დვანის მიმართულებით ოკუპირებული ტერიტორიიდან სროლის ხმა თითქმის ყოველდღე ისმის
ქარელის რაიონის სოფელ დვანის მიმართულებით ოკუპირებული ტერიტორიიდან სროლის ხმა თითქმის ყოველდღე ისმის. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სოფელ დვანის მოსახლეობამ განუცხადა. "სროლები ძალიან ხშირია, ბოლო შემთხვევა ორი-სამი დღის წინ იყო. სოფელში დარჩენა საფრთხესთან არის დაკავშირებული. თუმცა, ამის მიუხედავად, არც ახალგაზრდები და არც მოხუცები სოფლის დატოვებას არ ვაპირებთ", - აცხადებს სოფელ დვანის მოსახლეობა. მათივე თქმით, საფრთხის გამო მოსახლეობა ვერ ახერხებს ვერც შეშის მოჭრას და ვერც სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავებას. ასევე, ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა სასმელი და სარწყავი წყალი. "როგორც სასმელი წყლის, ასევე სარწყავი არხის სათავე ნაგებობები რუსული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს, ამიტომ ამ მხრივ პრობლემა გვაქვს. წელს ვერც მიწების მორწყვა მოვახერხეთ", - განაცხადა სოფელ დვანის მცხოვრებმა, თამარ მამაგორიშვილმა. თუმცა, მისივე განცხადებით, მოსახლეობას აქვს ეზოებში ჭები და ეს პრობლემა, ასე თუ ისე, მოგვარებულია. სოფელ დვანის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც სოფელ დვანში კიდევ ერთი პოლიციის ბლოკ-პოსტი დაემატა, თავს შედარებით უსაფრთხოდ გრძნობენ.