ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
"ლევან ამირიძე ის კაცი არ არის, სულით დაეცეს!"

"ხელისუფლებას არ სჭირდება პატრიოტი და პროფესიონალი კადრები. უნდათ ისეთები, მათ ნებისმიერ ბრძანებას მონური მორჩილებით რომ შეასრულებენ. ლევანს სწორედ პროფესიონალიზმი არ აპატიეს. თავი ჰქონდა გადადებული სამშობლოსთვის, რაც ჩვენს ქვეყანაში თურმე დანაშაულია", - განგვიცხადა რეინჯერთა ბატალიონის უფროსის, 32 წლის ლევან ამირიძის მეუღლემ ნათია ცუცქირიძემ.

ლევან ამირიძე ე.წ. მუხროვანის ამბოხების ერთ-ერთ ორგანიზატორად განიხილება, რომლის მიმართაც მოსამართლე კოპალიანი და პროკურორი გრიგალაშვილი განაჩენის გამოტანისას "გულუხვები" აღმოჩნდნენ, - მაიორ ამირიძეს 28 წლით აღეკვეთა თავისუფლება.

- ნათია, როგორ აღმოჩნდა ლევანი ამბოხების ორგანიზატორთა შორის?
- როგორც სასამართლოზეც გამოიკვეთა, ჯარისკაცებს წაგებული ომის შემდეგ გაუჩნდათ პროტესტის გრძნობა და გადაწყვიტეს, 26 მაისს დაგეგმილ საზეიმო აღლუმში მონაწილეობაზე უარი ეთქვათ. ლევანმა სასამართლოზე აღნიშნა, - მქონდა პროტესტის გრძნობა, მაგრამ არა ხელისუფლების, არამედ ჩემი მეთაურების მიმართო. იგი ომის დროს 40 დღის განმავლობაში იმყოფებოდა ცხინვალში, ის და მისი 400-კაციანი შენაერთი ყველამ მიატოვა - როცა სხვა შენაერთები უკან იხევდნენ, არც კი გააფრთხილეს და იქ ჩატოვეს.

სწორედ მისმა ბატალიონმა აიყვანა ტყვედ ცხინვალში ჩამოგდებული რუსული ვერტმფრენის მფრინავები. ლევანმა უვნებლად, დანაკარგის გარეშე ჩამოიყვანა თავისი მებრძოლები. ვფიქრობ, ხელისუფლებამ იცოდა ამ ჯარისკაცების განწყობა და ისინი იმისათვის გამოიყენეს, რომ გადაეფარათ შექმნილი პოლიტიკური ვითარება, ამბოხის ამბავიც შეითითხნა, ფაქტობრივად, ის ყურადღების გადატანის საუკეთესო საშუალება იყო.

- როგორ დაიწყო ლევანის სამხედრო კარიერა? ცნობილია, რომ იგი კარგი რეპუტაციით სარგებლობდა სამხედროთა შორის.
- ლევანი 32 წლისაა. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა სამხედრო აკადემიაში. დამთავრების შემდეგ აკადემიაში დატოვეს, დაწინაურებასაც უპირებდნენ, მაგრამ უარი თქვა, - მე მებრძოლი ვარ და ჩემი მოწოდება კაბინეტში ჯდომა არ არისო... ლევანი ჯარში არ დაბადებულა, თორემ იქ გაიზარდა, ოფიცრობიდან მაიორობას დამოუკიდებლად მიაღწია. ლევანი უმამოდ გაიზარდა, უზომოდ მამაცი და პატრიოტი კაცია. მას არაერთ სამხედრო ოპერაციაში მიუღია მონაწილეობა, ორჯერ მსახურობდა ერაყში, ერთხელ მისი ბატალიონი ააფეთქეს და შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს.

მიუხედავად იმისა, რომ მეთაური იყო და შეეძლო სხვები გაეშვა წინა ხაზზე, იგი ყოველთვის თანამებრძოლებთან იყო, რითაც მათ მაგალითს აძლევდა. ომის შემდეგ ჩემთან ჯარისკაცების მშობლები, მეუღლეები მოდიოდნენ და მადლობას მიხდიდნენ, - რომ არა ლევანი, ისინი ცოცხლები ვერ ჩამოაღწევდნენო. ომამდე კოდორში იყო, მე ოპერაცია უნდა გამეკეთებინა, ჩემთან ვერც კი ჩამოვიდა, მითხრა, - ჩემს ბიჭებს უფრო ვჭირდებიო.

- რამდენი წელია, რაც ერთად ხართ და შვილები თუ გყავთ?
- ორი წელია, ერთად ვართ, სამწუხაროდ, შვილი არ გვყავს. ექვსი თვის ფეხმძიმე ვიყავი, როცა ნერვიულობის გამო ბავშვი დავკარგე....

