ფეთქებადი ნარჩენებისგან გასუფთავებული სოფლები – დიცი და ტირძნისი ადგილობრივ თვითმმართველობას გადაეცა. განაღმული და გასუფთავებული ტერიტორია დღეს სპეციალისტებისგან თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ ჩაიბარა. სოფლის ტერიტორიაზე ბოლო ნაღმი გამნაღმველებმა დემონსტრაციულად მასმედიის წარმომადგენლების თანდასწრებით ააფეთქეს. ორივე სოფელი (944 ჰექტარი) სულ 263 განადგურებული/აუფეთქებელი/მიტოვებული საბრძოლო მასალისგან და 161 კასეტური ჭურვისგან გასუფთავდა. განაღმული ტერიტორია საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნიკა ძიმცეიშვილმა პირადად დაათვალიერა. “აგვისტოს ომმა ამ ტერიტორიაზე ძალიან დიდი საფრთხეები დატოვა, რომლებიც პირდაპირ ემუქრებოდა მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს. ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ მათ გავფრთხილებოდით. ტერიტორიის უმეტესი ნაწილი გასუფთავებულია” – აღნიშნა ნიკა ძიმცეიშვილმა. ქართულ-რუსული კონფლიქტის შემდეგ სოფლები დიცი და ტირძნისი აუფეთქებელი საბრძოლო მასალის გამო მოსახლეობისთვის სახიფათო იყო. განაღმვითი სამუშაოები თავდაცვის სამინისტროს დაკვეთითა და კოორდინაციით საერთაშორისო ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ “The HALO Trust” აწარმოა. აღსანიშნავია, რომ ჰუმანიტარული განაღმვის ხარისხს საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაცია ”ინფორმაციის მართვისა და განაღმვითი საქმიანობის პროგრამები” (iMMAP, აშშ) აკონტროლებს. ამ ეტაპზე განაღმვითი სამუშაოები 18 სოფელში განხორციელდა.