მომავალში ნატო-ს წევრ ქვეყნებს მხოლოდ შეიარაღებული თავდასხმისგან ერთობლივი თავდაცვა არ სურთ. როგორც Sueddeutsche Zeitung-ის ხელთ არსებული დოკუმენტიდან ჩანს, მომავალში აგრესიულ ქმედებებს ინტერნეტში, კოლექტიური თავდაცვის ფარგლებში არსებული ვალდებულებების რეალიზაციის საფუძვლად განიხილავენ. მომავალში ნატო-მ არამხოლოდ შეიარაღებულ თავდასხმებს უნდა უპასუხოს, არამედ შეტევებს ვირტუალურ კომპიუტერულ სამყაროშიც. Sueddeutsche Zeitung-ის ინფორმაციით, ამ ტიპის ქმედებები განსაზღვრულია ნატო-ს გენერალური მდივნის, ანდრეს ფოგ რასმუსენის მიერ შემოთავაზებულ ალიანსის ახალი სტრატეგიული კონცეფციის პროექტში, რომელიც ამ წლის ნოემბერში ნატო-ს ლისაბონის სამიტზე უნდა დამტკიცდეს.
ამ კვირის დასაწყისში, რასმუსენმა დოკუმენტი ნატო-ს 28 წევრი ქვეყნის ხელმძღვანელს დაუგზავნა, რომლებიც მის შინაარსს ჯერ არ ახმაურებენ, თუმცა Sueddeutsche Zeitung-მა სხვადასხვა წყაროებისგან დოკუმენტის ძირითად აქცენტებზე ინფორმაცია მოიპოვა. თერთმეტგვერდიან დოკუმენტში რასმუსენი 21-ე საუკუნისთვის ნატო-ს სამ ძირითად ამოცანას აყალიბებს: კოლექტიური თავდაცვა ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლის შესაბამისად, სტაბილურობის მხარდაჭერა მთელ მსოფლიოში და კრიზისული სიტუაციების მართვა.
ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლში ნათქვამია, რომ ნატო-ს ერთ-ერთ წევრზე შეიარაღებული თავდასხმა, ზოგადად ალიანსის მიმართ განხორციელებულ აგრესიად განიხილება, რასაც პასუხი ერთობლივი ძალისხმევით უნდა გაეცეს. ე.წ. კოლექტიური თავდაცვის ეს მუხლი ჯერ-ჯერობით ერთხელ ამოქმედდა და ეს 2001 წლის 11 სექტემბერს შეერთებულ შტატებზე ტერორისტული თავდასხმის შემდეგ მოხდა.
ადრე არსებული საფრთხეების და ტერორიზმის გარდა, რასმუსენი ამ დოკუმენტში სხვა საფრთხეებსაც ასახელებს, რომლებსაც ალიანსმა დაშინების, ასევე ერთობლივი თავდაცვის გზით უნდა უპასუხოს. ამ საფრთხეებს განეკუთვნება პირველ რიგში კიბერ-თავდასხმები ანუ ნატო-ს წევრი-ქვეყნების კომპიუტერულ სისტემებზე შეტევა. გარდა ამისა, ალიანსმა უნდა უზრუნველყოს ენერგომომარაგების, მათ შორის ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო გზების დაცვის გარანტიები.
როგორც ეს ნატო-ს დღეს მოქმედი 1999 წლის სტრატეგიული კონცეფციითაა განსაზღვრული, ალიანსის გენერალური მდივნის აზრით, ნატო ღიად უნდა ეფუძნებოდეს ბირთვულ დაშინებას, თუმცა ასევე მხარდაჭერილია აშშ-ს პრეზიდენტის წინადადება, ბირთვული იარაღისგან თავისუფალი მსოფლიოს კონცეფცია ლოზუნგით „გლობალური ნული“. იმავდროულად, ცხადი ხდება ეჭვები იმასთან დაკავშირებით, მოხერხდება თუ არა ოდესმე ამ მიზნის მიღწევა. დოკუმენტში არაფერია ნათქვამი ბირთვული იარაღის შემცირებაზე ან გატანაზე ნატო-ს წევრი-ქვეყნების ტერიტორიებიდან, როგორც ამას მოითხოვს მაგალითად გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდო ვესტერველე, გულისხმობს რა აიფელის რეგიონში შენახულ ბირთვულ საბრძოლო მასალას.
ახალ კონცეფციაში ცენტრალური ადგილი უკავია რუსეთთან თანამშრომლობას. მოსკოვის მონაწილეობის გარეშე გლობალური სტაბილურობის მიღწევა შეუძლებელია, აცხადებენ ნატო-ს წევრი ქვეყნების გავლენიანი დიპლომატები. აუცილებელია რუსეთთან თანამშრომლობა ანტი-სარაკეტო თავდაცვის სფეროში, ასევე ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. პრინციპში, ნატო-ს სურს მისი კარი ღია დარჩეს ახალი წევრებისთვის და ეს პირველ რიგში რუსეთს ეხება, ხაზგასმით აღნიშნავენ ალიანსის კულუარებში. გარდა ამისა, ალიანსმა პარტნიორები მთელ მსოფლიოში უნდა ეძებოს.
ამ დოკუმენტის თანახმად, ავღანეთი კიდევ დიდხანს დარჩება ნატო-ს გამოწვევად. ჯერ-ჯერობით არაფერია ნათქვამი ამ ქვეყნიდან ჯარების გაყვანაზე, თუმცა იმავდროულად ხაზგასმულია ის, რომ აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტა მხოლოდ სამხედრო გზებით შეუძლებელია.
მართალია, მანამ სანამ ამ დოკუმენტის საბოლოო რედაქციას დაამტკიცებენ ბევრი მოლაპარაკება გაიმართება, თუმცა სამთავრობო წრეები ბერლინში დოკუმენტის შინაარსით კმაყოფილები არიან. რასმუსენმა შესძლო განსხვავებული მოლოდინების გაერთიანება, მათ შორის ისეთი ქვეყნების პოზიციების, როგორებიც არიან ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონის სახელმწიფოები და ყოფილი აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნები.
პიტერ ბლეჰშმიდტი
ForeignPress