რუსეთის შავი ზღვის ფლოტში გაფიცვა ხელფასების მოლოდინში დროებით შეწყვიტეს. 13 ოქტომბერს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის კონსტრუქტორთა ბიუროს 29 თანამშრომელმა, რომელთაგან 22 უკრაინის მოქალაქე იყო, ხელფასების გადაუხდელობის გამო, შიმშილობა დაიწყო. საქმეში რუსეთის ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქის პროკურატურაც ჩაერთო. პროკურატურამ "რუსეთის შავი ზღვის ფლოტის კონსტრუქტორთა ბიუროს" წინააღმდეგ სახელფასო დავალიანების გადახდის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ უწყების პრეს-სამსახური იტყობინება.
"შავი ზღვის ფლოტის ხელმძღვანელობისგან მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ აღიკვეთოს თანამშრომელთა უფლებების დარღვევის ფაქტები. თანამშრომელთა ინტერესების დასაცავად სამხედრო პროკურატურამ სასამართლოში საწარმოს მიერ დავალიანების დაფარვის მოთხოვნით, სარჩელი შეიტანა. თანამშრომლებს, რომლებსაც სურთ საკუთარი უფლებები თავადვე დაიცვან, დამატებითი სარჩელების მომზადების მიზნით, იურიდიული დახმარება გაეწევათ", - აცხადებს ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქის პროკურატურა.
თანამშრომლებმა შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება შავი ზღვის ფლოტის მეთაურის მოადგილე სერგეი მენიაილოსთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს.
ჩინოვნიკმა პირობა დადო, რომ დავალიანების დაფარვა 15 ოქტომბრიდან დაიწყებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ფლოტის თანამშრომელთა მიმართ დავალიანება საერთო ჯამში 8,8 მლნ რუბლს შეადგენს.
მომზადებულია unian.net-ის მიხედვით.