ქართულმა მხარემ რუს სამხედროებს სოფელ ნიქოზში გუშინ დაკავებული რუსეთის სამი მოქალაქე გადასცა. ამის შესახებ პოლიციის შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს უფროსმა ვლადიმერ ჯუღელმა განუცხადა.
“ჩვენ გადავეცით რუს სამხედროებს დაკავებული მოქალაქეები. მათ ავუხსენით, რომ ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის ყოველდღე შესაძლოა რამდენიმე ათეული ადამიანი დავაკავოთ, მაგრამ ჰუმანურად ვიქცევით და დაკავებულებს უვნებლებს ვაბრუნებთ”, - განაცხადა ვლადიმერ ჯუღელმა.
მისივე თქმით, დაკავებულების გადაცემას ასევე დაესწრნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ცხინვალის რეჟიმის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც.
“ჩვენ ცხინვალის წარმომადგენლებთან დაკავებული ქართველი მოზარდების საკითხი დავაყენეთ და ეს საკითხი ალბათ უახლოეს მომავალში გაირკვევა”, - განაცხადა ვლადიმერ ჯუღელმა.