- სასამართლოს გადაწყვეტილებას როგორ შეხვდით?
- 40 პროცესზე მეტს დავესწარით და, სიმართლე გითხრათ, ვერ გავიგე, რისთვის დაიჭირეს ჩემი ქმარი. მას ბრალი ედება ამბოხებაში, დაუმორჩილებლობასა და დაუმორჩილებლობის დახმარებაში. 120 მოწმიდან არც ერთს უთქვამს, რომ ეს იყო ამბოხი. ჰყავდათ ერთადერთი "ოქროს მოწმე" გია ღვალაძე, რომელიც ზღაპრებს ჰყვება. მისი თქმით, ამბოხის ორგანიზატორები და დამფინანსებლები იყვნენ რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენები. მას ფული თურმე ალპინისტების მეშვეობით ყაზბეგის მთებიდან უნდა წამოეღო... საინტერესო არის ის, რომ ღვალაძე კობალაძის მოწმეც იყო, მაგრამ გაათავისუფლეს და ლევანს იმავე მოწმის ხელდასხმით 28 წელიწადი მიუსაჯეს. ჩვენ გვახსოვს პრეზიდენტის სიტყვები კობალაძის მისამართით და თუ იგი უდანაშაულოა, მაშინ, წესით, ამ ტყუილი ბრალდებისთვის პრეზიდენტი უნდა დაისაჯოს.

- ღვალაძის გარდა, თუ იყო მოწმე, რომელმაც ლევანს დასდო ბრალი?
- ვინმე გიორგი ზირაქაშვილი ორჯერ მოიყვანეს (?!) და ორივეჯერ განსხვავებული ჩვენება მისცა, ადვოკატმა მირჩია ასეო.

- თუ იცით, სად აფარებდნენ თავს ლევანი, ოთანაძე და კრიალაშვილი დაჭერამდე?
- ეს გასაიდუმლოებულია. იმხანად ლევანი არ დაგვკავშირებია, ისიც არ ვიცოდით, ცოცხალი იყო თუ - მკვდარი. ამბობენ, რომ იქ ორმხრივი სროლა იყო და ნუთუ გამოცდილმა სამხედროებმა ერთი ტყვია ვერავის მოახვედრეს ან ახლომახლო შენობას მაინც არ მოხვდა? სპეცოპერაციისას ლევანს 9 ტყვია მოხვდა, ორივე ფეხზე ოპერაცია გაუკეთეს. ექიმებს იმედი არ ჰქონდათ, ოდესმე თუ გაივლიდა. ლევანს სჯერა, რომ სიმართლეს დაამტკიცებს. ლევან ამირიძე ის კაცი არ არის, სულით დაეცეს!

- სასამართლოზე დაკითხულთა შორის ვინმემ თუ ახსენა გია კრიალაშვილი?
- არავის უხსენებია, ზირაქაშვილის გარდა, რომელმაც თქვა, გიაც იყო რესტორანშიო. ლევანმა ძალიან განიცადა მისი ამბავი. როდესაც ლევანს შევხვდი სასამართლოზე, მაშინ თქვა, რა იქნებოდა, გიაც გადარჩენილიყო და მისთვისაც 28 წელი მიესაჯათო...

- ლევან ამირიძემ, ოთანაძისგან განსხვავებით, დუმილი დაარღვია...
- საბოლოო სიტყვა თქვა, ახსნა თავისი პროტესტი. ამბოხი არის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება, შენობების და ქუჩების პიკეტირება, ბლოკირება, რაც არ ყოფილა. 41 კაციდან 15-ს კიდევ ჰქონდა ამბოხის მუხლი წაყენებული. ყველას მოუხსნეს და მხოლოდ ამ სამს დაუტოვეს. კობალაძის გამართლების შემდეგ იმედი მოგვეცა. რომ შესაძლოა სააპელაციო სასამართლომ სიმართლე დაამტკიცოს. ჩვენ უმოქმედოდ არ ვიქნებით, განაჩენს გავასაჩივრებთ და სტრასბურამდეც მივალთ.. ამ ამბის შემდეგ ლევანის ახლობლებს 37 წელი მოგვიწყვეს...

- რას გულისხმობთ?
- მაიძულეს განცხადება დამეწერა და სამსახურიდან წამოვსულიყავი. პროფესიით იურისტი ვარ, ხუთი წელი იუსტიციის სამინისტროში ვიმუშავე, ბოლო 5 თვეს კი - სასჯელაღსრულების სამინისტროში, კერძოდ, გენერალურ ინსპექციაში ადამიანის უფლებათა დამცველის მრჩევლის თანამდებობაზე. ამ ყველაფრის შემდეგ მინისტრის მოადგილემ წასვლაზე განცხადება დამაწერინა. მარტო მე კი არა, ჩემი მეგობარი და თანამშრომელი გოგონაც დაითხოვეს სამსახურიდან.

ადვოკატობა გადავწყვიტე, გამოცდები ჩავაბარე და ჩემს მეუღლეს მეც დავიცავ სხვა ადვოკატებთან ერთად. ლევანის მეგობრები, ის ბიჭები, რომლებმაც ჯარი ფეხზე დააყენეს, ყველანი დაიჭირეს ან სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამ ხელისუფლებას არ სჭირდება პატრიოტი და პროფესიონალი კადრები. უნდათ ისეთები, მათ ნებისმიერ ბრძანებას მონური მორჩილებით რომ შეასრულებენ. ლევანს პროფესიონალიზმი არ აპატიეს. ცხელი წერტილიდან 400 კაცის უვნებლად გამოყვანა გმირობის ტოლფასია. მას თავი ჰქონდა გადადებული საქართველოსთვის, რაც, ჩვენს ქვეყანაში თურმე დანაშაულად აღიქმება...

ნანა ფიცხელაური

”ყველა სიახლე”

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja