ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
ნახტომი კოსმოსიდან


პარაშუტიზმი მიჩნეულია სპორტის სახეობათა შორის ერთ-ერთ ყველაზე უფრო მიმზიდველ და მშვენიერ სახეობად. მეოცე საუკუნის დასაწყისიდან იგი მფრინავების მიერ მიღებულ იქნა უსაფრთხო ფრენისათვის, ხოლო ცოტა მოგვიანებით იგი სპორტის დამოუკიდებელ სახეობად იქცა. მთელი ამ ხნის განმავლობაში პარაშუტიზმი მრავალ სახეობად დაიყო, როგორებიცაა:

• ზუსტად დაშვება – რომელიმე ობიექტთან რაც შეიძლება ახლოს დაშვება.
• გადმოხტომა ხიდებიდან, შენობებიდან, კლდეებიდან.
• დიდი გზა – დაშვება ბევრ ადამიანთან ერთად-ჯგუფურად.
• ვიდეოგადაღება პარაშუტით გადმოხტომისას
• თავისუფალი ფრენა
• თავისუფალი სტილით დაშვება
• სამხედრო პარაშუტიზმი
• გადმოხტომა ხეებიდან
• დაშვება საჰაერო თხილამურებით – დაშვების დროს პარაშუტისტი დგას საჰაერო თხილამურებზე

პარაშუტისტებისათვის ამ დიდი არჩევანის მიუხედავად, ვფიქრობ რომ შეიძლება იყოს პარაშუტიზმის კიდევ ერთი, ალბათ ყველაზე უჩვეული და მიმზიდველი სახეობა-გადმოხტომა კოსმოსიდან.

საერთოდ პარაშუტით გადმოხტომა ხორციელდება დაახლოებით 4000 მეტრს სიმაღლეზე სადაც ჰაერი ჯერ კიდევ საკმაოდ მოიპოვება სუნთქვისათვის. პრინციპში ჩვენ არაფერი გვიშლის ხელს იმისათვის რომ გავზარდოთ ეს სიმაღლეც და მაშასადამე თავისუფალ ვარდნაში დროის ხანგრძლივობა, საამისოდ პარაშუტისტს დასჭირდება მხოლოდ ჰერმერტული ტანისამოსი და ჟანგბადის მარაგი, თუმცა მე ვფიქრობ რომ კოსმოსიდან გადმოხტომა მაინც სრულიად განსხვავებული რამე იქნება.

როგორც ცნობილია, ატმოსფეროს არ აქვს რაიმე მკვეთრი საზღვარი კოსმოსთან, ატმოსფერული წნევა და ჰაერის სიმკვრივე თანდათანობით მცირდება მოყოლებული ზღვის დონიდან, თუმცა საერთაშორისო განსაზღვრებით ზღვის დონიდან 100 კილომეტრი სიმაღლეა მიჩნეული ატმოსფეროს და კოსმოსის საზღვრად. სწორედ ამ სიმაღლიდან ან მეტიდან უნდა განხორციელდეს გადმოხტომა კოსმოსიდან და რასაკვირველია ასეთი ნახტომი მოითხოვს განსაკუთრებულ მიდგომას და პირობებს.

