ომის დასაწყისი
1992 წლის 14 აგვისტოს დილის შვიდ საათზე საქართველოს შინაგანი ჯარების კოლონამ ზუგდიდი-გალის ადმინისტრაციული საზღვარი გადაკვეთა. ამის მიზეზად სარკინიგზო მაგისტრალის დაცვა დასახელდა. თუმცა აშკარა იყო, რომ ამ აქციით სახელმწიფო საბჭომ ავტონომიულ რესპუბლიკაში სეპარატიზმის განეიტრალებას ცდილობდა. პირველი გასროლა ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან მოხდა. კონფლიქტმა დაღუპულთა ათვლა დაიწყო.
სოხუმის დაკავება
ქართულმა მხარემ გეზი სოხუმისკენ აიღო. ქართულ შენაერთებს ცეცხლი გულრიფშის რაიონშიც გაუხსნეს. იმავე დღეს აფხაზებმა ტამიშის ხიდი ააფეთქეს და ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ უკან დაიხიეს. მალე ქართველები სოხუმს მიუახლოვდნენ. ქალაქს აფხაზეთის 300 კაციანი ფორმირება იცავდა, რომელსაც აფხაზეთის სამხედრო კომისარი სერგეი ბარი ხელმძღვანელობდა. ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ აფხაზურმა შენაერთმა უკან დახევა დაიწყო. იმავე დღეს ვლადისლავ არძინბამ სოხუმის ტელევიზიით მობილიზაცია გამოაცხადა.მისივე ბრძანებით აფხაზეთის გვარდიამ საქართველოს სამთავრობო ძალებისათვის შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა დაიწყო. დაიწყო ასევე აფხაზეთის ბატალიონების ფორმირება. ქალაქში, რომელიც ტურისტებით იყო სავსე პანიკა ატყდა. ისინი ქალაქს ყველა საშუალებით ტოვებდნენ. იმავე დღეს შედგა მოლაპარაკება მხარეებს შორის. მოლაპარაკებაზე არძინბა არ გამოჩენილა. 18 აგვისტოს უშედეგო მოლაპაკებების შემდეგ ქართულმა ჯარმა ქალაქში შესვლა დაიწყო. 12:30 საათზე მათ აფხაზეთის უზენაესი საბჭოს შენობა ბრძოლის გარეშე აიღეს. აფხაზური დროშის ნაცვლად, შენობის თავზე შინდისფერი დროშა აფრიალდა. არძინბამ ქალაქი დატოვა და გუდაუთაში გადაბარგდა.
საბრძოლო მოქმედებები აფხაზეთში (15 აგვისტო - 27 აგვისტო)
15 აგვისტოს ქართველებმა დაბა განთიადში საზღვაო დესანტი გადასხეს. იმავე დღეს დესანტმა ლესელიძე შტურმით აიღო. საქართველო-რუსეთის საზღვარზე ქართული დროშა აღიმართა. 19 აგვისტოს კი შავნაბადას ბატალიონმა გაგრა და დაბა კოლხიდა უბრძოლველად დაიკავა. გაგრის დაკავების შემდეგ გუდაუთაში გახიზნული არძინბას გუნდი ფაქტობრივად ბლოკადაში მოექცა. სეპარატისტების კონტროლის ქვეშ მხოლოდ ბიჭვინთა-ახალი ათონის მონაკვეთი რჩებოდა. ბლოკირებული იყო ტყვარჩელის რაიონიც.
წინააღმდეგობის გასაწევად აფხაზებს არც სამხედრო და არც ეკონომიკური ბაზა გააჩნდათ. 1992 წლის 14 აგვისტოსთვის აფხაზთა გვარდია ათასამდე ჯარისკაცს ითვლიდა. მათი მძიმე ტექნიკა მხოლოდ სამ ერთეულ ჯავშანტექნიკას შეადგენდა.
იარაღის დეფიციტი აფხაზებმა მოკლე პერიოდში შეივსეს. მათ გუდაუთაში დისლოცირებული რუსეთის საზენიტო პოლკიდან 1000 ავტომატი, 600 ტყვიამრფქვევი, 500 ხელყუმბარა და უამრავი ტყვიაწამალი გადაეცათ. რუსების წყალობით სექტემბრის ბოლოს აფხაზთა შეიარაღება ქვეითთა ექვსი საბრძოლო მანქანით, ტ-72 ტიპის ტანკით, აგრეთვე საარტილერიო დანადგარებითა და ნაღმტყორცნებითაც შეივსო. იარაღთან ერთად ინტენსიურად მიმდინარეობდა სეპარატისტების ცოცხალი ძალით მომარაგება. რუსეთის მსხვილ ქალაქებში დაქირავებულთა მოსაზიდად სპეციალური პუნქტები მუშაობდნენ. 21 აგვისტოს მთიელ ხალხთა კონფედერაციამ საქართველოს ომი გამოუცხადა. აფხაზეთში ჩამოსვლა დაიწყეს ადიღეიდან, ყაბარდო-ბალყარეთიდან, ჩეჩნეთიდან, ყარაჩაევო-ჩერქეზეთიდან, ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთიდან.
აგვისტოს ბოლოს გაგრის რაიონში ქართულმა მხარემ ბზიფის მიმართულებით შეტევა დაგეგმა. მდინარე ბზიფზე გასვლის შემთხვევაში იკეტებოდა ყველა გზა, მათ შორის მამზიშკის მთიდან ჩამოსასვლელი ბილიკებიც. გაგრის რაიონი პრაკტიკულად შეუვალი ხდებოდა. შეტევა 28 აგვისტოს დაიწყო.
შეტევა ბზიფზე და ეშერაზე
დამრტყმელ ძალას ავტომაგისტრალზე მოძრავი ჯავშანტექნიკა წარმოადგენდა. ბრძოლა კოლხიდიდან ნახევარ კილომეტრში დაიწყო. დამრტყმელმა კოლონამ წინ წაიწია, თუმცა ფლანგებიდან შეტევა შეჩერდა. დამრტყმელ ძალას ცეცხლი სამი მხრიდან გაუხსნეს. შეტევა ვეღარ განვითარდა და გაგრიდან სამ კილომეტრში, წითელ ჯვართან შეჩერდა.
ქართული მხრიდან 20-მდე ჯარისკაცი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაიჭრა. დიდი დანაკარგის გამო შავნაბადას ბატალიონი 5 სექტემბერს გაგრიდან გამოვიდა.
ბზიფზე წარუმატებელი ოპერაციიდან ერღი დღის შემდეგ სოხუმში მყოფი ქართული ნაწილები ეშერის მიმართულებით შეტევაზე გადავიდნენ. ქართულმა ნაწილებმა გუმისთის მარჯვენა სანაპიროზე სტრატეგიული პლაცდარმი აიღეს, მაგრამ იერიშის გასაგრძელებლად
ძალა აღარ ეყოთ.
3 სექტემბრის შეთანხმება
3 სექტემბერს, მოსკოვში, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების მიზნით ედუარდ შევარდნაძის, რუსეთის პრეზიდენტის ბორის ელცინის და ვლადისლავ არძინბას შეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ 5 სექტემბრის 12 საათიდან აფხაზეთში ცეცხლი შეწყდებოდა. დოკუმენტი აფხაზეთიდან დაქირავებულთა რაზმების გაყვანას და ქართული საჯარისო ფორმირებების დისლოკაციის შეცვლასაც ითვალისწინებდა.
შეთანხმების მიუხედავად, როგორც გუმისთის ხაზზე, ისე გაგრის რაიონში პოზიციური ბრძოლები მაინც მიმდინარეობდა. 26 სექტემბერს, გაგრის რაიონში, ქართულმა მხარემ ლოკალურ შეტაკებაში მოწინააღმდეგის ერთი ჯარისკაცი ტყვედ აიყვანა. დაკითხვაზე გაირკვა, რომ აფხაზები უახლოეს დღეებში გაგრაზე ფართომაშტაბიან შეტევას ამზადებდნენ. ამ იმფორმაციას გაგრის დაჯგუფების ხელმძღვანელობამ სათანადო მნიშვნელობა არ მიანიჭა.
1992 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალები ფაქტობრივად არ ჰყავდა. ყველა დაჯგუფებას საკუთარი მეთაური ჰყავდა და ყველა რაზმი თავისთვის იბრძოდა. არ არსებობდა ბატალიონებს შორის კორდინაცია. ხშირ შემთხვევაში არ არსებობდა საერთო მეთაურობაც. გაგრის დაჯგუფებას თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი მიხეილ მარინაშვილი ხელმძღვანელობდა. 1992 წლის სექტემბრის ბოლოსთვის გაგრაში თავმოყრილი იყო დაახლოებით 3000-კაციანი შენაერთი. ქალაქში არ არსებობდა დისციპლინა და ქალაქის დაცვის ერთიანი გეგმა. ჯარისკაცებს სანგრებიც კი არ ჰქონდათ გათხრილი.
გაგრის აღება აფხაზებისთვის საციცოცხლო მნიშვნელობას იძენდა, ზამთრის დადგომასთან ერთად იკეტებოდა მთებზე გადასასვლელი ბილიკები. თუ რუსეთთან ბლოკირებულ საზღვარს არ გახსნიდნენ, აფხაზები ზამთარს ვერ გადაიტანდნენ.
1 ოქტომბერს საღამოს ექვს საათზე, აფხაზურმა მხარემ გაგრაზე შეტევა დაიწყო. წითელი ჯვრის საგუშაგო, რომელსაც ლესელიძეს ბატალიონი იცავდა, რამდენიმე წუთში აიღეს. უკან დაიხია "ავაზას" ქვედანაყოფმაც. აფხაზთა მძიმე ტექნიკამ ის ადგილები გაიარა, რომელიც წინასწარ დანაღმული უნდა ყოფილიყო. შვიდი საათისთვის მოწინააღმდეგე უკვე კოლხიდას მიუახლოვდა. აფხაზთა დამრტყმელ ძალას შამილ ბასაევის კონფედერადთა ბატალიონი და კაზაკები შეადგენდნენ. საერთო ჯამში ქალაქს დაახლოებით 600 ჯარისკაცი უტევდა. აფხაზებმა კოლხიდაში მდებარე შტაბი და უნივერმაღის შენობა დაიკავეს. 1 ოქტომბერს დაბა კოლხიდა დაიკარგა.
მეორე დღეს დილის ექვსი საათისთვის მოწინააღმდეგემ შეტევა განაახლა. იმ დროს როცა გაგრაში დაახლოებით 3000 შეიარაღებული ჯარისკაცი და რამდენიმე ერთეული ჯავშანტექნიკა იმყოფებოდა, ქალაქში შესასვლელ 4-კილომეტრიან მონაკვეთს სულ 109 კაცი იცავდა. ქართველებმა უკან დაიხიეს. ცხრა საათზე მოწინააღმდეგემ რკინიგზის სადგური აიღო. ერთ საათში აფხაზები უკვე ქალაქის ცენტრში იყვნენ. 2 ოქტომბერს გაგრა დაეცა.
5 ოქტომბერს აფხაზებმა განთიადი-ლესელიძეს მონაკვეთი აიღეს და რუსეთის საზღვარზე საკუთარი დროშა ააფრიალეს. აფხაზთა ხელში აღმოჩნდა გაგრის დაჯგუფების მთელი არსენალი. ქალაქის აღების შემდეგ, სეპარატისტები ქართულ მოსახლეობას სასტიკად გაუსწორდნენ. დახოცილთა გვამები პირდაპირ ქალაქის ქუჩებში ეყარა.
