ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
გაიუს იულიუს კეისარი

გაიუს იულიუს კეისარი (ლათ. IMP•C•IVLIVS•CAESAR•DIVVS) (დ. 12 ივლისი/13 ივლისი, ძვ. წ. 100 ― გ. 15 მარტი, ძვ. წ. 44 მოკლეს), რომაელი სახელმწიფო მოღვაწე, რეფორმატორი, დიპლომატი, მხედართმთავარი, მეცნიერი, მწერალი, ორატორი და კულტურტრეგერი.

გაიუს იულიუს კეისარი დაიბადა ძვ. წ. 100, 12 ივლისს, წარჩინებული პატრიციანული გვარის, გაიუს იულიუს კეისრის ოჯახში. კეისრის ახალგაზრდობა სულას დიქტატურას დაემთხვა. ეს იყო უაღრესად სისხლიანი დრო რომის ისტორიაში. გაიუს მარიუსი, იმ დროისათვის უკვე გარდაცვლილი მხედართმთავარი, სულას დაუძინებელი მტერი კეისარს ბიძად ეკუთვნოდა (მამიდის — იულიას მეუღლე). ეს, კი სასიკვდილო განაჩენი იყო იმ დროს. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ კეისარი ძალიან ახალგაზრდა იყო, სულა მასში უკვე ხედავდა ძლიერ პიროვნებას და მისი რეჟიმის მტერს. კეისარი იხსნა ვესტას ქურუმ ქალთა თხოვნამ. კეისარს რომში აღარ დაედგომებოდა. იგი წავიდა საბერძნეთში, სამოგზაუროდ და სასწავლებლად. სულას გარდაცვალების შემდგომ კეისარი ისევ დაბრუნდა რომში, სადაც დაიწყო აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა. კეისარს სამომავლოდ დიდი პროექტები ჰქონდა დაგეგმილი, მათ განსახორციელებლად კი საჭირო იყო ძალაუფლების ხელში ჩაგდება.

ძვ. წ. 63 კეისარი აირჩიეს უმაღლეს ქურუმად (Pontifex Maximus).

კეისარი დაუახლოვდა ორ უძლიერეს ადამიანს იმ დროინდელ მსოფლიოში - გნეუს პომპეუსს და ლიცინიუს კრასუსს. ძვ. წ. 60 წ. მოხდა ისტორიული შეთანხმება სამ უძლიერეს ადამიანს შირის. ამ კავშირს - პირველ ტრიუმვირატს მათმა მეგობრებმა უწოდეს კავშირი ჭკუისა (კეისარი), ძალისა (პომპეუსი) და ფულისა (კრასუსი). მტრებმა - სენატორებმა და ოპტიმატებმა კი, ვარონის ფორმულით - სამთავიანი ურჩხული. სამივე ტრიუმვირს განსხვავებული ინტერესები გააჩნდა: პომპეუსს - მისი ჯარისკაცებისთვის მიწების დარიგება და აღმოსავლეთში მის მიერ გაცემული ბრძანებათა დაკნონება, კრასუსს — აღმოსავლურ პროვინციათა მმართველობა, კეისარს კი კონსულობა.

ტრიუმვირთა წინააღმდეგ გამოვიდნენ სენატორული პარტიის წამყვანი ფიგურები - მარკუს ტერენციუს ვარონი და მარკუს პორციუს კატონი. თუმც, სენატი უძლური აღმოჩნდა ტრიუმვირთა წინააღმდეგ ბრძოლაში: 59წ. კონსულად აირჩიეს კეისარი, რომელმაც თავისი აგრარული პროექტი დაამტკიცებინა სენატს. კანონპროექტით გათვალისწინებული იყო 20 000 ადამიანის დასახლება ახლადგამოყოფილ მიწის ნაკვეთებზე; ძირითადად პომპეუსის ვეტერანებისათვის და მრავალშვილიანი მოქალაქეებისათვის. ეს კანონპქოექტი იულიუსის კანონების სახელით შევიდა ისტორიაში.

კონსულობის შემდგომ კეისარი ცისალპიური გალიის მმართველად დაინიშნა. გალიით იწყება კეისრის აღზევება. 58-50 წწ. კეისარმა რომს მკვიდრად დაუმორჩილა ტრანზალპიური გალია (დღევანდელი საფრანგეთი, ბელგია, ჰოლანდია, შვეიცარია). 56 წ. გაზაფხულზე, ტრიუმვირები ხელმეორედ შეხვდნენ ერთმანეთს ქ. ლუკაში. მოლაპარაკებათა შედეგად, ტრიუმვირები უფლებები გაიზარდა: კეისარი კვლავ 5 წლით დაინიშნა გალიის მმართველად, პომპეუსი და კრასუსი - კონსულებად. კონსულობის შემდგომ პომპეუსმა 5 წლით მიიღო ესპანეთის მმართველობა, კრასუსი კი მდიდარი პროვინციის - სირიის სამმართველოდ წავიდა ჯერ კიდევ კონსულობის ვადის გასვლამდე. კრასუსი ახალი სიმდიდრეების დაუფლებას და პართიელებთან ბრძოლას გეგმავდა.

კეისარმა, პირველად რომის ისტორიაში დაიწყო სამხედრო მოქმედებები ბრიტანეთის კუნძულებზე; მან 55წ. ლეგიონები გადასხა ბრიტანეთში, რამოდენიმეჯერ დაამარცხა ადგილობრივი კელტური ტომები და ტემზაზედაც გადავიდა. სულ ორი ექსპედიცია მოაწყო კეისარმა ბრიტანეთში. 52 წ. კეისარმა სასტიკად ჩაახშო კელტთა აჯანყება, რომელსაც არვერნთა მეფე - ვერცინგეტორიქსი მეთაურობდა.

54 წ. დაიწყო კრასუსის ექსპედიცია პართიაში, რომელიც რომაელთა კატასტროფით დამთავრდა. კრასუსი მესოპოტამიაში შეიჭრა და რამოდენიმე ქალაქი აიღო, გამოსაზამთრებლად კი ისევ სირიაში დაბრუნდა, შემდგომ 53წ. კრასუსმა ხელმეორედ გაილაშქრა პართიელთა წინააღმდეგ. რომაელებს პართიელებთან ბრძოლაში აკლდათ უმთავრესი - კავალერია. კრასუსი, ამასთან ერთად გადამეტებით აფასებდა რომაელთა შესაძლებლობებს. ძვ. წ. 53 ს. კარრთან ახლოს მოხდა გადამწყვეტი შეტაკება რომალებსა და პართიელებს შორის. პართიულმა კავალერიამ დაჯაბნა რომაული ლეგიონები. ალყაში მოქცეული კრასუსი და მისი ჯარი იტანჯებოდნენ სიცხისა და წყურვილისაგან. ბრძოლაში დაიღუპა კრასუსის შვილი მამაცი პუბლიუსი. დაიღუპა თვით კრასუსიც, რომელსაც თავი მოკვეთეს და ოროდ II გაუგზავნეს. კარრის ბრძოლა იყო პირველი სერიოზული შეტაკება ორ უდიდეს სახელმწიფოს შორის. კრასუსის შემდგომ პართიის საკითხი უმთავრეს როლს თამაშობდა რომის საგარეო პოლიტიკაში.

კრასუსის დაღუპვა მნიშვნელოვალი მოვლენა იყო რომის პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომელმაც საბოლოოდ დაშალა ტრიუმვირატი. პომპეუსმა დემოკრატიული პარტიიდან არისტოკრატიულ-ოპტიმატურ პარტიაში იწყო გადასვლა თანდათან. პომპეუსი დაუახლოვდა რესპუბლიკის ლიდერებს, განსაკუთრებით კი კატონს. კლოდიუს-მილონის შეიარაღებული კონფლიქტის შემდგომ, რომელსაც თავათ კლოდიუსი შეეწირა (კეისრის მომხრე), რომში საგანგებო უფლებები გადაეცა პომპეუსს. პომპეუსმა რამოდენიმე კანონი დაამტკიცებინა სენატს, რაც კეისარს ურთულებდა 48 წლისთვის კონსულად არჩევას. მართალია პომპეუსმა შენიშვნა შეიტანა კანონებში - ეს კეისარზე არ ვრცელდებაო, მაგრამ კომიციამ ეს შენიშვნა არ დაამტკიცა. ამრიგად, 52 წ. შექმნილმა სოციალურ-პოლიტიკურმა ვითარებამ რომში განამტკიცა პომპეუსის კავშირი ოპტიმატებთან. მკვეთრად გაძლიერდა კეისრის მტრების პოზიციები, რომელთაც სათავეში ედგა კატონი; მთელი მოძრობის იდეოლოგი კი იყო მარკუს ტულიუს ციცერონი . 51 წ. გამოვიდა მისი ტრაქტატი "სახელმწიფოს შესახებ" ("De Republica"). 51-49 წწ. კონსულებად ინიშნებოდნენ კეისრის მტრები. ყოველივე ეს რომის მსოფლიო რესპუბლიკას სამოქალაქო ომისკენ მიაქანებდა.

რომში პოლიტიკური სიტუაციის გამწვავებამ გამოიწვია კეისრის კონტრ-ზომები. კეისრის მთავარი სამხედრო ძალები კონცენტრირებული იყო ტრანზალპიურ გალიაში. თვითონ კეისარი კი ერთი ლეგიონით იდგა ცისალპიურ გალიაში. კეისარი ცდილობდა დაენახებინა რომისთვის, რომ ის მაქსიმალურად ცდილობდა სამოქალაქო ომის თავიდან აცილებას. კეისარმა შესთავაზა სენატს დაემტკიცებინათ მისთვის 2 ლეგიონი და ცისალპიური პროვინციისა და ილირიკის მმართველობა. სენატმა ეს საკითხი 49 წ. იანვარში განიხილა და უარჰყო. ციცერონი ცდილობდა ოპტიმალური გამოსავლის მოძებნას, მაგრამ არისტოკრატიული ფრთის უკიდურესმა წარმომადგენლებმა იმარჯვეს და დაამტკიცეს დადგენილება, რომლის თანახმად კეისარს დაუყოვნებლივ უნდა დაეტოვებინა დაკავებული თანამდებობა. კეისრის მომხრეებმა, სახალხო ტრიბუნებმა - მარკუს ანტონიუსმა და კვინტუს კასიუსმა ამ დადგენილებას ვეტო დაადეს. ოპტიმატები მტრულად შეხვდნენ სახალხო ტრიბუნთა გამოსვლას, ეს უკანასკნელნი კი იძულებულნი გახდნენ გაქცეულიყვნენ რომიდან გალიაში, კეისართან.

49 წ. 10 იანვარს, გაიუს იულიუს კეისარი ერთი ლეგიონით მიადგა მდინარე რუბიკონს. ამ მდინარეზე გადასვლის უფლება ჯართან ერთად არცერთ მთავარსარდალს არ ჰქონდა. კეისარი დიდხანს ფიქრობდა ამ პატარა მდინრეზე გადებულ პატარა ხიდის წინ. ბოლოს ხმამაღლა წარმოთქვა: "წილი ნაყარია!" კეისარმა მდინარეზე გადაიყვანა თავისი (მე-13) ლეგიონი და დაიძრა რომისაკენ. ეს კი სამოქალაქო ომის დაწყებას ნიშნავდა. კეისრის მოქმედების მოტივი გახლდათ სახალხო ტრიბუნთა უფლებათა შელახვა; ამით კეისარი სამოქალაქო ომის დაწყების პასუხისმგებლობას თავის მტრებს აკისრებდა. კეისრის რუბიკონზე გადასვლა მის მოწინააღმდეგეთათვის სრული მოულოდნელობა გახლდათ. პომპეუსის მთავარი ძალები ესპანეთში იყო კონცენტრირებული. იტალიაში კეისრის შეჩერება შეუძლებელი გახდა, რამაც განაპირობა პომპეუსის, და მასთან ერთად სენატის უმეტესი ნაწილის გაქცევა რომიდან საბერძნეთში. კეისარი შევიდა რომში. ყველას გასაოცრად, კეისარი დარჩენილ მოწინააღმდეგებს მეგობრულად შეხვდა, რაც მარიუს-სულას კონფლიქტის შემდგომ წარმოუდგენელი გახლდათ. რომიდან კეისარი ესპანეთისკენ დაიძრა, დაამარცხა უმთავარსარდლოდ (უპომპეუსოდ) დარჩენილი ლეგიონები და 49 წ. დასასრულს უმთავრესი ძალები გადასხა საბერძნეთში, ეპირში. პირველი შეტაკება დირაქიუმთან კეისრის მარცხით დასრულდა, თუმც, კეისარმა სწრაფად შესძლო ახალ პოზიციაზე გამაგრება და შემდეგი ბრძოლა ფარსალოსთან (48 წ. 6 ივნისი) ბრწყინვალედ მოიგო. პომპეუსი გაიქცა ეგვიპტეში, სადაც იგი, კეისრის გულის მოსაგებად, ვერაგულად მოკლეს ეგვიპტელებმა გემიდან ნაპირზე გადმოსვლისას. პომპეუსის ჯარის ნაშთები ჩაბარდენ კეისარს. კეისარი კი პომპეუსს დაედევნა; სამი დღის შემდეგ იგი ალექსანდრიაში ჩავიდა, სადაც ეგვიპტელებმა მიართვეს პომპეუსის წარკვეთილი თავი და ბეჭედი. ამის დანახვაზე კეისარს თვალები აეცრემლა. შესაძლოა, ეს არ იყო ფარისევლობა, კეისრის დიდსულოვნების და გულმოწყალობის კვალობაზე (პომპეუსი იყო აგრეთვე კეისრის სიძე - ადრეგარდაცვლილი ქალიშვილის - იულიას მეუღლე).

ეგვიპტეში იმ დროისთვის დინასტიური ბრძოლა მიმდინარეობდა პტოლემეუს ავლეტის ორ შვილს შორის. ანდერძის თანახმად ქვეყანა უნდა ემართა უფროს ქალიშვილს კლეოპატრას ძმასთან - პტოლემეოს დიონისესთან ერთად. დაპირისპირების შემდგომ კლეოპატრა გაძევებულ იქნა ალექსანდრიიდან. ეგვიპტეს კი ერთპიროვნულად მართავდა დიონისე. კეისარმა ეგვიპტეში ჩასვლისთანავე მოითხოვა ვალის დაბრუნება, რომელიც პტოლემეოს ავლეტს აეღო, ბოლომდე გადახდა კი ვერ მოესწრო. ალექსანდრიაში, კეისარს საიდუმლოდ შეხვვდა კლეოპატრა. კეისარი ძლიერ მოხიბლა ეგვიპტის პრინცესამ. შემდგომში, მათი ურთიერთობა დიდ სიყვარულში გადაიზარდა. კლეოპატრას კეისრის მეშვეობით უნდოდა ტახტის დაბრუნება, თვით კეისარს, კი ფული, რაც აუცილებელი იყო მისი პოლიტიკური გეგმების განსახორციელებლად. კეისარმა ეგვიპტის მმართველად ორივე და-ძმა გამოაცხადა, რამაც პტოლემეოსის პარტიის პროტესტი გამოიწვია. პტოლემეოსს ალექსანდრიელებმაც დაუჭირეც მხარი და კონფლიქტი შეიარაღებულ შეტაკებებში გადაიზარდა. ეგვიპტეში კეისარი მცირე ძალებით იყო ჩასული. მისი სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდა. კეისარი სასახლეში გამაგრდა, საიდანაც იგერიებდა მტრის თავდასხმებს. ალექსანდრიის პორტში იდგა ეტვიპტური ფლოტი. კეისარი შიშობდა, რომ ეს ფლოტი აჯანყებულთა მხარეზე გადავიდოდა, ამიტომ გასცა ბრძანება დაეწვათ პორტი. სამწუხაროდ, ხანძარმა იმსხვერპლა ალექსანდრიის ცნობილი ბიბლიოთეკაც. როდოსელი ევფრანიოსისა და მითრიდატე პერგამოსელის (მითრიდატე VI უკანონო შვილი) დახმარებით კეისარმა დაამარცხა აჯანყებულები. ეგვიპტის ხელმწიფედ კლეოპატრა დასვა, ეგვიპტე კი რომაელი ხალხის მეგობარ და მოკავშირე ქვეყნად გამოაცხადა. ალექსანდრიის ომმა საშუალება მიცა კეისრის მტრებს ძალები მოეკრიბათ. პონტოს მეფემ, ფარნაკემ (მითრიდატე VI შვილი), ალექსანდრიის ომის დამთავრებისთანვე დაიწყო საომარი მოქმედებები აზიაში. კეისარი წარმოუდგენელი სისწრაფით გადავიდა აზიაში, სადაც 47 წ. აგვისტოში ერთადერთ ბრძოლაში სასტიკად გაანადგურა ფარნაკე. კეისარმა, გამარჯვების აღსანიშნავად სამად სამი სიტყვა მისწერა რომს: მიველ, ვნახე, დავამარცხე (Veni, Vidi, Vici).

აზიის საქმეების მოგვარების შემდგომ კეისარი რომში დაბრუნდა. სამოქალაქო ომის პერიოდში რომის ეკონომიკური მდგომარეობა ძლიერ გაუარესდა, რამაც გამოიწვია ინფლაცია. აქტუალური გახდა ვალთა კასაციის პრობლემა. 49 წ. კეისარმა გამოსცა რამოდენინე კანონი ვალების გადახდის რეგულირებისათვის, რამაც უკმაყოფილება გამოიწვია როგორც მევალეებში, ისევე კრედიტორებში. კეისრის ეკონომიკური პოლიტიკის წინააღმდეგ გამოვიდა ჯერ ცელიუს რუფუსი, შემდეგ კორნელიუს დოლაბელა. მათი მოძრაობა თავიდანვე განწირული იყო. კეისრიანელებმა ორივე აჯანყება ჩაახშეს. კეისარმა რომში წესრიგი აღადგინა. ისევ დაიწყო კონსულთა არჩევა. კეისარმა შეავსო ძალზედ შეთხელებული სენატი, ძირითადად თავისი ცენტურიონებით, რომელთა უმრავლესობა იტალიკურ მუნიციპიათა მცხოვრებლები იყვნენ. 47 წ. აფრიკაში გააქტიურდნენ კეისრის მტრები - რესპუბლიკელები და ნუმიდიის მეფე იუბა. 46 წ. თაფსუსთან კეისარმა დაამარცხა მრავალრიცხოვანი რესპუბლიკური არმია. კატონმა, ყველაზე თავდადებულმა და თანმიმდევრულმა რესპუბლიკელმა შემდგომი წინააღმდეგობა უაზროდ ჩათვალა და თავი მოიკლა. კეისარმა კატონის შვილს მიუსამძიმრა მამის დაღუპვა და გულისტკივილით თქვა: ეჰ, კატონ, შენის სიკვდილით აღმიკვეთე შენთვის სიცოცხლის ჩუქების შესაძლებლობა!". დაიღუპა მეფე იუბაც; ნუმიდია, კი გამოცხადდა პროვინციად Africa Nova. აფრიკის პროკონსულობა კეისარმა უბოძა სახელოვან ისტორიკოსს სალუსტიუს კრისპუსს. რესპუბლიკელთა უკანასკნელი ძალები თაფსუსის ტრაგედიის შემდეგ (დაიღუპა 50 000 რესპუბლიკელი და მხოლოდ 50 კეისარიანელი) თავმოყრილი იყო ესპანეთში. 45 წ. გაზაფხულზე ყველაზე მეტად სასტიკ და სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში (სადაც თვით კეისრის სიცოცხე ძაფზე ეკიდა) კეისარმა კვლავ დაამარცხა რესპუბლიკელები; დაეცნენ მათი უკანასკნელი ბასტიონები - კორდუბა და მუნდა. ამით დასრულდა კეისრის პომპეუსელებთან ბრძოლის უკანასკნელი ეტაპი; სამოქალაქო ომი დასრულდა. კეისარი ზეიმობდა - იგი იყო რომის ერთპიროვნული მმართველი.

სენატმა კეისარს უწოდა "სამშობლოს მამა" (Pater Patriae), მას მიენიჭა მუდმივი იმპერატორობა (Dictator Perpetuus), ასევე ცენზორის უმაღლესი რწმუნებები და სახალხო ტრიბუნთა უფლებები (Tribunitia Potestas). მას უფლება ჰქონდა ყველგან ეტარებინა წითელი ტოგა, როგორც მეფეს. რომში დაბრუნებულმა კეისარმა ბევრი თავისი მტერი შეიწყნარა. იგი პირადად შეხვდა ციცერონს პუტეოლში (შემგდომში, ციცერონმა ერთ თავის მეგობარს მისწერა ჩვენ, მე და კეისარი ერთმანეთს შევხვდით არა როგორც ორი პოლიტიკური მოწინააღმდეგე, არამედ როგორც ორი ლიტერატორიო. კეისარმა აპატია მარკუს ბრუტუსსაც და რომის პრეტორადაც კი დანიშნა იგი. ამნისტიის შემდგომ კეისარმა დაიწყო რეფორმატორული მოღვაწეობა: პირველად მან გამოსცა "მუნიციპალური კანონი" რის საფუძველზედაც რომიდან განდევნა უსაქმური მაცხოვრებლები და გადაასახლა კოლონიებში. კეისარმა რომში გრანდიოზული მშენებლობები დაიწყო, სადაც უსაქმურთა დანარჩენი ნაწილი დაასაქმა. რომში აშენდა "იულიუსის ზღუდე" სახალხო კრებისათვის, "იულიუსის ფორუმი". რომში უმუშევრობამ და ქურდობამ იკლო. მოქალაქეთა გაღატაკების თავიდან ასაცილებლად, კეისარმა შეზღუდა მფლანგველობა; მან დაადგინა ფულადი ხარჯების ნორმა, ამ ნორმაზე ზევით ფულის ხარჯვა იკრძალებოდა. რომში, მონათა მოზღვავებამ გამოიწვია გლეხთა გაღატაკება, პაუპერიზაცია. იაფასიანი მონის შრომა იტალიის მიწათმეურნეობიდან დევნიდა თავისუფალ მიწათმოქმედებს. კეისარი ცდილობდა აღედგინა წვრილი და საშუალო მიწათმფლობელობა, და საამისოდ დაიწყო მიტოვებული სოფლების აღდგენა, გზების გაყვანა, ჭაობების ამოშრობა. კეისარმა გააძლიერა საპოლიციო ზედამხედველობა გზებზე ყაჩაღობის აღსაკვეთად. ახლადგამოყოფილ ნაკვეთებზე კეისარმა თავისი ვეტერანები და ქალაქის უქონელი მოსახლეობა დაასახლა. კეისარმა იცოდა, რომ მიწაზე დამკვიდრების შეჩვევას წლები ესაჭიროებოდა, ამიტომ მან აკრძალა ნაკვეთთა მიტოვება ან გაყიდვა არანაკლებ 20 წლის მანძილზე. კეისარი ახალისებდა მრავალშვილიან ოჯახებს; ზღუდავდა მსხვილ ლატიფუნდარებს და მათგან მოითხოვდა მონის შრომის შეზღუდვას. კეისარმა კოლონიები დააარსა იტალიის გარეთ, ასე მაგ. გალიაში - ბეზიე, არლი, ორანჟი, იულიუსის ფორუმი, ნიმი; კართაგენში, კორინთოში და ასევე აზიაში. კეისარი ახალისებდა განათლებას რომაელთა შორის. ამისთვის მან მოიწვია ბერძენი მასწავლებლები, მეცნიერები, ექიმები ხელოვანნი, კეისარმა ტერენციუს ვარონს დაავალა რომში დიდი ბიბლიოთეკის დაარსება. კეისარმა დაადგინა მთელი სახელმწიფოსათვის ერთიანი ზომის, წონის და ფულის სისტემა. დაიწყო მოსახლეობის აღწერა და ქონებათა შეფასება. კეისარმა ჩაატარა კალენდრის რეფორმაც, დაადგინა წელიწადში 12 თვე. 1 იანვარი კი გამოაცხადა წლის დასაწყისად. (მე-7-ე თვეს, მის საპატივცემულოდ ეწოდა ივლისი). კეისარი კიდევ მრავალ ღონისძიებას გეგმავდა სამომავლოდ: მას უნდა დაეწყო რომში მარსის გრანდიოზული ტაძრისა და დიდი თეატრის მშენებლობა, პომპტინის ტბების ამოშრობა და ნატბეურევზე სამეურნეო ცხოვრების დამკვიდრება; იგი აპირებდა ოსტიის ნავსადგურის რეკონსტრუქციას; აპენინებზე გზების მშენებლობას; კეისარი გეგმავდა მთელი სახელმწიფოსათვის ერთიანი კანონმდებლობის შექმნას, რისთვისაც შექმნა სპეციალური კომისია.

მაგრამ კეისარს არ დასცალდა ყველა ჩანაფიქრის განხორციელება: კეისრის აშკარად გამოხატული მონარქისტული ტენდენციები რესპუბლიკელთა აღშფოთებას იწვევდა. მის წინააღმდეგ შეითქვა სენატორთა (ადრე მის მიერ შეწყალებულ მოწინააღმდეგე რესპუბლიკელთა) მცირე ნაწილი; დაახლოებით 60 კაცი. მათ ხელმძღვანელობდნენ გაიუს კასიუს ლონგინუსი, მარკუს იუნიუს ბრუტუსი და დეციმუს იუნიუს ბრუტუსი. (არსებობს გადმოცემა, რომლის თანახმადაც კალპურნიას, მის მეუღლეს დაესიზმრა ცუდი სიზმარი და დაითანხმა კეისრი უარი ეთქვა სენატში წასვლაზე. კეისარმა ცოლს დაუჯერა, თუმც ცრუმორწმუნე არ იყო. ერთი ვერსიის თანახმად, სწორედ ამ სხდომაზე უნდა ეღიარებინათ კეისარი მეფედ. მაგრამ კეისარს მისივე მკვლელები ესტუმრნენ სახლში, გადააფიქრებინეს სახლში დარჩენა და სენატში წაიყვანეს. შეთქმულებს ეჩქარებოდათ; 18 მარტს პართიაში გალაშქრებას აპირებდა კეისარი. გზაში, უცნობმა მას ტახტრევანში წერილი შეუგდო, სადაც მის წინააღმდეგ შეთქმულებაზე აფრთხილებდა, და თან მიაძახა "მხოლოდ შენ წაიკითხე, კაისარო, და სასწრაფოდ"-ო. მაგრამ კეისარს ეს წერილი შეუნახავს სხვა დროს წასაკითხად. სენატთან კეისარმა მისანი სპურინნა დაინახა, რომალმაც მას ადრე ურჩია მარტის იდუსს ერიდეო. კეისარმა მას ღიმილით მიმართა "მარტის იდუსიც მოვიდა". სპურინნამ კი ცივად უპასუხა "მოვიდა, მაგრამ ჯერ არ გასულა.").

ძვ. წ. 44, 15 მარტს, შეთქმულებმა, რომის სენატში, პომპეუსის ქანდაკებასთან მოკლეს კეისარი.

კეისარი ახალგაზრდობიდანვე ძალზედ შეუპოვარი, მაგრამ კეთილგონიერი პიროვნება გახლდათ. ახალგაზრდობაში კეისარს ძლიერ უყვარა ღვინის სმა და ქალებში დროს ტარება. სულამ მას "ლოთიც" კი შეარქვა, თუმც, შემდგომში კეისარმა მკვეთრად შეიცვალა ცხოვრების სტილი და სწორუპოვარი ჯარისკაცის სახელი მოიპოვა. კეისარი თავათ იყო მაგალითი თავისი ლეგიონერებისათვის; გახლდათ საოცრად გამძლე, ამტანი და თავზეხელაღებული მებრძოლი.

როდესაც კორნელიუს სულამ სახელმწიფო გადატრიალება მოახდინა რომში, კეისარი სიკვდილით დასჯის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა (გაიუს მარიუსი ბიძად ეკუთვნოდა კეისარს). კეისარი მაშინ ვესტას ქურუმ ქალთა თხოვნამ იხსნა. სულას ხანდახან უყვარდა გულმოწყალების გამოჩენა, თანაც კეისარი მაშინ ძალიან აღალგაზრდა გახლდათ და სულასთვის მეტოქეობის გაწევდა არც შეეძლო. სულამ აპატია კეისარს კეისრობა, მაგრამ, თქვა: დაე, აგრე იყოს, მაგრამ, გახსოვდეთ, რომ მაგ ბიჭში მრვალი მარიუსი ზის. კეისარი მაშინ რომს გაერიდა და საბერძნეთში განაგრძო სწავლა. ერთხელ იგი მეკობრეებმა შეიპყრეს და გამოსასყიდი მოთხოვეს. კეისარს გაეცინა - "თქვენ არც იცით, თუ ვინ ჩაიგდეთ ხელში"-ო განუცხადა მეკობრეებს და თვითონ დააწესა გამოსასყიდ თანხად 50 ოქროს ტალანტი, რაც ბევრად აღემატებოდა მეკობრეთა მოთხოვნას. ტყვეობის განმავლობაში კეისარი ბატონივით ექცეოდა მეკობრეებს: როცა წერდა ან კითხულობდა, ხმამაღლა ლაპარაკს უშლიდა თავისსავე დამტყვევებლებს! ეხუმრებოდა და თან ემუქრებოდა როცა განვთავისუფლდები, დაგედევნებით, ყველას შეგიპყრობთ და ჯვარზე გაგაკრავთო. ეს დანაპირები კეისარმა განთავისუფლებისთანავე შეუსრულა მეკობრეებს. როდესაც კეისარი უმაღლესი ქურუმის არჩევნებზე მიდიოდა, დედას განუცხადა "თუ არ დავბრუნდი როგორც უმაღლესი ქურუმი, მაშინ საერთოდ არ დავბრუნდები"-ო.

სვეტონიუსი თავის "ცხოვრება"-ში ამხელს კეისრის ძალაუფლებისკენ სწრაფვას. კეისარი, თავის მიზნების განსახორციელებლად გაუმართლებელ ნაბიჯებს დგამდა. ასე მაგალითად კონსულის არჩევნებზე 59 ძვ. წ. კეისარი ხალხის მოქრთამვასაც არ თაკილობდა, ხოლო კატონი სრულიად უკანონოდ დააპატიმრა, თუმც მერე მალე გაანთავისუფლა. თავისი ერთადერთი ქალიშვილი იულია ცოლად მისცა პომპეუსს, რათა გაემყარებინა მასთან კავშირი.

ციცერონსაც უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა კეისრისადმი, თუმც მის ნიჭს ყოველთვის აღიარებდა. "იცნობ განა შენ ვინმე ისეთს, თუნდაც მხოლოდ ორატორობაზე დახელოვნებულს, კეისარზე უკეთ რომ ლაპარაკობდეს? ან ვინმე ისეთს, რომელსაც შეეძლოს ამდენი გონებამახვიური შენიშვნების გაკეთება? ან კიდევ ასე მრავალფეროვანი ლექსიკონი რომ ჰქონდეს, და თანაც ასე ზუსტი?" - ამბობს ერთგან ციცერონი. ციცერონი, თავის ცნობილ ტრაქტატში "მოვალეობათა შესახებ" (De Officiis) წერს, რომ კეისარს უყვარდა ერთი ფრაზის გამეორება ევრიპიდეს "ფინიკიელი ქალები"-დან: "არის განა დანაშაული კეთილშობილების თანაზიარი?კეთილშობილია ტირანიის დანაშაული, თუ ზეციურ კანონებს ემორჩილება". ციცერონი ატიკუსისადმი მიწერილ წერილში ერთგან აღნიშნავს: "...გამოდის, რომ ჩვენი პრობლემა გადაუჭრელია, რადგან, თუ კეისრისეული გენიის მქონე კაცმა ვერ იპოვა გამოსავალი, მაშ ვინ შესძლებს ამას ახლა?" , (Ad Atticum, ძვ. წ. 44, 7 აპრილი, კეისრის მკვლელობის შემდგომ).

გელიუსის თანახმად, კეისარს მოსწონდა რომაელი მწერლის პუბლიუსის გამოთქმები:
"ცუდია გეგმა, რომელიც ცვლილებებს ვერ იტანს".
"გაიტანეთ, და ნუ დასტირით იმას, რისი შველაც აღარ შეიძლება".
"სიძუნწე - სიღატაკეა ნიღაბში".
"მოიგებ იმ შემთხვევაში, თუ გასცემ ღირსეულზე".
"ტყუილად ადანაშაულებს ნეპტუნს ის, ვინც ორჯერ ჩაიძირება".
"კაცს მოთმინების ფიალა რომ აევსება, მერე გაშმაგდებაო".
"უყურე მეგობარს ისე, როგორც შესაძლო მტერს".

კეისარი ძალზედ მკაცრი და მომთხოვნი ადამიანი გახლდათ. ერთხელ მან საკუთარი მზარეული დასაჯა, როდესაც ეს უკანასკნელი კეისარს და მის სტუმრებს სხვადასხვა ხარისხის პურით გაუმასპინძლდა. ერთხელ კეისრის ერთ ერთმა თანამებრძოლმა ადჲულტერი ჩაიდინა ერთ ერთი მხედრის ცოლთან. მიუხედავათ იმისა, რომ არანაირი საყვედური არ ყოფილა, კეისარმა თანამებრძოლი მაინც დასაჯა, თუმც ძლიერ უყვარდა. კეისარი ძალზედ ზომიერად სვამდა და ჭამდა. პორციუს კატონმა, თავათ ბახუსის დიდმა მოყვარულმა, ერთხელ აღიარა, რომ "კეისარი ერთადერთი იყო ისტორიაში, ვინც ფხიზელი შეუდგა რესპუბლიკის დამხობას". კეისარი გამოირჩეოდა თავისი თავმდაბლობითაც. ერთხელ სადილად დაპატიჟებულ კეისარს შეცდომით მომწარო ზეთი მიართვეს. კეისარმა, მასპინძლისადმი პატივისცემა გამოიჩინა და სადილი მიირთვა.

ერთხელ კეისარმა ლეგიონთა აჯანყების ჩაწყნარება მხოლოდ ერთი სიტყვით შესძლო. აჯანყებული ლეგიონერები სამხედრო სამსახურის შეწყვეტას და სახლებში დაბრუნებას ითხოვდნენ. კეისარმა შეიტყო თუ არა ეს ამბავი, უმალ თავის ჯარისკაცებთან გამოცხადდა და ჰკითხა: - "რა უნდათ ჩემგან ჩემს თანამებრძოლებს?" - "ჩვენ გვინდა თავისუფლება!" - "მიბოძებია თავისუფლება, მოქალაქეებო!" - აუმღვრევლად უპასუხა კეისარმა. გამაოგნებელი აღმოჩნდა კეისრის მიერ ლეგიონერთა ჯერ თანამებრძოლებად, ხოლო შემდეგ უბრალო მოქალაქეებად მოხსენება! ამ სიტყვებმა ჯარისკაცები, რომლებიც რამოდენიმე წელი ერთგულად ემსახურებოდნენ კეისარს, ემოციურ შოკში ჩააგდო. აჯანყებულებმა მაშინათვე მოუბოდიშეს კეისარს და შენდობა სთხოვეს.

კეისარი კულტურის დიდი ქომაგი გახლდათ. სამოქალაქო ომის დროს მას არ დაემორჩილა ქალაქი მასილია (დღევანდლი მარსელი). ხანგრძლივი ალყის შემდეგ კეისარმა აიღო მასილია, მისი გაშმაგებული ჯარისკაცები კი მოსახლეობის ამოწყვეტას და ქალაქის სრულ დანგრევას ითხოვდნენ. კეისარმა ეს არ დაუშვა, რითაც კაცობრიობას შემოუნახა კულტურის ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი - უძველესი ბერძნული კოლონია ქ. მარსელი.

კეისარი იყო შესანიშნავი მწერალიც. მისი ორივე გამოქვეყნებული წიგნი შემონახულია და ლათინური მწერლობის ნიმუშს წარმოადგენს. კეისრის "გალიის ომის კომენტარები" და "სამოქალაქო ომის კომენტარები" გამოირჩევათ ძალზედ სადა, ნატიფი და აუმღვრეველი თხრობითი სტილით. კეისარმა თავისი "კომენტარები" დაწერისთანავე გამოაქვეყნა, რაც მიუთითებს მისი შემოქმედებითი მოღვაწეობის პოლიტიკურ მიზნებზე.

გადმოცემის თანახმად, სიკვდილამდე 1 წლით ადრე კეისარს უთქვამს: "ახლა რომისთვის უფრო მნიშვნელოვანია ჩემი გადარჩენა, ვიდრე თავათ ჩემთვის. მე უკვე დიდი ხანია რაც მივაღწიე ძალაუფლებას და დიდებას. მე რომ რამე დამემართოს, რომი მშვიდობას ვეღარ შეინარჩუნებს; დაიწყება ახალი სამოქალაქო ომი, რომელიც წინაზე გაცილებით საშინელი იქნება..." . კეისრის ეს სიტყვები წინასწარმეტყველური აღმოჩნდა.

სიკვდილის წინა დღეს სტუმრად მიპატიჟებულ კეისარს ხუმრობით ჰკითხეს, თუ როგორ სიკვდილს არჩევდა. კეისარმა დაუფიქრებლად და სრული სერიოზულობით უპასუხა, რომ არჩევდა მოულოდნელ სიკვდილს და სწრაფად გაეცალა იქაურობას.

კეისარი წინააღმდეგობრივი პიროვნება გახლდათ. მას ახასიათებდა სწრაფვა ტირანიისკენ და გამოირჩეოდა თავისი ძალმომრეობით, თუმც, ამავე დროს იყო საოცრად მიმტევებელი, თავაზიანი და ერთგული ადამიანი. კეისრის მთელი მოღვაწეობა შეიძლება სუმარიზებული იყოს საერთო წესრიგისკენ დაუოკებელ სწრაფვაში. ორიათასწლოვანმა ისტორიამ თავისი განაჩენი გამოუტანა კეისრის პიროვნებას და მის მოღვაწეობას. კეისრის გენიამ კი სამარადჟამოდ დაივანა კაცობრიობის ისტორიაში.

მიუხედავად კეისრის ხანმოკლე სიცოცხლისა, მის მიერ დაწყებული პროცესი შეუჩერებელი აღმოჩნდა; რესპუბლიკის დღეები დათვლილი იყო. მონარქია, როგორც ალბათ იმ დროისთვის ყველაზე ოპტიმალური წყობილება, კეისრისთვის რომის სახელმწიფოს გადარჩენას ნიშნავდა. ქვეყანაში მომხდარი ყველა რეგრესიული თუ ნეგატიური მოვლენა კეისრის ყურადღების ქვეშ ექცეოდა: კორუფცია, უმუშევრობა და პარაზიტული არსებობა, ფლანგველობა, პაუპერიზაცია, უწიგნურობა და ბევრი სხვა რამ მისი ყოველდღიური ზრუნვის საგანი გახლდათ. ის კულტურულ-ეკონომიური პროგრესი, რაც რომის სახელმწიფომ ავგუსტუსის მმართველობის პერიოდში განიცადა, განაპირობა სწორედ კეისრის ბოლო წლების მოღვაწეობამ. კეისრის გრანდიოზული გეგმები აღემატებოდა ერთი ადამიანის შესაძლებლობებს, თუმც, რომ არა ნაადრევი სიკვდილი, მას შესაძლოა განეხორციელებინა კიდეც თავისი სტრატეგიული გეგმები. იულიუს კეისარი მიეკუთვნება ადამიანთა იმ მცირე ჯგუფს, რომელთაც შესძლეს კარდინალურად შეეცვალათ მსოფლიო ისტორიის განვითარების გეზი.

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja