ამერიკის ორი ატომური ელექტროსადგურის მუშაობა 7 ნოემბრის ღამეს შეწყდა. იტყობინება Associated Press-ი. ორივე სადგური კომპანია Entergy Corp-ს ეკუთვნოდა.
რადიოაქტიური წყლის გაჟონვის გამო, ატომური ელექტროსადგური Vermont Yankee-ი გათიშეს. სადგური ვერმონტის შტატში მდებარეობს და ავარია სადგურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა აღმოაჩინა. ამ ინციდენტიდან ერთი საათიც არ იყო გასული, რომ ატომური ელექტროსადგურის Indian Point-ის ტრანსფორმატორიც აფეთქდა. აფეთქებამ ერთ-ერთი რეაქტორის ავარიული გათიშვა გამოიწვია. ეს ატომური ელექტროსადგური ნიუ-იორკში მდებარეობს.
კომპანია Entergy Corp-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ვერმონტსა და ნიუ-იორკში მომხდარი ინციდენტების შედეგად არავინ დაზარალებულა. რადიოაქტიური ნივთიერებები გარშემორტყმული წრის გარეთ არ გაჟონილა.
აშშ-ის ატომური ზედამხედველობის კომისიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ "საქმე ეხება უბრალო დამთხვევას".
ატომურ ელექტროსადგურ Vermont Yankee-ზე რადიოაქტიური ელემენტების შემცველი ნივთიერებების გაჟონვა ადრეც მომხდარა. ავარია 2010 წლის მაისში მოხდა და მაშინ სადგურის ხელმძღვანელობა აცხადებდა, რომ მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდა.
მომზადებულია AP Associated Press-ის მიხედვით.