გამოცემამ New Statesman ჯონ ლენონთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელიც ”ბითლზის” ლეგენდარულ სოლისტს 1968 წელს კილის უნივერსიტეტის ორმა სტუდენტმა ჩამოართვა. ამ დრომდე ”ბითლზის” ერთ-ერთი დამაარსებლის საუბარი სრულად არასდროს დაბეჭდილა. ლენონის თაყვანისმცემლებისთვის ცნობილია მხოლოდ ექვსსაათიანი ინტერვიუს მცირე ფრაგმენტი. 1968 წლის 2 დეკემბერს სტუდენტებმა მორის ჰაინდლიმ და მისმა მეგობარმა დენიელ უაილისმა, რომლებმაც ჯონ ლენონთან შესახვედრად ავტოსტოპით რამდენიმე ათასი კილომეტრი გაიარეს, მუსიკოსისა და მისი შეყვარებულის იოკო ონოს სახლში რამდენიმე საათი გაატარეს.
ჰაინდლის მონათხრობის მიხედვით, მან ლენონთან ინტერვიუზე შეთანხმება გამოცემა Beatles Monthly-ს მეშვეობით შეძლო. ჟურნალისთვის მიწერილ წერილში სტუდენტი სთხოვდა მუსიკოსს, ეპასუხა "ბითლზის" ალბომის გაყიდვასთან დაკავშირებით, 1968 წელს გაჟღერებულ ბრალდებებზე. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ლენონმა იგი სასაუბროდ მიიწვია.
როგორც ჰაინდლი იხსენებს, ლივერპულელი ოთხეულის დამფუძნებელი მას და მის მეგობარს სურეის საგრაფოში, რკინიგზის სადგურში შეხვდა და სახლამდე საკუთარი ავტომობილით მიიყვანა.
"ჩვენ რბილ, ინდურ ხალიჩაზე, დაბალფეხებიანი მაგიდის გარშემო მოვკალათდით. იოკო ძალზე ცოტას ლაპარაკობდა, რადგან ჩვენ ვიცოდით, რომ ეს ჯონის დღე იყო და მანაც ძალიან ბევრი ისაუბრა" - აღნიშნა ინტერვიუერმა.
ექვსსაათიანი საუბრის შემდეგ სტუმრებს იოკო ონოს მიერ დამზადებული რამდენიმე სახეობის ჯემი და პური შესთავაზეს. ჯონ ლენონის ინტერვიუს სრული ვერსია New Statesman-ის ვებ-გვერდზე ვერ მოხვდა. იგი დაიბეჭდა მხოლოდ გამოცემის საშობაო ნომერში. ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა გამოცემა ინტერვიუს ინტერნეტვერსიის განთავსებას.
ჯონ ლენონის 40 წლის წინანდელი ინტერვიუ პირველი მსგავსი აღმოჩენა არ არის. 2008 წლის ზაფხულში BBC-ს რადიო-4-ის ეთერით გადაიცა 1964 წელს ჩაწერილი, "ბითლზის" ადრე უცნობი ინტერვიუ. შოტლანდიის სატელევიზიო სტუდიაში ჩაწერილი ათწუთიანი ინტერვიუ 44 წლის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა, ბოლოს კი იგი ლონდონში, ავტოფარეხში იპოვეს.
მომზადებულია ლენტა.რუ-ს მიხედვით