პასუხისმგებლობა აგვისტოს ომზე სხვადასხვა მასშტაბით ყველა მხარეს ეკუთვნის, ნათქვამია ბრიტანეთის საპარლამენტო კომიტეტის მოხსენებაში, რომელიც 10 ივლისს გამოქვეყნდა. თემთა პალატის თავდაცვის კომიტეტის მოხსენება ”რუსეთი: ახალი კონფრონტაცია?” ეხება ნატოს ურთიერთობებს რუსეთთან, აგვისტოს ომს, ენერგოუსაფრთხოებისა და გლობალური უსაფრთხოების საკითხებს. იგი მოუწოდებს გაერთიანებულ სამეფოს ხელისუფლებას და ნატოს წევრ სხვა სახელმწიფოებს უფრო მკაცრი მიდგომა გამოიჩინონ რუსეთის მიმართ.
მოხსენების ერთ-ერთი თავი, რომელიც დამოუკიდებელი მკვლევარების და ასევე საქართველოს და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების ჩვენებებს და ინტერვიუებს ეფუძნება (საქართველოში ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაცია ასევე შეხვდა პრეზიდენტ სააკაშვილს), ეხება აგვისტოს ომის მიზეზებს.
მოხსენებაში აღნიშნულია, რომ მართალია ევროკავშირის საგამოძიებო მისია უფრო დეტალურ დასკვნას დადებს, მაგრამ კომიტეტისთვის შესაძლებელი იყო ზოგადი დასკვნა გაეკეთებინა, რომ პასუხისმგებლობა ყველა მხარეზე ნაწილდება.
”როგორც რუსეთი, ისე საქართველო იზიარებენ პასუხისმგებლობას კონფლიქტის ჰუმანიტარულ შედეგებზე, რასაც მოჰყვა ასობით ადამიანის სიკვდილი და ათასობით ადამიანის მიერ თავიანთი სახლების დატოვება,” – ნათქვამია მოხსენებაში.
”თავისი ქმედებებით რუსეთი საქართველოს პროვოცირებას წლების განმავლობაში ახდენდა, რუსეთის პროვოკაცია იყო სეპარატიზმის გაღვივება რეგიონში; საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში [რუსული] პასპორტების დარიგება; რეგიონში სამხედრო ძალების გაზრდა,” – ნათქვამია მოხსენებაში.
თუმცა, მოხსენებაში იქვე ნათქვამია: ”პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილება 7 აგვისტოს შეტევა დაეწყო პოლიტიკურად წინდაუხედავი ნაბიჯი იყო”.
”რუსეთმა სწრაფი რეაგირება მოახდინა და ქართული ძალები სამხრეთ ოსეთიდან გამოდევნა. რუსეთმა არაპროპორციული და უკანონო ძალა გამოიყენა და კონფლიქტის ზონის მიღმა, საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში შევიდა,” – ნათქვამია მოხსენებაში.
”ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში შესვლით, ინფრასტრუქტურის აფეთქებით, სამოქალაქო პირებისთვის საფრთხის შექმნით, ეთნიკური წმენდით და სხვა ამგვარი ქმედებებით, რუსეთი მნიშვნელოვნად გასცდა რაიმე ტიპის სამშვიდობო მანდატს,” – ამბობს მოხსენება.
მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთი არ ასრულებს 12 აგვისტოს და 8 სექტემბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებებით აღებულ ვალდებულებებს.
”ჩვენ ვურჩევთ დიდი ბრიტანეთის მთავრობას მკაცრი გზავნილი გაუგზავნოს რუსეთს, რომ საჭიროა მან გამოიყვანოს თავისი სამხედრო ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, როგორც ეს ადრე იყო შეთანხმებული,” – ნათქვამია მოხსენებაში, სადაც ასევე წერია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ ვერ შეძლო იმ გამაფრთხილებელი სიგნალების სათანადოდ აღქმა, რომელიც რეგიონიდან ომის დაწყებამდე მოდიოდა.