ავღანეთის სამშვიდობო მისიაში დამატებით კიდევ 500 ბრიტანელი ჯარისკაცი ჩაერთვება.
”ბი-ბი-სი”-ს ცნობით, ამის შესახებ განცხადება დღეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ნატო-ს წევრი ქვეყნების მხრიდან სათანადო მხარდაჭერა და სამშვიდობო მისიაში აქტიური მონაწილეობა იქნება, ბრიტანელი ჯარისკაცები ავღანეთში იმ დრომდე იქნებიან, სანამ საკმარისი რესურსი და აღჭურვილობა ექნებათ.
აღნიშნული განცხადების გაკეთებამდე გორდონ ბრაუნმა იმ 37 ბრიტანელი ჯარისკაცის სახელი და გვარი ამოიკითხა, რომლებიც აგვისტოს თვიდან დღემდე ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციის მსვლელობისას დაიღუპნენ.
მიმდინარე წლის განმავლობაში ავღანეთში 84 ინგლისელი ჯარისკაცი დაიღუპა. 2001 წლიდან დღემდე კი, მას შემდეგ რაც ავღანეთში სამშვიდობო ოპერაციები დაიწყო, დაღუპულ ბრიტანელ ჯარისკაცთა რიცხვი 221-ს შეადგენს.
"ინტერპრესნიუსი"