ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი – პოლიგონი რუსული სამხედრო ბაზებისთვის

საქართველოს ხელისუფლება ხშირად აცხადებს, რომ რუსეთს ოკუპირებულ ტერიტორიებზე 10 ათასი ჯარისკაცი ჰყავს. მათი შეიარაღებისა და ტექნიკის რაოდენობის შესახებ კი ოფიციალური ინფორმაცია კიდევ უფრო ზოგადი და ურთიერთგამომრიცხავია. თუმცა ერთი რამ ნამდვილად ნათელია: რუსეთმა აგვისტოს ომის შემდეგ არათუ შეამცირა, არამედ გაზარდა სამხედრო ყოფნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, გამალებით განაგრძობს სამხედრო აღმშენებლობას და არანაირი საერთაშორისო ხელშეკრულებით თავს არ იზღუდავს.

თბილისი, ალბათ, დედამიწის ზურგზე ერთადერთი დედაქალაქია, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიისა და საოკუპაციო ჯარისაგან 35 კილომეტრი აშორებს. თბილისიდან სწორედ ამ მანძილზე მდებარეობს ახალგორის - ყოფილი ლენინგორის - რაიონი, სადაც გასული წლის 26 აგვისტოს რუსეთის ჯარის ნაწილები შევიდნენ, გააუქმეს საქართველოს წესწყობილება და 50-ზე მეტი სოფლისაგან შემდგარი ტერიტორია სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოს კუთვნილებად გამოაცხადეს. ზუსტად არავინ იცის, თუ რამდენი რუსი ჯარისკაცი და რა სახის საბრძოლო ტექნიკაა ამჟამად ახალგორში მობილიზებული, მაგრამ საფრთხეთა პარადიგმაში ეს არაფერს ცვლის. სამხედრო ექსპერტ ირაკლი ალადაშვილის თქმით, დღევანდელი დისპოზიციით, საქართველოს დედაქალაქი არათუ რუსული სამხედრო ავიაციისათვის, არამედ არტილერიისთვისაც კი იოლად ხელმისაწვდომია:

“ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ საშიშროება მოდის შორსმსროლელი არტილერიიდანაც კი. ანუ, ის “ურაგანები”, 7 “ურაგანი”, რომლებიც დაფიქსირებულია და გვესროდა 10-ში, 11-ში და 12 აგვისტოს დანარჩენ ქართულ სოფლებს, სხვათა შორის, კასეტური საბრძოლო ქობინებით, მათ, სამწუხაროდ, შეუძლიათ ახალგორის რაიონიდან საქართველოს დედაქალაქს მოსწვდნენ, რადგან 37-ე კილომეტრამდე შეუძლიათ სროლა. ეს საშიშორებაა.”

საშიშროება კიდევ უფრო იზრდება მოსკოვის იმ გეგმის გათვალისწინებით, რომელზეც ჯერ მხოლოდ მინიშნებით ლაპარაკობენ სხვადასხვა სამხედრო მაღალჩინოსნები რუსეთის გენერალური შტაბიდან. საქმე ეხება ახალი აეროდრომის მშენებლობას ცხინვალთან ახლოს, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის სამხედრო ავიაციისათვის, რომელსაც არც კავკასიის ქედს იქიდან უჭირდა საქართველოს ტერიტორიაზე მანევრირება, ოპერატიულ-ტაქტიკური მოქმედება კიდევ უფრო გაიოლდება.

“სეპარატისტებიც და რუსებიც აცხადებენ, რომ დიდი ლიახვის გადამწვარ ქართულ სოფლებზე - თამარაშენსა და კეხვზე - მათ უნდათ აეროდრომი გააკეთონ, დახლოებით, 3200 მეტრი სიგრძის. ჯერ ერთი, ეს იქნება არაადამიანობა, როდესაც აეროდრომს ქართველების საფლავებზე გააკეთებენ,”– ამბობს ირაკლი ალადაშვილი და დასძენს: “მაგრამ, თუ გააკეთეს, ეს ნიშნავს, რომ აეროდრომზე მიიღებენ არა მარტო სამხედრო, არამედ სამოქალაქო ავიაციასაც.”

მაგრამ ასეც რომ არ იყოს, რუსეთმა უკვე სრულად აღადგინა ბომბორას სამხედრო აეროდრომი გუდაუთაში და ახალი ბაზის მმართველობისა და ძირითადი ინფრასტრუქტურის განთავსება სწორედ იქ დაიწყო. გუდაუთაში განთავსებული სადესანტო-მოიერიშე ბაზა რუსეთმა, სტამბულის ეუთოს შეთანხმების თანახმად, 2001 წელს დახურულად გამოაცხადა. საქართველოს ხელისუფლებას მაშინაც ეპარებოდა რუსეთის სიმართლეში ეჭვი, თუმცა ახლა უკვე თავად რუსეთი აღარ მალავს თავის სამხედრო გეგმებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ. მაშინ, როცა ვაშინგტონი რუსეთს უმტკიცებს, რომ აღარ მიაწვდის იარაღს საქართველოს, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა 12 აგვისტოს სოხუმში განაცხადა, რომ რეგიონის უსაფრთხოებისათვის 500 მილიონი დოლარის გამოყოფას აპირებს. ეს კი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, ძირითადად, ორი რუსული სამხედრო ბრიგადის განლაგებას და აღჭურვას მოხმარდება, - ამბობს რუსული გამოცემა “ეჟენედელნი ჟურნალის” სამხედრო მიმომხილველი ალექსანდრ გოლცი.

“მე-4 სამხედრო ბაზა იქნება აფხაზეთში და მე-7 სამხედრო ბაზა - სამხრეთ ოსეთში. Dდა, გარდა ამისა, როგორც მე მესმის, გათვალისწინებულია გარკვეული თანხის გამოყოფა საქართველოსთან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის მოსაწყობად.”

ამ ბაზებში გაერთიანდება რუსეთის ის სამხედრო ქვედანაყოფებიც, რომლებსაც 2008 წლის აგვისტოს ომამდე ცისფერი ჩაფხუტები ეხურათ და “მშვიდობის დამცველებად” იწოდებოდნენ. თუმცა, როგორც ალექსანდრ გოლცი ამბობს, რუსეთის სამხედრო უწყების ხელმძღვანელები ხშირად ურევენ რიცხვებს, თუ რამდენი სამხედრო მოსამსახურე იქნება თითოეულ ამ სამხედრო ბაზაზე:

“სინამდვილეში, დღემდე რუსეთის ოფიციალური პირები რაოდენობაში იბნევიან. თავდაპირველად, სამხრეთ ოსეთის მიმართებაში განცხადებული იყო 3000 სამხედრო მოსამსახურე. შემდეგ გენერალური შტაბის უფროსმა ნიკოლაი მაკაროვმა განაცხადა, რომ შეიძლება ნაკლებიც განვათავსოთ, ვთქვათ, 1500–2000 ჯარისკაციო. ვფიქრობ, 1500-2000 კაცი - ეს არ არის ბევრი. ეს არის ბრიგადა და ინფრასტრუქტურის შესაქმნელად განსაკუთრებით დიდი დანახარჯები საჭირო არ იქნება.”

როდესაც ორივე რუსული სამხედრო ბაზა ბოლომდე ჩადგება მწყობრში, რუსეთს თვითაღიარებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, დაახლოებით, 7000 სამხედრო მოსამსახურე ეყოლება. ორი ბრიგადა, საშტატო გათვლებით, საჭიროებს სატანკო ბატალიონს, საარტილერიო დივიზიონს და ასევე საავიაციო კომპონენტს, რომლისთვისაც რუსეთი გუდაუთის აეროდრომს და ჯავაში, სამხრეთ ოსეთში არსებულ შვეულმფრენების ზოლს გამოიყენებს. საქართველოს ჰყავს მოიერიშე ავიაცია, მაგრამ არ ჰყავს გამანადგურებლები.

საქართველოს მთავრობამ თავის დროზე, სამი წლის წინ, უარი თქვა შუა აზიის ერთ-ერთი რესპუბლიკიდან შეეძინა მიგ-29 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავები. მაშინ ეს პროექტი ჩაიშალა. ახლა, რუსეთის ზეწოლის შიშით, გამანადგურებელ ავიაციას საქართველოს არავინ მიჰყიდისო, - ამბობს ირაკლი ალადაშვილი. შექმნილ ვითარებაში, საქართველო მხოლოდ დასავლეთის დახმარების იმედზეა. დახმარება ჯერჯერობით დიპლომატიურია, რაც სამხედრო დახმარებაზე არანაკლებ ეფექტიანია – დიპლომატიური დახმარების წყალობით, საქართველომ თავიდან აიცილა შესაძლო აგრესიის განმეორება მიმდინარე წლის ივნის-ივლისში, რომლის ალბათობაზეც ბევრი დამოუკიდებელი ექსპერტი და ანალიტიკური ცენტრი წერდა. უსაფრთხოების დაცვის დამატებითი გარანტია შეიძლება იყოს ამერიკული კოსმოსური დაზვერვის რადარებით საქართველოს ტერიტორიისა და საჰაერო სივრცის კონტროლი, რაც ერთი წლით ადრე რომ დაწყებულიყო, საქართველო ბევრ დავიდარაბას გადარჩებოდა.

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja