The Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ყოფილმა ოფიცერმა სპეცსამსახურების საიდუმლო ქვედანაყოფის მიერ 1996 წლის ბოლოს ჩეჩნეთში ჩატარებული ოპერაციის შესახებ ისაუბრა.
დასავლეთში ემიგრირებული ФСБ-ს ოფიცერი ალექსეი პოტემკინი აცხადებს, რომ ამ სპეცოპერაციის ფარგლებში სოფელ "ნოვიე ატაგიში" წითელი ჯვრის საერთაშორისო ჰოსპიტალის 6 თანამშრომელი მოკლეს, მათ შორის კანადის, ესპანეთის, ჰოლანდიის, ნორვეგიისა და ახალი ზელანდიის მოქალაქეები. რუსეთის ხელისუფლებამ მკვლელობებში ჩეჩნეთის შეიარაღებული ბანდფორმირებები დაადანაშაულა.
როგორც პოტემკინმა აღნიშნა, ის ФСБ-ს სპეცდანიშნულების რაზმის 14-კაციანი ოპერატიული ჯგუფის წევრი იყო და ამ ოპერაციაში პირადად მონაწილეობდა. ოფიცრის თქმით, დივერსიულ ჯგუფს კაპიტანი სევასტიანოვი ხელმძღვანელობდა. თავდაპირველად სპეცდანიშნულების რაზმმა ჩეჩნეთის შეიარაღებული დაჯგუფება გაანადგურა, რის შემდეგაც მებრძოლებმა ადგილობრივი სკოლის შენობაში განთავსებული ჰოსპიტალის თანამშრომელთა შემოწმების ბრძანება მიიღეს. ჰოსპიტალში შეჭრილ სპეცრაზმელებს წითელი ჯვრის მძინარე თანაშრომლები ჩეჩენი მებრძოლები ეგონათ და ცეცხლი გაუხსნეს.
როგორც პოტემკინი აცხადებს, სპეცრაზმელებმა ჰოსპიტალში ადრე დახოცილი ჩეჩნების დოკუმენტები მიმოფანტეს, რათა თავდასხმის ეფექტი შეექმნათ და ინციდენტი ჩეჩნებისთვის გადაებრალებინათ. საქმე ისე დახურეს, მკვლელობებთან დაკავშირებით გამოძიება არც ჩატარებულა. როგორც The Times-ი წერს, თუ ამ საქმეს ახლა მაინც გამოიძიებენ, მოკლულთა ნათესავები რუსეთის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას შეძლებენ.
მომზადებულია The Times-ის მიხედვით.