ინტერნეტსაიტ Wikileaks-ზე ერაყში ამერიკის შეიარაღებული ძალების დანაკარგის შესახებ ახალი საიდუმლო მონაცემები გამოქვეყნდა.
გამოცემის მტკიცებით, ერაყში ოპერაციის დაწყებიდან სულ 109 032 ათასი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 66 081 მშვიდობიანი მოქალაქეა, 23 984 შეიარაღებული დაჯგუფების წევრი, 15 196 ერაყელი სამხედრო მოსამსახურე, პოლიციისა და სპეცსამსახურის თანამშრომელი, კოალიციური ძალების 3771 წარმომადგენელი.
საიტზე გამოქვეყნებული მასალები ამერიკელი სამხედროების მიერ ხელმძღვანელობისათვის სხვადასხვა ინციდენტებზე მიწოდებული რაპორტების საფუძველზეა შედგენილი. ზოგიერთ მათგანში საუბარია მშვიდობიანი მოსახლეობის მხოლოდ იმის გამო განადგურებაზე, რომ შესაძლოა მათ კოალიციურ ძალებზე თავდასხმის განზრახვა ჰქონოდათ. ასეთ ვითარებაში დაახლოებით რამოდენიმე ასეული მოქალაქეა დაღუპული.
გარდა ამისა, როგორც Wikileaks-ის მასალებიდან ირკვევა, რიგ შემთხვევაში ამერიკული ხელმძღვანელობა რეაგირების გარეშე ტოვებდა ერაყელი სამხედრო მოსამსახურეებისა და სპეცსამსახურების წარმომადგენლების მხრიდან უსამართლო დახვრეტებსა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ისეთ ფაქტებს, რომელსაც თავის დროზე სადამ ჰუსეინის რეჟიმი იყენებდა. კერძოდ, მხოლოდ ეჭვის საფუძველზე, ქვეყნის ჩრდილოეთში, ქალაქ ტალაფერში მამაკაცებს ხვრეტდა, და სხადასხვა მეთოდებით აწამებდა.
მანამდე ამერიკული მხარე უარყოფდა, რომ ერაყში სამოქალაქო პირების დანაკარგების აღრიცხვას აწარმოებდა.
აშშ-iს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა, სახელმწიფო საიდუმლოების გავრცელება დაგმო და ვაშინგტონში გამოსვლისას განაცხადა - "კერძო პირების ან ორგანიზაციების მიერ ნებისმიერი ასეთი ინფორმაციის გავრცელება, აშშ-ს და მისი მოკავშირეების მოქალაქეებს საფრთხეს უქმნის".
ივნისში Wikileaks-ამ საიტზე გამოაქვეყნა ათასობით დოკუმენტი, რომელიც ავღანეთის ომს ეხება. მაშინ პენტაგონმა განაცხადა, რომ გამოქვეყნებულმა მასალამ, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ამერიკელ სამხედროებსა და ავღანეთის იმ მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც კოალიციურ ძალებთან თანამშრომლობენ.
საიტზე გამოქვეყნებულ მასალებთან დაკავშირებით, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, რობერ გეიტსმა სენატის ერთ-ერთი კომიტეტის ხელმძღვანელისადმი მიწერილ წერილში აღნიშნა, რომ ინფორმაციის "გაჟონვის" მიუხედავად, არ ყოფილა გავრცელებული არც ერთი გასაიდუმლოებული "სტრატეგიული მნიშვნელობის ცნობა”.
"ინტერპრესნიუსი"