სეპარატისტულმა აფხაზეთმა 49 წლით დაუთმო რუსეთს ტერიტორიები სამხედრო ინფრასტრუქტურის განსათავსებლად. ეს კი ნიშნავს, რომ რუსეთის
სამხედრო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაძლიერდება შავი ზღვის აკვატორიაში. მართალია, NATO-მ დაგმო სეპარატისტულ სოხუმსა და მოსკოვს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, მაგრამ ეს რეალურად ბევრს არაფერს ცვლის.
გადაუთაში სახმელეთო სამხედრო-საჰაერო, ხოლო ოჩამჩირეში რუსული საზღვაო ბაზების შექმნა მარტო საქართველოს წინააღმდეგ როდია მიმართული, ის, უპირველესად, NATO-ს ინტერესებს დაემუქრება შავი ზღვის რეგიონში. გუდაუთის ბომბორას სამხედრო აეროდრომზე Су -24М საფრონტო და მით უფრო Ту-22М3 ტიპის შორი მოქმედების ბომბდამშენების განთავსების შემთხვევაში მათ შეეძლებათ საჰაერო დარტყმა შესაბამისად 560 და 2400 კმ რადიუსებში.
გუდაუთიდან 560 კმ-ის რადიუსში ხვდება მთელი საქართველო, ასევე NATO-ს წევრი თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის უდიდესი ნაწილი.
გუდაუთიდან აფრენილ Ту-22М3-ს კი 2400 კმ-ის რადიუსში შეუძლია სარაკეტო დარტყმა მიაყენოს NATO-ს წევრი თითქმის ყველა ევროპული ქვეყნის ტერიტორიებს და მისწვდეს თვით NATO-ს შტაბბინას ბრიუსელში!
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოსკოვი, ფინანსური პრობლემის გამო, შავი ზღვის მიმართულებას ნაკლებ ყურადღებას უთმობდა. თუმცა ამჟამად, აფხაზეთის ოკუპირებისა და უკრაინაში პრორუსული ძალების გამარჯვების შემდეგ კრემლი შავი ზღვის რეგიონში თავისი სამხედრო პოლიტიკური გავლენის მნიშვნელოვნად გაზრდას იწყებს.
ირაკლი ალადაშვილი