იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, იაპონიაში რუსეთის ელჩს მიხაილ ბელის, დიმიტრი მედვედევის სამხრეთ კურილის სადაო კუნძულზე ვიზიტთან დაკავშირებით საპროტესტო ნოტა გადასცა. იაპონიას მიაჩნია, რომ სამხრეთ კურილის კუნძული მისი ძირძველი ტერიტორიაა, რომლის ოკუპაციაც მეორე მსოფლიო ომის დროს უკანონოდ მოხდა.
იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ჟურნალისტებთან შეხვედრისას მიხაილ ბელიმ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს მშობლიური ტერიტორიის მონახულებას ვერავინ აუკრძალავს, იტყობინება ИТАР-ТАСС.
დიპლომატმა განმარტა, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სამხრეთ კურილის კუნძულზე ვიზიტი რუსეთის შიდა საქმეა და იაპონიის პროტესტი "მიუღებელი და უადგილოა". ელჩმა იაპონურ მხარეს კეთილგონიერებისკენ, თავშეკავებულობისა და დაკვირვებულობისკენ მოუწოდა და ურჩია ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულად მნიშვნელოვან მეგობრულ ურთიერთობას გაუფრთხილდნენ.
მედვედევი კურილის კუნძულებზე გუშინ ჩავიდა. მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია უკვე სექტემბრის ბოლოს გავრცელდა. იაპონიის ხელისუფლებამ მედვედევს არაერთხელ სთხოვა, თავი შეეკავებინა ვიზიტზე, რადგან ამით ორი ქვეყნის ურთიერთობები დაზარალდებოდა.
მომზადებულია itar-tass.com-ის მიხედვით.