უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ხარჯებს 8%-ით შეამცირებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა განაცხადა. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სტრატეგიის გადახედვის შემდეგ მომზადებული ანგარიში პრემიერმა პარლამენტს წარუდგინა. კემერონმა აღნიშნა, რომ ზოგიერთი გადაწყვეტილების მიღება მთავრობას ძალიან გაუჭირდა, მაგრამ, წინა, ლეიბორისტული მთავრობის მიერ დატოვებული ფინანსური მემკვიდრეობის გათვალისწინებით, მათ სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ.
"დიახ, ჩვენ რთული გადაწყვეტილება მივიღეთ, მაგრამ შედეგად პირველი კლასის სამხედრო ზესახელმწიფო გავხდებით, რომლის შეიარაღებული ძალებიც უახლესი ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი", - განაცხადა დევიდ კემერონმა და იქვე აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებების მიღება ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელი იყო.
"თავდაცვის უზრუნველყოფა ნებისმიერი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი და პრემიერ-მინისტრის პირველი მოვალეობაა, რასაც მე ძალიან სერიოზულად ვეკიდები. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების გარანტიები შევქმნათ და ისეთ შეიარაღებულ ძალებს ვფლობდეთ, რომელიც თანამედროვე მსოფლიოს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს", - განაცხადა კემერონმა.
კოალიციურმა მთავრობამ შეიარაღებული ძალების შემადგენლობის 42 ათას ჯარისკაცამდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც კემერონმა განაცხადა, 2020 წლისთვის საზღვაო ხომალდების რაოდენობა 23-დან 19 ერთეულამდე შემცირდება.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.