საბრძოლო მოქმედებები 1993 წელს
1993 წლისთვის სეპარატისტები ავტონომიური რესპუბლიკის ნახევარს აკონტროლებდნენ. რუსებთან საზღვრის გახსნის შემდეგ აფხაზთა პოზიციები კიდევ უფრო გამყარდა. გაგრაში ქართული შენაერთების ლიკვიდაციის შემდეგ აფხაზებმა მთავარი ყურადღება სოხუმის აღებაზე გადაიტანეს.
ფართომაშტაბიანი ოპერაციის განსახორციელებლად აფხაზებმა მოქმედება გეგმაზომიერად დაიწყეს. პირველ რიგში აფხაზებმა საორგანიზაციო საკითხები მოაწესრიგეს. 10 ოქტომბერს აფხაზებმა თავდაცვის სამინისტრო ჩამოაყალიბეს. სეპარატისტულ არმიას დაქირავებულები ყოველ დღე ემატებოდნენ. 1993 წლის მარტში საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაება ადგილობრივი სომხებისგან დაკომპლექტებული შენაერთი.
1993 წლის 16 მარტს ღამის 3.00 საათზე გუმისთის ხაზზე მყოფ ქართულ ბატალიონებს რუსულმა ავიაციამ ცეცხლი გაუხსნა, სანგრებს ამუშავებდა არტილერიაც. საავიაციო და საარტილერიო დამუშავვების შემდეგ დილის 5.00 საათზე აფხაზთა ქვეითი ნაწილები შეტევაზე გადმოვიდნენ. აფხაზებმა შეტევაში იმ დროს მათ ხელთ არსებული ყველა ძალა ჩართეს. ქართული პოზიციების მასირებული იერიში რვა კილომეტრიან მონაკვეთზე ერთდროულად დაიწყო. დარტყმის ძირითადი მიმართულება სარკინიგზო სადგურთან და აჩადარასთან შეიქმნა. თუ აფხაზები ხიდებს აიღებდნენ ისინი შეტევაში ჯავშან ტექნიკასაც ჩართავდნენ. განსაკუთრები მძიმე მდგომარეობა სარკინიგზო ხიდთან და აჩადარასთან შეიქმნა. სანგრებში ხელჩართული ბრძოლა მიმდინარეობდა. ქართულმა ნაწილებმა ფლანგებზე შეტევას გაუძლეს. დილის 7:00 საათზე ცენტრში პოზიციებზე ფრონტის ხაზი მაინც გაირღვა. აფხაზურმა ფორმირებებმა ქალაქის გარეუბანში შეაღწიეს. გუმისთაზე განლაგებულ ბატალიონებს ალყაში მოქცევის საშიშროება დაემუქრათ, თუმცა გარღვევა მალე შეაჩერეს. წინა ხაზზე რეზერვიდან გადასროლილმა ნაწილებმა გარეუბანში შემოსული მოწინააღმდეგე ალყაში მოაქცია და მთლიანად გაანადგურა.
16 მარტს განსაკუთრებული როლი არტილერიამ ითამაშა. იერიშზე გადმოსულ სეპარატისტთა უკანა ეშელონი ქართული ქვემეხების ცეცხლში მოჰყვა. აფხაზებმა უდიდესი დანაკარგი განიცადეს. აშკარა გახდა, რომ აფხაზთა შტურმი მიზანს ვერ აღწევდა. დაახლოებით 15:00 საათისთვის სეპარატისტებმა უკან დახევა დაიწყეს. დღის ბოლოს გუმისთა აფხაზებისგან მთლიანად გაიწმინდა.
მარტო დაღუპულების სახით აფხაზურმა მხარემ 1000-მდე კაცი დაკარგა. აფხაზებმა იმდენად დიდი დაკარგი განიცადეს, რომ მათ რიგებში პანიკა წარმოიშვა. თუმცა ქართული მხარე იერიშზე არ გადასულა. ჯარი კონტრ-შეტევის ბრძანებას ამაოდ ელოდა. ამის გამო 16 მარტის გამარჯვება მხოლოდ ომის ერთ-ერთ ეპიზოდად დარჩა. მნიშვნელოვანმა სამხედრო წარმატებამ კონფლიქტის მიმდინარეობაზე გავლენა მაინც ვერ მოახდინა.
16 მარტის კატასტროფის შემდეგ აფხაზურმა მხარემ გამოსავალის ძიება დაიწყო. სოხუმზე წარუმატებელი შტურმის შედეგად სეპარატისტთა არმია მთლიანად დეზორგანიზებული იყო. დამარცხებიდან ერთი კვირის თავზე 23 მარტს არძინბამ დახმარებისთვის კვლავ მოსკოვს მიამრთა.
14 მაისს რუსეთის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაიდო. შეთანხმება ძალაში 20 მაისიდან შედიოდა. აფხაზეთში ცოცხალი ძალისა და ტექნიკის შემოყვანა ახალი ძალით განახლდა. ორი თვის განმავლობაში აფხაზეთში შედარებითი სიმშვიდე იყო და მხოლოდ პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობდა.
ქართული მხარესათვის აფხაზები მოულედნალად გააქტიურდნენ. 2 ივლისს დილის 5.00 საათზე ოჩამჩირის რაიონში, დაბა ტამიშთან აფხაზურმა მხარემ საზღვაო დესანტი გადმოსხა. დესანტის რაოდენობა 600 კაცს შეადგენდა. ბატალიონის დესანტირებას რუსეთის სამხედრო ხომალდი უზრუნყველობდა. 2 ივლისს ტამიშის რაიონში ბაზირებული ქართული ნაწილები სანაპირო ზოლის კონტროლს პრაქტიკულად არ ანხორციელებდნენ. დესანტმა ამით ისარგებლა და ნაპირზე დაუბრკოლებლად გადავიდა. დესანტმა ცაკირა-ტამიშის მონაკვეთი დაიკავა და პლაცდარმის სწრაფი გაფართოება დაიწყო.
2 ივლისს, გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში ლაბრასა და ზემო კინთხში განლაგებულმა ნაწილებმა მიიღეს. დესანტთან ერთად გააქტიურდა ოჩამჩირის რაიონში მოქმედი აფხაზური ფორმირება. ჩქირდიდან გამოსულმა ჯგუფმა შინაგანი ჯარების ნაწილს ჩრდილოეთიდან შეუტია. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი ყველა ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. ქართულმა მხარემ სამი საათის განმავლობაში დაახლოებით 300-მდე მებრძოლი დაკარგა. დესანტმა ოჩამჩირე-სოხუმის მაგისტრალის კონტროლი დაიწყო.
ოჩამჩირეში დესანტის გადასხმა რუსების მიერ დამუშავებული საერთო გეგმის მხოლოდ ნაწილი იყო. დესანტის მთავარ მიზანს სტრატეგიული სიმაღლეების, პირველ რიგში კი ანუაარხუს ხელში ჩაგდება წარმოადგენდა. თუ დესანტი საკუთარ ამოცანას შეასრულებდა, აფხაზები სოხუმის შტურმს დაიწყებდნენ. 16 მარტს მიღებული გამოცდილებით, სეპარატისტები მიხვდნენ, რომ ქალაქს პირდაპირი დარტყმით ვერ აიღებდნენ. ამიტომ ოჩამჩირეში დაწყებული ოპერაციის პარალერულად აფხაზებმა გუმისთის შემოვლა დაიწყეს. მათ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ისარგებლეს და სოხუმის ჩრდილოეთით შემოვლითი გზის მშენებლობა დაიწყეს.
აფხაზებმა შრომა-კამანის მიმართულებით მძიმე ტექნიკა გადაისროლეს და სამი დღის განმავლობაში სოხუმ-ჰესი, სოფელი გუმა და ახალშენი აიღეს. მოწინააღმდეგე სტრატეგიულ დასახლებას კამანს მიუახლოვდა.
ჩრდილოეთით მოწინააღმდეგის გააქტიურება უმნიშვნელო ეპიზოდად ჩაითვალა. ქართულმა მხარემ მთავარ ამოცანად ტამიშში გადმოსხმული დესანტის ლიკვიდაცია მიიჩნია. 3 ივლისს სადესანტო ნაწილებმა სიმაღლე ანუაარხუს პირველად შეუტიეს. ბრძოლა დაზვერვით ხასიათს ატარებდა და იგი ნახევარ საათში დასრულდა. თუ სიმაღლეს აიღებდნენ, სეპარატისტები ოჩამჩირე-სოხუმის მაგისტრალზე სრულ კონტროლს დააწესებდნენ. ქართულმა მხარემ დესანტის ლიკვიდაციისათვის მზადება დაიწყო. მოლაპარაკების შედეგად დესანტის ლიკვიდაციაში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრე ფორმირებებმა.
5 ივლისს მოწინააღმდეგე შრომა-კამანის მიმართულებით კვლავ გააქტიურდა. გამთენიისას აფხაზური ფორმირებები კამანში შეიჭრნენ. სოფელი დღის ბოლოს დაეცა. სოფლის აღების შემდეგ მოსახლეობა მთლიანად გაანადგურეს. სოხუმამდე აფხაზებს სულ 12 კილომეტრი აშორებდათ.
კამანის აღებამდე ერთი დღით ადრე მოწინააღმდეგემ საჰაერო დესანტით სტრატეგიული სიმაღლე ახბიუქის დაკავება სცადა. დესანტირება წარუმატებელი აღმოჩნდა; ქართულმა ნაწილებმა მი-8 ტიპის ორი ვერტმფრენი ჰაერშივე ააფეთქეს. აფხაზურმა მხარემ 50-მდე კაცი დაკარგა.
ერთკვირიანი პაუზის შემდეგ ოჩამჩირის რაიონში დესანტმა ანუაარხუს შტურმი დაიწყო. 9 ივლისს, დილის 6.00 საათზე, მძიმე ტექნიკის მხარდაჭერით აფხაზები შეტევაზე გადმოვიდნენ. ისინი სიმაღლის აღებას ნებისმიერ ფასად ცდილობდნენ. განუწყვეტელი ბრძოლა ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. კრიტიკულ წუთებში, ახალ კინთხში ბაზირებულმა საარტილერიო დივიზიამ დესანტზე იერიში მიიტანა. მოწინააღმდეგემ ამოცანა ვერ შეასრულა. დაღუპულების სახით დესანტმა 150-მდე მებრძოლი დაკარგა. მწყობრიდან გამოვიდა სამი ტანკი. ანუაარხუზე შეტევის პარალელურად აფხაზებმა იერიში სოხუმიდან 9 კილომეტრში მდებარე სოფელ შრომაზეც მიიტანეს.
ვითარება საგანგაშო გახდა, აფხაზებმა სოფლის ცენტრი თითქმის მთლიანად დაიკავეს, თუმცა აფხაზთა პირველი შეტევა ლიკვიდირებულ იქნა.
შრომა სტრატეგიულ სიმაღლეზე მდებარეობს. სოფელში მოხვედრა მხოლოდ ხეობიდან ამოსასვლელი ერთადერთი გზით შეიძლება. ამის მიუხედავად აფხაზებმა შრომის აღება მაინც მოახერხეს. სეპარატისტთა პირველი იერიშის მოგერიების შემდეგ სოფელში პოლიციის ნაწილი დარჩა. ღამით აფხაზებმა პოლიციის მეთვალყურეები ამოხოცეს და შრომა უდანაკარგოთ დაიკავეს.
ანუაარხუზე წარუმატებელი იერიშის შემდეგ დესანტმა 10 ივლისს კინდღის მიმართულებით გაჭრა სცადა, თუმცა ესეც ვერ მოახერხა. სეპარატისტებს გზა ქართველებმა გადაუჭრა. დესანტმა წინ წაწევა ვერ შეძლო და გაიფანტა. აფხაზებმა ტყვარჩელისკენ პატარა ჯგუფებით გადასვლა დაიწყეს. 11 ივლისს ოჩამჩირიდან წამოსულმა დაჯგუფებამ დესანტის ნარჩენები საბოლოოდ გაანადგურა. სოხუმისკენ გზა გაიხსნა. ოჩამჩირის რაიონში დესანტისგან მხოლოდ წარწერები დარჩა.
14 ივლისს აფხაზებმა შრომა-კამანის მიმართულებით ყველა სტრატეგიული სიმაღლე დაიკავეს. სეპარატისტები აკონტროლებდნენ კამანს, შრომას, ახბიუქს, აპიანდას. 17 ივლისს ქართულმა მხარემ სიმაღლეების დასაბრუნებელი ოპერაცია დაიწყო. თავგანწირული ბრძოლების მიუხედავად ქართულმა მხარემ სიმაღლეების დაბრუნება ვერ მოახერხა. სოხუმზე შეტევისთვის აფხაზებმა შესანიშნავი პლაცდარმი აიღეს. შრომა-კამანიდან სოხუმზე პირდაპი გზა მიდიოდა. ახბიუქისა და აპიანდას სიმაღლეებიდან კი ქალაქის დაბომბვა პრობლემას არ წარმოადგენდა. სოხუმი ჩრდილოეთის მხრიდან ბლოკირებული იყო. აფხაზებმა გუმისთის ხაზს მოუარეს და ქართველთა პოზიციების ზურგში გამაგრდნენ. ასეთ ვითარებაში ქალაქის დაცვა უკიდურესად რთული საქმე ხდებოდა.
27 ივლისს, სოჭში კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა, რუსეთის შუამავლობით მორიგ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შემუშავებული დოკუმენტის მიხედვით აფხაზეთს ტოვებდა ყველა დაქირავებული მებრძოლი, აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ფორმირებების უმეტესობა. სოხუმიდან უნდა გაეტანათ ქართული არმიის ჯავშან-ტექნიკა და არტილერია. აფხაზურ ტექნიკაზე კონტროლი აფხაზეთში დისლოცირებულ რუსულ ნაწილებს დაევალა.
27 ივლისი ფაქტობრივად კაპიტულაციას ნიშნავდა. სეპარატისტების მიერ სოხუმის აღება მხოლოდ დროის ამბავი იყო.
1993 წლის შემოდგომა სოხუმში სროლის გარეშე დაიწყო. 1 სექტემბერს ქალაქის ყველა საშუალო სკოლაში სწავლა განახლდა. მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელიც ბრძოლების დროს გაიხიზნა, ხელისუფლების მოწოდების შემდეგ კვლავ სოხუმში დაბრუნდა.
27 ივლისს სოჭში ხელმოწერილი შეთანხმების შემდეგ აფხაზეთის დედაქალაქი ქართული შეიარაღებული ძალების კუთვნილი მძიმე ტექნიკისგან თანდათან იცლებოდა. 1 სექტემბერს სოხუმიდან უკანასკნელი ტანკი და ქვემეხი ფოთში გაიტანეს. შეთანხმების შესაბამისად ქართული მხარე გუმისთის ხაზის განაღმვასაც დათანხმდა. ქალაქი ღია და დაუცველი დარჩა.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება აფხაზურმა მხარემ სოხუმზე შეტევის მოსამზადებლად გამოიყენა. ქალაქის შტურმისთვის სეპარატისტები საფუძვლიანად ემზადებოდნენ. შეტევის გეგმა რუსეთის გენშტაბში დამუშავდა. ივლისში შრომა-კამანის აღებით აფხაზებმა ქართული დაცვის ზურგში მნიშვნელოვანი პლაცდარმი მოიპოვეს. აფხაზებს ქალაქის ნებისმიერ რაიონში დაუბრკოლებლად შეეძლოთ შეღწევა. სექტემბრისთვის სოხუმი ჩრდილოეთიდან და გუმისთის მხრიდან ბლოკირებული იყო. გეგმის ძირითად ამოცანას სოხუმის მთლიანად ალყაში მოქცევა წარმოადგენდა. რუსეთის გენშტაბის ვარაუდით ქალაქი შეტევის დაწყებიდან ოთხ დღეში დაეცემოდა.
დარტყმის ძირითადი აქცენტი ქალაქის ახალ რაიონზე კეთდებოდა. ოპერაციის მხარდაჭერას შრომა-კამანის რაიონში ბაზირებული აფხაზური შენაერთები განახორციელებდნენ. იმისთვის, რომ ქართულ მხარეს სოხუმში დამატებითი ძალები არ გადმოესროლა, გათვალისწინებული იყო ოჩამჩირე-სოხუმის დამაკავშირებელი მაგისტრალის გადაკეტვა.
კონფლიქტის შედეგები [რედაქტირება]
კონფლიქტის შედეგად ქართული მხრიდან 3.000-ზე მეტი მარტო ჯარისკაცი დაიღუპა. სეპარატისტები და მათი თანამებრძოლები საშინლად გაუსწორდნენ აფხაზეთის მშვიდობიან ქართულ მოსახლეობას, მარტო პატარა საკურორტო ქალაქ გაგრაში 1.000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე გამოასალმეს სიცოცხლეს სასტიკი წამებითა და შეურაცხყოფით. ეთნიკური წმენდა და მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურების საშინელი ფაქტებია დაფიქსირებული გუდაუთის, სოხუმის, ოჩამჩირისა და გალის რაიონებში. სეპარატისტები ხშირ შემთხვევაში მათ მიერ აღებული სოფლების ქართულ მოსახლეობას თითქმის მთლიანად ანადგურებდნენ (სოფ. ოთხარა-გუდაუთის რაიონი; სოფ. ახალშენი, სოფ.კამანი, სოფ.შრომა, სოფ.ზემო ეშერა-სოხუმის რაიონი; სოფ. ახალდაბა, სოფ. ახალი კინდღი, სოფ. ქოჩარა, სოფ.მერკულა-ოჩამჩირის რაიონი) და ა.შ. ქართველების განადგურებამ პიკს ქალაქ სოხუმში მიაღწია, ქალაქის აღების შემდეგ 1.000-მდე სოხუმელი გახდა საშინელი წამების მსხვერპლი. საერთო ჯამში დაუზუსტებელი ინფორმაციით 5.000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
მძიმე დანაკარგები განიცადა სეპარატისტული იდეებით მოწამლულმა მცირერიცხოვანმა აფხაზმა ხალხმაც, მათ 3.000-ზე მეტი თანამემამულე დაკარგეს. ომის პერიოდში დაიღუპა ასევე რამოდენიმე ასეული რუსი და ჩრდილოკავკასიელი დაქირავებული ბოევიკიც.
საომარი მოქმედებების გამო აფხაზეთის ავტონომიურმა რესპუბლიკამ განიცადა უზარმაზარი ნგრევა და ეკონომიკის კოლაფსი. მთლიანად განადგურდა რკინიგზა. განადგურდა 450 კილომეტრი სიგრძის საავტომობილო გზა, 32 ხიდი, 500 კილომეტრი სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის ინფორმაციით კონფლიქტის შედეგად ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განადგურდა 49.000-მდე შენობა, აქედან 43.000 კერძო საცხოვრებელი სახლი. 30 ერთეული კულტურისა და 25 ერთეული ადმინსიტრაციული ობიექტი. ქალაქ სოხუმში განადგურდა 10.000-მდე შენობა, გაგრის რაიონში 9.000 შენობა, სოხუმის რაიონში 2.500 შენობა, გუდაუთის რაიონში 400 შენობა, გულრიფშის რაიონში 4.000 შენობა, ოჩამჩირის რაიონში 8.000 შენობა, გალის რაიონში 15.000 შენობა.