ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შეშფოთებას გამოხატავს რუსი მესაზღვრეების მიერ ადმინისტრაციულ საზღვართან 16 ქართველის დაკავებასთან დაკავშირებით.
მისია მოუწოდებს მხარეებს, აღნიშნული პრობლემა განიხილონ და მოაგვარონ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებზე მომუშავე ჯგუფების ფარგლებში.
ევროკავშირის დამკვირვებელთა მისია მიიჩნევს, რომ 16 ადამიანის დაკავება სერიოზულ გავლენას ახდენს სოფელ გრემისხევის ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
ამასთანავე, მისია მიიჩნევს, რომ აღნიშნული ინციდენტი ასახავს იმ სერიოზულ პრობლემას, რომელიც ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მოსახლეობის საქმიანობასთან დაკავშირებით არსებობს და ზამთრის მოახლოებასთან ერთად შესაძლოა, კიდევ უფრო გართულდეს.
დუშეთის რაიონის სოფელ გრემისხევში საქართველოს 16 მოქალაქე რუსმა მესაზღვრეებმა 26 ოქტომბერს დააკავეს. ისინი ტყეში შეშას ჭრიდნენ.
ცხინვალი დაკავებულებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ადანაშაულებს. ბოლო ინფორმაციით, ისინი ახალგორის პროკურატურაში იმყოფებიან.