აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ, ხელი მოაწერა ბრძანებას ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების დამატებით გაგზავნის შესახებ. ამერიკული საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, აშშ ავღანეთში 30 ათას სამხედრო მოსამსახურეს გააგზავნის. თეთრი სახლის წარმომადგენლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა საბოლოოდ დაამტკიცა ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ოპერაციის სტრატეგია და ამის შესახებ მსოფლიო ლიდერებს შეატყობინა. დღესვე დაგეგმილია ამ საკითხზე ობამას ოფიციალური გამოსვლაც.
თეთრი სახლის პრესმდივნის, რობერტ გიბსის ინფორმაციით, ავღანეთის სამხედრო კონტინგენტის გაზრდის თემაზე სასაუბროდ აშშ-ის პრეზიდენტი სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს კვირას შეხვდა, შემდეგ ესაუბრა თავდაცვის მინისტრ რობერტ გეიტსსა და მრჩეველს უსაფრთხოების საკითხებში ჯეიმს ჯოუნსს, პრეზიდენტი დაუკავშირდა ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ოპერაციის მეთაურს, გენერალ სტენლი მაკრისტალსაც.
დღეისთვის ავღანეთში აშშ-ის 68 ათასი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება, ზოგადად, საერთაშორისო კოალიციის ჯარების რიცხვი ასი ათასს აჭარბებს.
ავღანეთის ოპერაციაში აშშ-ის მთავარმა მოკავშირემ, დიდმა ბრიტანეთმა, ასევე, მიიღო გადაწყვეტილება ავღანეთში კონტინგენტის გაზრდის შესახებ. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, გორდონ ბრაუნმა უკვე გააკეთა განცხადება ავღანეთში 500 ჯარისკაცის გაგზავნის შესახებ. ამის შემდეგ ავღანეთში ბრიტანელ ჯარისკაცთა რიცხვი 10 ათასი იქნება.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმააც დაადასტურა ინფორმაცია, რომ რომი მზად არის, გაზარდოს ავღანეთში იტალიელი სამხედროების რაოდენობა, რომელთა რიცხვი დღეისთვის 3,2 ათასს შეადგენს.
"ინტერპრესნიუსი"