ჩეჩნეთში სარაკეტო დარტყმების შედეგად 20-მდე ”ბოევიკი” გაანადგურეს
ჩეჩნეთში მასშტაბური სარაკეტო დარტყმების შედეგად 20-მდე ”ბოევიკი” გაანადგურეს. ერთ-ერთ ვერსიით, მათ შორის არის დოკუ უმაროვიც. ამის შესახებ ”იტარ-ტასი” ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება. სპეცოპერაცია პრეზიდენტ რამზან კადიროვის დავალებით და დუმის დეპუტატის, ადამ დელიმხანოვის ხელმძღვანელობით 13 ნოემბერს ჩატარდა. რუსული საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ვერტმფრენებმა სარაკეტო დარტყმები შალაჟის დასახლებულ პუნქტან ახლოს განახორციელეს. სპეცოპერაციის შედეგად 20-მდე ”ბოევიკი” გაანადგურეს, მათ შორის ამოცნობილია ისლამ უსფახაჯიევის (ზედსახელად ”იმამი”) გვამი, რომელიც დოკუ უმაროვის დაჯგუფების ერთ-ერთი მეთაური იყო. 2005 წლიდან იგი იძებნებოდა. სპეცოპერაციის შემდეგ ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართა რამზან კადიროვმა, რომელმაც განაცხადა, რომ ლიკვიდირებულ ”ბოევიკებს” შორის შესაძლოა, დოკუ უმაროვიც იყოს. ცნობილია, რომ სპეცოპერაციის დროს მოკლულია, აგრეთვე, რუსტამ აკუევი და ალხაზურ ბაშაევი.