WEB-ARMY.TK - The Best Army's Web



ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
თვრამეტი დაჭრილი ქართველი ავღანეთში?

თავდაცვის სამინისტრო საზოგადოებას უმალავს, რამდენი ქართველი სამხედრო დაიჭრა ავღანეთში

5 სექტემბერს ავღანეთის პროვინცია ჰილმენდში საბრძოლო შეტაკებაში ქართული არმიის ლეიტენანტი მუხრან შუკვანი რომ არ დაღუპულიყო და მხოლოდ დაჭრილიყო, ჩვენი საზოგადოებისთვის ეს დიდხანს საიდუმლოდ დარჩებოდა. ამის თქმის საფუძველს ის გვაძლევს, რომ თითქმის ორი თვით ადრე თალიბების თავდასხმის გამო ხუთი ქართველი სამხედრო დაიჭრა, მათგან ერთი მძიმედ. ეს საჯაროდ არც მთავარ სამხედრო უწყებას განუცხადებია, არც იმ "დამოუკიდებელ" ტელეკომპანიას, რომელიც შევარდნაძის დროს ქართველი ჯარისკაცის ერთ დაცემინებაზეც კი ქვეყანას შეყრიდა, ისეთ სიუჟეტს გაუშვებდა ეთერში.

"კვირის პალიტრამ" არაოფიციალური წყაროებით შეიტყო, რომ ამ საბრძოლო ინციდენტის დროს თალიბების ნაღმსატყორცნის ნაღმი ჰილმენდის პროვინციაში დაბანაკებული 31-ე ბატალიონის ერთ-ერთი დანაყოფის მებრძოლებს პირდაპირ კარავში ჩაუვარდა და ხუთი სამხედრო დაიჭრა. მათგან ერთ-ერთმა სახის ძლიერი დამწვრობა მიიღო და ერთი ზედა კიდურიც დაკარგა. ის ახლა გერმანიაში მკურნალობს.

სავარაუდოდ, 5 სექტემბერს კაპრალ გითოლენდიას გარდა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიჭრა მსუბუქად, სხვა ინფორმაციით კიდევ ერთი ჯარისკაცი - მეორე დღეს.

ავღანეთიდან მოსულ არაოფიციალურ ინფორმაციას თუ ვენდობით, მას შემდეგ, რაც ავღანეთში ქართული სამშვიდობო კონტინგენტი გაიგზავნა, დაახლოებით 18 ქართველი სამხედრო დაიჭრა და ერთი დაიღუპა.

ჩვენ არ შეგვიძლია ამ შემაშფოთებელი ინფორმაციის დადასტურება ან უარყოფა, ეს თავდაცვის სამინისტროს საქმეა, რომ ათასნაირი ჭორ-მართალი არ გავრცელდეს. თუკი თავდაცვის სამინისტრო და ხელისუფლება გააგრძელებენ ავღანეთში მომხდარი ინციდენტების დამალვას, საზოგადოების დიდ ნაწილს უფრო ნეგატიურად განაწყობენ ავღანეთში ქართული სამხედრო მისიისადმი.

ყველა ჩვენგანმა იცის, რომ ავღანეთში ანტიპარტიზანული საბრძოლო მოქმედებებია და ამ სასტიკ ომში დაშავება და სამწუხაროდ, დაღუპვაც არ არის გამორიცხული. ქართული სამხედრო კონტინგენტის მუდმივი ზრდით კი საქართველოს ხელისუფლება კიდევ უფრო ზრდის ტრაგიკული შემთხვევების ალბათობას.

დავიცავთ თუ არა სამშობლოს ავღანური გამოცდილებით?

ქუთაისში კადეტთა სამხედრო ლიცეუმის გახსნის ცერემონიაზე საქართველოს პრეზიდენტმა ბრძანა, რომ ავღანეთში ქართველი სამხედროები ეცნობიან თანამედროვე სამხედრო ტექნიკას და ბრძოლის თანამედროვე ხელოვნებას და ამითაც არის გამართლებული ქართული სამხედრო მისია ავღანეთში.

ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, ერთი მხრივ, მართალია, რადგან ავღანეთში ქართველი სამხედროების შეიარაღება და აღჭურვილობა (განსაკუთრებით ჰილმენდის პროვინციაში მოსამსახურეებისა), ასევე საბრძოლო მოქმედებაში საჭირო მართვის სისტემები მართლაც ულტრათანამედროვეა.

მეორე მხრივ, თანამედროვე ტექნიკას ქართულ არმიას ამერიკელები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღარ აწვდიან (არც მანამდე იკლავდნენ თავს) და ძნელი წარმოსადგენია, ჩვენმა სამხედროებმა თანამედროვე ამერიკული მართვის ელექტრონული სისტემა იგოეთთან ან თბილისის დაცვისას გამოიყენონ.

ბრძოლის ტაქტიკაზეც უნდა ითქვას ორიოდ სიტყვა. ავღანეთში IშAF-ის ძალები და ქართული სამხედრო კონტინგენტი იბრძვიან ე. წ. ასიმეტრიულ ომში, სადაც მოწინააღმდეგეს არ გააჩნია არც ავიაცია, არც ჯავშანტექნიკა და არც შორსმსროლელი და მსხვილკალიბრიანი არტილერია.

თუკი რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა განაახლეს საბრძოლო მოქმედება ქართულ მიწაზე, თითქმის იმავე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან საქართველოს შეიარაღებული ძალებიც, რადგან მოწინააღმდეგეს უდიდესი უპირატესობა აქვს ჯავშანტექნიკის რაოდენობით, არტილერიითა და განსაკუთრებით - საბრძოლო ავიაციით (საზღვაო ძალებზე ლაპარაკიც არ ღირს).

ავღანეთში თალიბებსა თუ "ალ-ქაიდასთან" ანტიპარტიზანული ბრძოლის გამოცდილება ქართველ სამხედროებს დიდად არ გამოადგებათ, რადგან მათ მხარს არ გაუმაგრებს ამერიკული საფრონტო და სტრატეგიული ავიაცია, კოსმოსური და უპილოტო დაზვერვის საშუალებები.

ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ავღანეთში ანტიპარტიზანული საბრძოლო მოქმედებების დროს ქართველ სამხედროებს არავინ ასწავლის მოწინააღმდეგის მოიერიშე თვითმფრინავებისა თუ დამრტყმელი შვეულმფრენების ჩამოგდებას, ისევე როგორც ტანკებისა და ჯავშანმანქანების აფეთქებას, რადგან თალიბებს შეიარაღებაში მსგავსი არაფერი გააჩნიათ.

ავღანეთში ნასწავლი დასახლებული პუნქტის გაწმენდის ტაქტიკა ქართულ დანაყოფებს სამშობლოშიც გამოადგებათ, მაგრამ როდესაც მოწინააღმდეგე ბრძოლაში ჩართავს უამრავ ტანკსა და ქვეითთა საბრძოლო მანქანას და ცაშიც გაბატონდება, საბრძოლო უპირატესობა მთლიანად მის ხელში გადავა.

თავს ნუ მოვიტყუებთ, ავღანეთში მიღებული საბრძოლო გამოცდილება (როგორც თავის დროზე ერაყში) პანაცეა არ არის. ის მხოლოდ ნაწილობრივ (ისიც თავდაცვასა და კონტრშეტევების სწორი ორგანიზების შემთხვევაში) თუ გამოადგება ქართველ სამხედროებს მშობლიური მიწის დასაცავად.
ირაკლი ალადაშვილი

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja