალო. თავიდან სამხედრო აკადემიაში უნდოდა ჩაბარება, მაგრამ გულის იშემია ჰქონდა და ”დაბრაკეს”.

- საკონტრაქტო სამსახურში ამ მიზეზის გამო პრობლემები არ შეექმნა?

დავითი: - შეექმნებოდა, ექიმი 50 ლარად რომ არ მოესყიდა.
მედიკო: - საქართველოს ისტორია შესანიშნავად იცოდა. აფხაზეთზე ხშირად ლაპარაკობდა. ერთი ასეთი ლექსი აქვს:

”თუ გადავხედავთ საქართველოს
უმდიდრეს წარსულს,
ქვეყნის აწყმოზე ბევრი
კითხვა დაგვებადება,
რად გაღარიბდა საქართველო,
მისი მთა-ბარი,
მის მთლიანობას საზღვრის
ბზარი რად ეკადრება?”

- ლექსების წერა როდიდან დაიწყო?

- სკოლის მერხიდან. ხატავდა კიდეც. იმდენი ნახატი ჰქონდა, ერთ გალერეას გაავსებდა, მაგრამ სახლი დაგვეწვა და ყველაფერი ცეცხლმა შთანთქა. მხოლოდ ის ლექსები და ნახატები გადარჩა, რომლებიც მიშიკოს სხვებისთვის ჰქონდა ნაჩუქარი. ზოგი ლექსი, საცოდავს, ცხინვალის ომშიც დაუწერია. ნახეთ, კიდევ რას წერდა. აკანკალებული ხელით, დაკუჭული, სისხლითა და ოფლით გაჟღენთილი ფურცელი მომაწოდა:

”მე მონატრების სადღეგრძელო
მინდა დავლიო,
დამეთანხმება, მონატრების ვინც იცის ფასი,
ვინც შეხვედრია მონატრების
ცრემლით საღამოს
და ამ ცრემლებით ავსებული შეუსვამს ყანწი”.

ერთ ლექსში იმასაც ამბობს, - ათ კაცზე ერთი ვიბრძოდითო. ზუსტად ასე არ გამოვიდა? 12 კაცი 200 კაცს გაუმკლავდა: როგორც შინდისელმა გლეხებმა გვითხრეს, რუსებს ორი ”კამაზით” გაუყვანიათ თავიანთი დახოცილი ჯარისკაცები!.. ვეფხვივით იბრძოლა ჩემმა ბიჭმა. ჩემი და ჩემი ქმრის ბრალია მიშიკოს სიკვდილი. ერთხელ ვუსაყვედურე, დედა, რატომ ხარ ასეთი უცნაური, სულ ომზე რატომ ლაპარაკობ-მეთქი? მიპასუხა: რა ვქნა, დედი, თქვენ გამზარდეთ ასეო. მართალი იყო. დავითიც სამხედროა, საქართველოს გაერთიანებაზე ოცნებობდა, სულ აფხაზეთი და ცხინვალი ეკერა პირზე.

დავითი: - ძმა და ძმისშვილიც სამხედროები მყავს. მთელი ოჯახი საქართველოს ვემსახურებოდით. ჩვენთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინ იქნებოდა ქვეყნის პრეზიდენტი, იქ ვიბრძოდით, სადაც საჭირო იყო. ეროვნული გვარდია შეიქმნა თუ არა, მაშინვე მის რიგებში ჩავეწერე. ახლა ჯარი კარგად არის შეიარაღებული. ჩვენ არც საჭმელი გვქონდა და არც - იარაღი. ფორმებსაც თავად ვყიდულობდით. ხელფასზე ლაპარაკიც კი არ იყო. ასეთ ჯარში 12 წელი ვიმსახურე, აფხაზეთში ბოლომდე ვიბრძოლე და 2004 წელს შემცირების დროს გამიშვეს.

- რა მიზეზით?

- ასაკოვანი ხარო, მითხრეს და შტატგარეშე დამტოვეს. აგვისტოს ომი რომ დაიწყო, რეზერვში წასვლა მინდოდა, სხვა თუ არაფერი, ერთ ტყვიას მაინც გავაცივებდი, მაგრამ იქაც არ გამიშვეს: 46 წლის ხარ და წესით, პოლკოვნიკი მაინც უნდა იყოო. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს... აფხაზეთში საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე. ჯერ კიდევ 1993 წელს გავხდი უფროსი ლეიტენანტი. ოქრუაშვილს რომ არ გამოვეშვი, აქამდე კაპიტანი ვიქნებოდი. ისე, ”ზვანიაზე” არასოდეს მიფიქრია. მართლა გულწრფელად ვიბრძოდი. ძველი მეომრები, ზოგიერთებივით, მტერს არასოდეს გამოვქცევივართ. მიუხედავად იმისა, რომ 900 ფორმირებად მაინც ვიყავით დაშლილები და ხშირად ერთმანეთსაც ვექიშპებოდით, მაინც მაგრად ვიბრძოდით.

ჩვენ ომი არ წაგვიგია, მაშინაც მინისტრებმა და მაღალჩინოსანმა სამხედროებმა შეგვარცხვინეს. ერთსა და იმავე სოფელს ან სტრატეგიული დანიშნულების ობიექტს რამდენჯერმე ვიღებდით, მაგრამ ჩვენი ხელძღვანელობა ისევ უკან გვაბრუნებდა და სიმწრით აღებულ პოზიციებს გვათმობინებდა. ბოლოს, როდესაც საჰაერო და სასაზღვრო პოზიციებიც დავიკავეთ და გზაც ჩვენი კონტროლის ქვეშ მოვაქციეთ, შევარდნაძის ბრძანებით, იარაღი და ტექნიკა ჩამოგვართვეს და უკან გამოგვიყვანეს. მაშინდელმა ხელისუფლებამ აღიარა, რომ შეცდა. ამათმაც აღიარეს, მაგრამ რაღა დროსია?!

მედიკო: - არ ჯობდა, თავიანთი შეცდომები მანამდე ეღიარებინათ, ვიდრე ჩვენი შვილების სიცოცხლეს შეიწირავდნენ?!.

- ხომ არ ნანობთ, რომ შვილს სამშობლოსადმი დიდი სიყვარული ჩაუნერგეთ?

- არა, შვილო, არ ვნანობ. მაგრამ მის სიკვდილს ვერ ვეგუები. რომ შემეძლოს, თავადაც წავიდოდი ომში. მე რომ ცხინვალში მეცხოვრა, იქიდან ცოცხალს ვერ გამომიყვანდნენ. ჩემი თეონა (ერთი გოგონაღა დამრჩა) ბიჭი რომ იყოს, ისიც ჯარისკაცი იქნებოდა. სულ მეჩხუბება: ნუ ტირი, გმირის დედა ხარო. თვითონ კი, ჩუმად იპარება ძმის საფლავზე და ისე ტირის...

- მიშიკო თავისი ოცნებების შესახებ თუ გიყვებოდათ ან შეყვარებული თუ ჰყავდა?

- როგორ არ ჰყავდა, შვილო, ოქტომბერში ცოლის მოყვანას აპირებდა. ბინის ყიდვა უნდოდა. მრავალშვილიან მამობაზე ოცნებობდა. ამბობდა, ნამდვილი ქართველი ვაჟკაცები უნდა გავზარდოო. ჩემი შვილის ოცნებებს შევხაროდი. ახლა ჩემი ერთადერთი ნუგეში - ეკლესიაში სიარულია. უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს, რომ შვილის დატირების საშუალება მომეცა: სამღვდელოების წარმომადგენლებმა გამოიყვანეს მიშიკო ცხინვალიდან. 25 დეკემბერს თბილისში უწმინდესისათვის მადლობის სათქმელად ჩამოვედი. გულში ჩამიკრა და ერთად ავტირდით, მერე ჯვარი მაჩუქა, რომელიც ახლა ჩემი ოჯახის ყველაზე ძვირფასი რელიკვიაა.

- ხელისუფლების წარმომადგენლები თუ მოვიდნენ თქვენს სანახავად?

- კი, მოვიდნენ. ფულიც გვაჩუქეს, მაგრამ შვილს მთელი საქართველოს წონა ოქრო ვერ შემიცვლის. ერთადერთი, რასაც ამ ხელისუფლებისგან ვითხოვ, მიშიკოს ლექსების კრებულის გამოცემაა. ამ ლექსებს ჯარისკაცები მაინც წაიკითხავენ და გულზე მალამოდ მოედებათ... მინდა, ყველა შვილმკვდარ დედას სამძიმარი ვუთხრა. მე კიდევ რა მიჭირს, მიშიკოს საფლავი მაინც მაქვს, ზოგს შვილის ძვლები ენატრება...

როდესაც ჯარისკაცის ლექსებს ვკითხულობდი, თვალში ერთი ფრაზა მომხვდა - ”რა გავაკეთე, არაფერი და ამ არაფერს ცხოვრება მიშლის”. პარადოქსია - ასე ფიქრობდეს 22 წლის ჭაბუკი მაშინ, როდესაც ზოგიერთები თავიანთ არსებობასაც კი ისე გვაყვედრიან, კაცი ვერ მიხვდება, რას გვემართლებიან...
ქალბატონმა მედიკომ და ბატონმა დავითმა მადლობა გადამიხადეს თანაგრძნობისათვის და ბოდიში მომიხადეს იმ ცრემლებისთვის, რომლებსაც მათი ნაამბობის გამო დიდხანს ვერ ვიკავებდი. მე კი მგონია, რომ ამ ადამიანებისთვის მადლობაც გვაქვს სათქმელი ასეთი გმირის აღზრდისათვის და ბოდიშიც, რომ მათი შვილების მსგავს ვაჟკაცებს სათანადოდ ვერ ვაფასებთ.

P.S. ვანის რაიონის სოფელ მუქედის გამგეობის ინიციატივით, მიხეილ დვალიშვილის სახლთან ახლოს, მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის მშენებლობის ფონდი შეიქმნა. მასში გარკვეული თანხის გადარიცხვის მსურველებს ვაცნობებთ რეკვიზიტებს: სახალხო ბანკი (ვანის ფილიალი), საბანკო კოდი 220101454, მიმღების ანგარიში 36080142. ამ წერილის ჰონორარიც აღნიშნული ფონდის ანგარიშზე გადაირიცხება.

http://www.ambebi.ge...i-leqsebi-.html

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja