ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
დაუპატიჟებელი სტუმრები მეკვლედ და ქართულ-აფხაზურ ქორწილში აჟღერებული სიმღერები

უკვე წლებია, აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ქართველები (და არა მარტო ისინი) ახალ წელს ერთი სურვილით ხვდებიან - ღმერთმა მშვიდობა მოგვცესო! გადის წლები და ნანატრი მშვიდობა არა და არ მოდის. ამის მოლოდინში, საკუთარ მიწაზე გამუდმებული საფრთხის ქვეშ მცხოვრები ქართული ოჯახები ყოველ დღესასწაულზე დაუპატიჟებელ სტუმრებს მასპინძლობენ...

მურმანი, 62 წლის, გალის რაიონის მკვიდრი:

- ჩვენც საქართველოს ნაწილი ვართ, ოღონდ არა დამოუკიდებელი, არამედ საბჭოთა საქართველოსი: აქ ჯერ კიდევ ის ტრადიციებია შემორჩენილი, რომლებიც კომუნისტების წლებში იყო და ასეა დანარჩენ აფხაზეთშიც... აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ, რამდენიმე ახალ წელს ვხვდებოდით სურვილით - ამ წლიდან, ენგურის ხიდი ჩვენსა და დანარჩენ საქართველოს შორის გამყოფი საზღვარი არ ყოფილიყოს-თქო. შემდეგ, როცა ვითარება ძალიან გამწვავდა და აფხაზებმა გალის რაიონი თავიანთ საბატონოდ გამოაცხადეს, უკვე იმას ვნატრობდით, - ნეტავ, სახლ-კარის დატოვებამ არ მოგვიწიოსო. ცოტა მოგვიანებით, როცა ვითარება შედარებით დამშვიდდა და აფხაზებსა და რუსებთან საერთო ენა ვიპოვეთ, ვნატრობდით, - ნეტავ ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც ახლა არისო... ბოლო დროს სიტუაცია ძალიან შეიცვალა.

გააფხაზებას ვინღა ჩივის, ლამის გარუსებით გვემუქრებიან და უკვე აღარც ვიცით, რა ვინატროთ. მშვიდობა, ვიცით, რომ კარგა ხანს არ იქნება და ამიტომ ერთმანეთს ასე ვეუბნებით - გაძლება მოგვცეს ღმერთმა-თქო!.. ოღონდაც აქაურობა რუსების სამხედრო ბაზად არ გადააქციონ და ამ სიტუაციასაც ავიტანთ როგორმე. მაინც საკუთარ ჭერქვეშ ვცხოვრობთ, მართალია - რისკის ფასად, მაგრამ სხვის სახლში, სხვისი ხელის შემყურე ყოფნა უფრო მძიმე ტვირთია, ვიდრე გამუდმებული სტრესის ქვეშ ცხოვრება. კარგა ხანია, ადამიანურ ცხოვრებაზე პრეტენზია აღარ გვაქვს, მაგრამ მიწა, სადაც ვცხოვრობთ, ჯერჯერობით ჩვენია და თუ იშრომებ, მშიერი არ დარჩები...

- ვიცი, რომ აფხაზებთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა გაქვთ; ისინი როგორ ხვდებიან ამ დღესასწაულს?
- ბევრი - არა, სულ რამდენიმე აფხაზი მეგობარი მყავს; ბავშვობიდან მეგობრები ვართ და ჩვენმა ურთიერთობამ ომსაც გაუძლო. ომამდე სოხუმში ვცხოვრობდი, აფხაზების გარემოცვაში ვიზრდებოდი. მერე კი გალში, ბაბუის სახლში დაბრუნებამ მომიწია... ერთი აფხაზი ძმაკაცი მყავს, ჯარში სამსახურისას ერთი კოვზით ვჭამდით საჭმელს... ომში მე ქართველების მხარეს ვიბრძოდი, ის - აფხაზების. ერთხელ შევხვდით გაგრაში ერთმანეთს. თვალი ავარიდე. ის მომესალმა და მითხრა, ოჯახი გაიყვანეო. არაფერი მითქვამს. დამშვიდობებისას კი მთხოვა, - თუ რომელიმეს რამე დაემართება, მეორემ მის ოჯახს უპატრონოსო... მერე ყველაფერი აირია. აფხაზეთის ომში ძმა და ორი ბიძაშვილი მომიკლეს. ერთი სიტყვით, აფხაზებისგან იმდენი ცუდი მახსოვდა, მათი დანახვაც არ მინდოდა. მაგრამ გავიდა დრო და მან თვითონ მიპოვა. დანარჩენი ძმაკაცები კი მე ვიპოვე - მისი თხოვნით. ახლა ჩვენც და აფხაზებიც ყველაფერს სხვანაირი თვალით ვუყურებთ, მაგრამ რაღა დროს?!

- მაინც რას ამბობენ?
- იმას, რომ მშივრები, უმუშევრები და დამცირებულები არიან და ვეღარც დამოუკიდებლობა მიიღეს... რეგიონში ვითარება სტაბილურობისა და განვითარების მხრივ, იმასთან მიახლოებულიც კი არ არის, რასაც აფხაზი და რუსი პოლიტიკოსები ტელევიზიით ირწმუნებიან. ნახევარი აფხაზეთი დაცლილია, დარჩენილები კი შიმშილობენ. გალში ხალხი ძირითადად, სოფლის მეურნეობით საზრდოობს, მესაქონლეობას მისდევს და საჭმლის პრობლემა მაინც არ არის. აფხაზეთის ქალაქებში ბოლო დროს გახსნილ ახალ მაღაზიებს, სასტუმროებსა და რესტორნებს უმეტესობისთვის მხოლოდ დეკორაციული დანიშნულება აქვს - იქ შესვლის სიამოვნება ძალიან ცოტას აქვს.

- აფხაზებსაც "რამდენიმე ეტაპად დაყოფილი" წინასაახალწლო სურვილი აქვთ, როგორც თქვენ?
- არა, მათ ერთი და უცვლელი სურვილი აქვთ - ნეტავ, გარუსებას გადავურჩეთ და ქართველებთან კი არა, თათრებთანაც ვიცხოვრებთო... ეს ხუმრობით. ისე კი, თავს აქნევენ ამბობენ, - რას ვიფიქრებდით, ისეთი დრო თუ დაგვიდგებოდა, როცა საკუთარ სახლში "შკაფის" გამოღება რუსებისთვის უნდა შეგვეთანხმებინაო?!.

- ახალ წელს აფხაზი მეგობრები თუ გსტუმრობენ?
- დიახ. შარშან 2 იანვარს მესტუმრნენ და ჩემი ძმის საფლავზე აყოლა მთხოვეს... დრო მართლაც, ყველაფრის მკურნალია, თორემ რამდენიმე წლის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე შეიძლებოდა, ასე მომხდარიყო.

მანანა, 50 წლის, სოფელ ნაბაკევის მკვიდრი:
- წინასაარჩევნოდ, აფხაზეთის საარჩევნო კომისიიდან მოვიდნენ და ოქროს კოშკების აგებას შეგვპირდნენ, - თქვენს უფლებებს დავიცავთ, სამუშაო ადგილები გაჩნდება, ცხოვრება მშვენიერი იქნებაო... ახლა კიდევ, ჩუმ-ჩუმად უკვე იმაზეც ლაპარაკობენ, სადაცაა, ევროკავშირში მიგვიღებენ და მერე რუსებსაც გავყრითო...

- მერე, რას გთხოვდნენ?
- არჩევნებში მონაწილეობას და სერგეი ბაღაფშისთვის ხმების მიცემას. ჩვენ ვიხუმრეთ: ბაღაფში არ იყო ამდენი ხანი, მაგრამ ვერაფერი სიკეთე დაგვმართა-თქო. ასე გვიპასუხეს, - ჯერ უცხოეთში ადგილს იმკვიდრებდა, აწი ნახეთ მისი "გამოცოცხლებაო"!.. ამაზე ვუთხარით, - აბა, აქამდე "მკვდარი" პრეზიდენტი გვყოლია თურმე-თქო... რაც შეეხება ახალ წელს, ჩვენ და აფხაზებს ერთნაირი ოცნება და სურვილი გვაქვს - მშვიდობა და სტაბილურობა, ოღონდ - რუსების გარეშე.

- აფხაზები თუ გსტუმრობენ საახალწლოდ?
- რასაკვირველია. უფრო, ახალი წლის წინა დღეებში ჩამოგვივლიან ხოლმე "თოვლის ბაბუასავით", ოღონდ იმ ზღაპრულ პერსონაჟს საჩუქრები მოაქვს, ამათ კი - მიაქვთ. ყველაფერს ეზიდებიან - ღვინოს, ყველს, სიმინდის ფქვილს, შაქარს... ამას წინათ, ერთმა აფხაზმა მითხრა: ტყემალი მენატრება, ქართულ-აფხაზური ომის შემდეგ არ მიჭამიაო. გამეცინა, - სახლში ქალები არ გყავს-მეთქი? - ქალები კი მყავს, მაგრამ ტყემლის ხე არ მაქვსო. მერე შაშხიც მოუნდა. მე ვუთხარი, - შობამდე მოიცადე-მეთქი. - კარგიო, - მიპასუხა და ჭიშკართან მდგარი ბურვაკისკენ გაიშვირა თითი, - აი, ის დამიკალიო. საგანგებოდ ვასუქებდით მე და ჩემი ქმარი, მაგრამ აღარ მოვიდა. ძველით ახალ წელს გვესტუმრა და თხა მოგვიყვანა.

- საჩუქრად?
- დიახ. ამდენი წელია, იქ ვცხოვრობთ და აფხაზებისგან საჩუქარი პირველად მივიღეთ... ბოლო დროს ხალხმა ჭკუა ისწავლა და ზამთრის მარაგს ვმალავთ. მაგრამ იარაღიანი კაცი რომ დაგადგება თავზე, საჭმელს კი არა, ყველაფერს დათმობ. სიცოცხლის ფასი ჩვენ რომ ვიცით, ისე, ბევრმა არ იცის... არ მინდა, ამ ახალ წელს ხალხს განწყობილება გავუფუჭო, მაგრამ ერთი თხოვნა მაქვს - ასე ხელაღებით ნუ განსჯით ჩვენს ცხოვრებას! დევნილობაც გამოვცადეთ, სხვისი ხელის შემყურეც ვიყავით და ახლაც მძიმე პირობებში გვიწევს ყოფნა, მაგრამ საკუთარ მიწაზე ვართ და ამისთვის ბევრ რამეს ვითმენთ. აფხაზისა და რუსისგან ნათქვამი აუგი ბევრად უფრო ადვილი მოსათმენია, ვიდრე ქართველის გადაკრული სიტყვა... მშვიდობას და სიკეთეს ვუსურვებ ჩვენს ხალხს და კიდევ - არასდროს გამოეცადოთ ის, რაც ჩვენ გვიწევს.

ნოდარი, 36 წლის, სოფელ ოტობაიას მკვიდრი:
- ახალგაზრდობის წლებში მიხაროდა, - სოფლის ცენტრში ვცხოვრობ-მეთქი! ახლა კი, ვინც შემოდის, პირველ რიგში, ჩემს სახლს ეჯახება. ომის შემდგომ 13-ჯერ გამოვცვალე ჭიშკარი: ხან ტანკი ეჯახება, ხან ჯავშატრანსპორტიორი და ხან კიდევ "ვილისი". რუსებისთვის სულ ახალი წელი და დღესასწაულია, დალევის მიზეზი არ სჭირდებათ და კვირაში 3 დღე მთვრალები არიან... სახლში მე და ჩემი მეუღლე ვცხოვრობთ, შვილებს ამ საგიჟეთში როგორ გავაჩერებ?! დღეში ერთხელ მაინც გვყავს ვიღაც უცხო სტუმარი. რუსი ჯარისკაცები, ჩემი შვილის ტოლი ბიჭები არიან და მეცოდებიან. ყოველ წელს აფხაზი მეკვლეები მყავს; მერე მთელი წელი მათ მასპინძლობას ვუნდები, მაგრამ სხვამ რომ "მიფეხოს", მაინც არაფერი შეიცვლება, ისევ აფხაზები და რუსები მეყოლებიან სტუმრად... ყოფილა შემთხვევა, რომ ახალ წელს, ერთი ღამის განმავლობაში 30-ზე მეტი "პარტია" გაგვისტუმრებია.

- რომლის სტუმრობა უფრო საშიშია - აფხაზის თუ რუსის?
- ორივე ერთი ოხერია, მაგრამ ალბათ მაინც აფხაზი სჯობია: მთვრალი რუსი ცხოველივით არის - ვერაფერს შეასმენ. "დავაი", "ნალივაი"! - და მორჩა. მერე მინუს 20 გრადუსიც რომ იყოს ტემპერატურა, იქვე ღობის ძირში მიიძინებენ. ერთხელ ჩემმა ძაღლმა მთვრალი რუსი ჯარისკაცი დაკბინა და ამის გამო, ცხოველი მომიკლეს... შარშან ახალ წელს რამდენიმე რუსი სამხედრო "მესტუმრა". სხვა რა გზა გვქონდა? - სუფრა გავშალეთ. ერთ-ერთმა გაოცება ვერ დაფარა, - ქართველები ღატაკი ხალხი მეგონა, სადაც ჯერ კიდევ თიხის ჭურჭელს იყენებენ, რა გეტყობათ თქვენ გაჭირვებისო?!.

დათო, 24 წლის, სოფელ გაგიდის მკვიდრი:
- ჩვენთან ახალი წლის აღნიშვნა 25 დეკემბრიდან იწყება და თვის ბოლომდე ყველა დღე ერთმანეთს ჰგავს. მეზობლებისა და ახლობლების ოჯახში მივდივართ და თითო ჭიქით ვადღეგრძელებთ: აფხაზეთს გაუმარჯოს საქართველოს შემადგენლობაში! - ეს არის ჩვენი პირველი სადღეგრძელო, შემდეგ კი, ერთმანეთის ოჯახებს ვუსურვებთ, უდანაკლისოდ გაეტარებინოს მთელი წელი ანუ იმ ქვეყნად უდროოდ არავინ წასულიყოს-თქო... შარშან ახალ წელს, ზუსტად 31 დეკემბერს ჩვენს სოფელში ქორწილი იყო. აფხაზი პატარძალი გვყავდა. ოჯახის უფროსი აფხაზებს ენათესავება; თუ არ ვცდები, მამიდა ჰყავს აფხაზზე გათხოვილი. ერთი სიტყვით, სოხუმელი პატარძალი გვყავდა და ამ ოჯახმა ისეთი სუფრა გაშალა, მაგიდები ხორაგისგან ჩაზნექილი იყო. აფხაზები გაოცებული იყვნენ. მასპინძელმა იფიქრა, - ბარემ ბოლომდე გავაგიჟებ ამათო, - და ფეიერვერკებით შემოიყვანა რძალი სახლში. თან საგანგებოდ ქორწილისთვის, ზუგდიდიდან ახალგაზრდა მომღერალი ბიჭიც გადმოიყვანა.

ქართულ-აფხაზური სუფრის საერთო ტრადიციებმა სტუმრებსა და ადგილობრივებს შორის დაძაბულობა მოხსნა. თითქოს ყველაფერი კარგად აეწყო. რამდენიმე სადღეგრძელოს შემდეგ კი მომღერალმა ქართული საცეკვაო მელოდიები დაუკრა. მასპინძელი დაფრთხა, მაგრამ აფხაზ სტუმრებს ცუდი რეაქცია არ ჰქონიათ. როგორც კი ქეიფი გახურდა, მან ისეთი პატრიოტული ქართული სიმღერები "დასცხო", აფხაზი სტუმრები წამოიშალნენ: ზოგმა წასვლა დააპირა, ზოგი საჩხუბრად აიფოფრა.

- მასპინძელს რა რეაქცია ჰქონდა?
- ცოცხალ-მკვდარი იდგა. ვერც მომღერალთან მისვლა შეძლო, რადგან ის სტუმრების მხარეს, სუფრის ბოლოში იჯდა და იქამდე აფხაზების მთელი რიგი უნდა გაევლო... ბიჭი მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა და აფხაზური სიმღერა - "აფსუა რუჭყუნცვა" ("უაზროდ დახოცილი აფხაზი ჭაბუკები") წამოიწყო. ამ სიმღერაში ქართველებისა და აფხაზების საერთო Oფესვებს უმღერიან... აფხაზები როგორც წამიერად აფორიაქდნენ, ისევე უცებ დაწყნარდნენ... ქეიფი ლამის დილამდე გაგრძელდა და მაყარმა რამდენჯერმე წამოიწყო, შემდეგ კი პირდაპირ მოითხოვა, - რამე რუსული სიმღერა შეასრულეთო, - მაგრამ ის ბიჭი, როგორც იტყვიან, ჯორზე შეჯდა და არ იმღერა. მასპინძელი აშკარად ბრაზობდა: როგორც კი სტუმრები წავლენ, დაველაპარაკებიო, - მაგრამ ხალხი წამოიშალა თუ არა, მომღერალმა ყველას მადლობა გადაუხადა, ოჯახის უფროსს ფულის აღებაზე უარი უთხრა და დასძინა, - მადლობა პირიქით, მე უნდა გითხრათ, აფხაზებისთვის ჩემი აზრის თქმის საშუალება რომ მომეცითო, - და "გარანტორის" (ადამიანი, ვინც მისი უსაფრთხო გადმოყვანა-გადაყვანაზე იყო პასუხისმგებელი) მანქანაში ჩაჯდა... ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დაუვიწყარი ახალი წელი იყო.

ლალი პაპასკირი
ჟურნალი ”გზა”

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja