იაპონიამ და აშშ-მა 3 დეკემბერს ისტორიაში პირველად ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყეს. სწავლება, რომელმაც "ბასრი მახვილის" სახელწოდება მიიღო, აშშ-სა და იაპონიის სამხედრო თანამშრომლობის 50-ე წლისთავს ეძღვნება.
იაპონიის მხრიდან "ბასრ მახვილში" 34 ათასი სამხედრო მოსამსახურე, 40 სამხედრო ხომალდი და 250 თვითმფრინავი მონაწილეობს, აშშ-ის მხრიდან კი - 10 ათასი სამხედრო მოსამსახურე, 20 ხომალდი, მათ შორის, ავიამზიდი "ჯორჯ ვაშინგტონი" და 150 თვითმფრინავი.
"ბასრი მახვილი" წყნარ ოკეანეში კუნძულ ოკინავას რაიონში, სამხრეთ კორეის საზღვაო საზღვართან ახლოს ტარდება. ისტორიაში ასევე პირველად, წვრთნებს სამხრეთკორეელი დამკვირვებლები დაესწრებიან. სწავლება 10 დეკემბრამდე გაგრძელდება.
აშშ-ისა და იაპონიის თავდაცვის სამინისტროები ოფიციალურად აცხადებენ, რომ წვრთნები რომელიმე კონკრეტული ქვეყნის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში, მოქმედებების შემუშავებას არ ისახავს მიზნად. მხარეები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ სწავლება ჩრდილოეთ კორეის მიერ სამხრეთ კორეის წინააღმდეგ ცეცხლის გახსნამდე დიდი ხნით ადრე დაიგეგმა.
მომზადებულია afp.com-ის მიხედვით.