უპირველეს ყოვლისა, არანაირ თვითმფრინავს, შვეულფრენს ან საჰაერო ბურთს არ შეუძლია პარაშუტისტის ასეთ სიმაღლეზე აყვანა, ამიტომ აქ აუცილებლად საჭირო იქნება სუბორბიტალური რაკეტა/კოსმოსური ხომალდი, მაგალითად ისეთი როგორიც იყო SpaceShipOne რომელმაც 2004 წელს მოიგო X-პრიზი. ასევე საჭირო იქნება კოსმონავტის სკაფანდრი ჟანგბადის საკმაოდ დიდი მარაგით. გარდა ამისა, კოსმოსიდან მხტუნავი პარაშუტისტის სკაფანდრი დამატებით უნდა აკმაყოფილებდეს სრულიად განსაკუთრებულ მოთხოვნილებებს რადგან 100 კმ სიმაღლიდან ხტომისას გრავიტაციული აჩქარების გამო-9,8 მ\წმ2 ნებისმიერი ობიექტი საკმაოდ სწრაფად შევა ატმოსფეროში და გამოიწვევს მისი ზედაპირის სწრაფ გაცხელებას. რათქმაუნდა, ტემპერატურა ასეთ შემთხვევაში არ იქნება ისეთი მაღალი როგორც კოსმოსური ხომალდის ორბიტიდან დაშვებისას (ამ დროს ტემპერატურა რამდენიმე ათას გრადუსს აღწევს ცელსიუსით). სუბორბიტალური, დაახლოებით 100 კმ სიმაღლიდან დაშვების შემთხვევაში მოსალოდნელი ტემპერატურის შესახებ ჩვენ ინფორმაცია შეგვიძლია მივიღოთ შემდეგი ნაშრომიდან: Drs. Marti Sarigul-Klijn and Nesrin Sarigul-Klijn: “Flight Mechanics of Manned Sub-orbital Reusable Launch Vehicles with Recommendations for Launch and Recovery” იხილეთ აქ რომელიც გვიჩვენებს დამოკიდებულებას დაშვების სიმაღლესა და გადატვირთვას შორის და ასკვნის რომ ასეთი დაშვების დროს მაქსიმალური ტემპერატურა შეიძლება იყოს დაახლოებით 540 ° ცელსიუსით დაშვების სიჩქარის-3,5 მახის დროს. რაც შეეხება გადატვირთვას, იგი თავის მაქსიმუმს-5.5 g მიაღწევს 21,3 კმ სიმაღლზე (თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ეს მაჩვენებლები შეიძლება შეიცვალოს კოსმოსური ხომალდის ფორმიდან გამომდინარე). უნდა ითქვას რომ ეს გადატვირთვა-5.5 g არ შექმნის რაიმე არსებით პრობლემას რადგან იგი სავსებით ასატანი იქნება პარაშუტისტისათვის. როგორც ცნობილია კოსმოსური გაფრენების მსურველი კანდიდატები წვრთნების დროს გაცილებით მეტ გადატვირთვას იტანენ უფრო მეტი ხნის განმავლობაში, რაც შეეხება თვითონ კოსმოსური გაფრენებს ასეთ შემთხვევაში გადატვირთვა დაახლოებით 3 g აღწევს და იგი ათიოდე წუთის განმავლობაში გრძელდება. ჩვენს შემთხვევაში მაღალი გადატვირთვა უფრო ცოტა ხნის განმავლობაში გაგრძელდება და საერთოდ კოსმოსიდან ხტომა განკუთვნილი იქნება მხოლოდ კარგად გაწვრთნილი და ჯანმრთელი ადამიანებისათვის.

რაც შეეხება მეორე პრობლემას-დაშვებისას წარმოშობილ მაღალ ტემპერატურას იგი უეჭველად წარმოიშვება და გადაჭრილ უნდა იქნეს რადგან სკაფანდრები საერთოდ არ არიან განკუთვნილნი მაღალი ტემპერატურის გარემოში სამუშაოდ და გამოსაყენებლად. ზოგადად დაშვების დროც, მის დროს წარმოშობილი გადატვირთვაც და სიჩქარეც შეიძლება გარკვეულწილად ვარეგულიროთ იმისდამიხედვით თუ პარაშუტისტი როგორ ვარდება ძირს-ჰორიზონტალურად თუ ვერტიკალურად. ამ ორ შემთხვევაში ჰაერის წინააღმდეგობა იქნება სხვადასხვა, თუმცა ამ გზით არ შეიძლება ზემოთხსენებული პრობლემის გადაჭრა და საჭიროა სხვა საშუალებების მოფიქრება.

მე ვფიქრობ რომ ეს პრობლემა შეიძლება გადაიჭრას სპეციალურად დამზადებული სიცხეგამძლე სკაფანდრით რომელიც უპასუხებს შემდეგ მოთხოვნილებებს: მან უნდა გაუძლოს როგორც კოსმოსურ ყინვას ხტომის დასაწყისში, ასევე მეტად მაღალ ტემპერატურას-540 ° ცელსიუსით (სასურველია ცოტა მეტს) დაშვებისას. ამავდროულად იგი უნდა იყოს საკმაოდ ელასტიური რომ პარაშუტისტმა თავისუფლად ამოძრაოს ხელები, ფეხები და თითები. ასევე, სკაფანდრმა რაც შეიძლება ბოლომდე უნდა შთანთქას დაშვებისას წარმოშობილი სითბო, წინააღმდეგ შემთხვევაში სკაფანდრის შიგნით მყოფი პარაშუტისტი უბრალოდ ცოცხლად დაიწვება, საამისოდ კი ისეთი ნივთიერება იქნება საჭირო რომელიც ცუდად გაატარებს სითბოს და რომლის სითბოტევადობა რაც შეიძლება მეტი იქნება რომ სკაფანდრი მალე და იოლად არ გათბეს (ფიზიკოსებო, იმედი მაქვს ყველაფერი ზუსტად და სწორად დავწერე, თუ რამე შემეშალა შემისწორეთ). საერთოდ, მე ვფიქრობ რომ ეს არ იქნება ძნელად გადასაჭრელი პრობლემა რადგან ვარდნა სულ რამდენიმე წუთს გაგრძელდება და ტემპერატურაც მხოლოდ რამდენიმე ასეული გრადუსით აიწევს. ამას გარდა, თუკი ასეთი კოსმოსური ნახტომის შემდეგ პარაშუტისტი ოკეანეში დაეშვება მაშინ სკაფანდრი წყლით გაგრილდება და პრობლემაც საბოლოოდ მოგვარდება. ადვილი შესაძლებელია აღმოჩნდეს რომ კოსმოსური ნახტომის განხორციელება შესაძლებელია ჩვეულებრივი სკაფანდრითაც რომელიც გარედან დაფარული იქნება სპეციალური დამატებითი ფენით რომელიც უპასუხებს ყველა ზემოთჩამოთვლილი მოთხოვნილებებს.

რაც შეეხება უშუალოდ პარაშუტს, მან უნდა უპასუხოს ორ არსებით მოთხოვნას; იგი უნდა იქნეს შენახული ჰერმერტულად სკაფანდრის შიგნით და მისი გაშლილი გუმბათის ფართობი უნდა იყოს უფრო მეტი ვიდრე ჩვეულებრივი ნახტომის დროს რადგან კოსმოსური ნახტომის დროს ჯერ ერთი პარაშუტისტის მასა სკაფანდრის გამო უფრო მეტია და ამასთან დიდი სიმაღლის გამო დაშვების სიჩქარე უფრო მეტი იქნება და შესაბამისად დასამუხრუჭებლად უფრო დიდი პარაშუტია საჭირო.

ერთი მეტად თავისებური და დამაფიქრებელი პრობლემა შეიძლება წარმოიშვას კოსმოსური ნახტომის დროს. კერძოდ, არის საშიშროება იმისა რომ ნახტომის სულ დასაწყისში პარაშუტისტმა დაიწყოს უნებლიეთ მოძრაობა საკუთარი ღერძის გარშემო და ეს არასასურველია რადგან ჯერ ერთი ამან შეიძლება პარაშუტის გაშლა დააბრკოლოს და მეორეც გამუდმებულმა ტრიალმა შეიძლება თავბრუხვევა გამოიწვიოს და ეს ძირს ვარდნის დროს ძალიან სახიფათო იქნებოდა. ასეთი არასასურველი მოძრაობა შეიძლება შეჩერდეს უკვე ატმოსფეროს მკვრივ ფენებში მაგრამ უფრო მაღლა ეს შეუძლებელია და ყველაფერთან ერთად ამ ტრიალმა შეიძლება ხელი შეუშალოს პარაშუტისტს მიიღოს სრული სიამოვნება კოსმოსური ნახტომისგან. აქედან გამომდინარე ნახტომის დასაწყისში პარაშუტისტი უნდა იყოს ძალიან ფრთხილად და ისე გადმოხტეს სუბორბიტალური კოსმოსური ხომალდიდან რომ უნებურად ტრიალი არ დაიწყოს. თვითონ ტრიალის შესაჩერებლად კი შეიძლება გაზის პისტოლეტების გამოყენება რომელთაც კოსმონავტები იყენებენ ხოლმე კოსმოსური ხომალდიდან გარეთ გასვლის დროს. ასეთ შემთხვევაში გაზის ჭავლს უშვებენ ხოლმე იმ მიმართულების საწინააღმდეგოდ რა მიმართულებითაც სურთ გადაადგილება და მით პრობლემაც მოგვარდება. რასაკვირველია ეს ღონისძიება განკუთვნილია მხოლოდ ატმოსფეროს მაღალი, გაიშვიათებული ფენებში მოძრაობის სტადიისათვის.

პარაშუტისტის დასაცავად ნახტომის დროს წარმოშობილი მაღალი ტემპერატურისგან ჩვენ შეგვიძლია მივმართოთ მეორე, შესაძლებელია საკმაოდ უჩვეულო საშუალებას. ამ შემთხვევაში პარაშუტისტმა ხტომის დროს უნდა გამოიყენოს სიცხეგამძლე დამცავი ფარი რომელიც მას ხელში ეჭირება ვარდნის დროს და რომელიც ამ დროს პარაშუტისტის ქვემოთ იქნება მოთავსებული და სწორედ იგი მიიღებს თავის თავზე ჰაერის წინააღმდეგობას. პარაშუტისტი ქვემოთ ვარდნის დროს ძალიან ფრთხილად უნდა იყოს რადგან დამცავი ფარი ზუსტად ქვემოთ უნდა იყოს მიმართული რადგან თვითონ პარაშუტისტის სკაფანდრი უკვე არ იქნება გათვალისწინებული მაღალი ტემპერატურის წინააღმდეგ როგორც ეს წინა შემთხვევაში იყო. კარგი იქნება თუკი ეს დამცავი ფარი დამზადებული იქნება რაიმე გამჭვირვალე მასალისგან იმისათვის რომ პარაშუტისტმა უკეთ აკონტროლოს მისი მდებარეობა ვარდნის დროს. ვარდნის დროს მას მერე რაც დამცავი ფარის მეშვეობით პარაშუტისტი დაამუხრუჭებს უსაფრთხო სიმაღლემდე (ანუ როდესაც ჰაერის წინააღმდეგობა უკვე აღარ გამოიწვევს სკაფანდრის გაცხელებას, ეს შეიძლება იყოს დაახლოებით იგივე სიმაღლე რა სიმაღლიდანაც ჩვეულებრივად ხტებიან ხოლმე პარაშუტისტები) პარაშუტისტი თავიდან მოიცილებს ამ დამცავ ფარს და ძირს ვარდნას გააგრძელებს ჩვეულებრივად მხოლოდ სკაფანდრით. დამცავ ფარს პრინციპში შეიძლება სხვადასხვა ფორმა ჰქონდეს მაგრამ აუცილებელი იქნება ერთი პირობის დაცვა-მან უნდა მთლიანად დაფაროს პარაშუტისტის სხეული სკაფანდრიანად. რაკი ცალკე აღებული დამცავი ფარისათვის უფრო იოლი იქნება შესაფერისი მასალის მოძებნა ვფიქრობ რომ ეს მეორე მიდგომა უკეთესია ვიდრე პირველი. რაც შეეხება დამცავი ფარის მასას, იგი ვერ შექმნის რაიმე არსებით პრობლემებს რადგან ვარდნის დროს იგი არ დააწვება პარაშუტისტს ზემოდან და ვარდნის დროს სისტემა პარაშუტისტი-დამცავი ფარი ძირითადში უწონადობაში იქნება. პარაშუტისტს მოუხდება მხოლოდ დამცავი ფარის და შესაბამისად მისი სხეულის სივრცეში მდებარეობის კონტროლი. აქედან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ რომ ასეთი დამცავი ფარის გამოყენება გზას გაუხსნის კოსმოსურ ხტომებს, ხოლო რაც შეეხება სკაფანდრს, იგი ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს ზუსტად ისეთი როგორცსაც კოსმონავტები ატარებენ ყოველგვარი დამატებითი ფენის გარეშე.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია იოლად დავამზადოთ ასეთი დამცავი ფარი და დავიწყოთ სპორტის ახალი სახეობა-ხტომები კოსმოსიდან. დამცავი ფარის დამზადება კი უფრო იოლი იქნება ვიდრე სკაფანდრის სულ ცოტა ერთი მიზეზის გამო-სკაფანდრის შემთხვევაში ძნელი იქნება ისეთი სიცხეგამძლე მასალის მოძებნა დამატებითი ფენისათვის რომელიც საკმაოდ საკმაოდ თხელი იქნებოდა, სითხელე კი იმისათვისაა საჭირო რომ სკაფანდრის საკმაოდ ელასტიური იყოს რაც სქელი დამატებითი ფენის შემთხვევაში ნაკლებად მოსალოდნელი იქნებოდა. ყოველ შემთხვევაში, ამ ორი საშუალებიდან არცერთი პირწმინდად გამორიცხვა არ შეიძლება და მხოლოდ პრაქტიკა აჩვენებს რომელი უფროა ხელსაყრელი კოსმოსიდან გადმოსახტომად.

ახლა ცოტა მეტი თვითონ დამცავი ფარის შესახებ. მთავარი საკითხი: რა ფორმის უნდა იყოს ის? მე ვფიქრობ რომ ნახევარსფეროს ფორმა საუკეთესო იქნებოდა რადგან მას აქვს უმარტივესი აეროდინამიკური ფორმა, პარაშუტისტისათვის იოლი იქნება იყოს მის შიგნით რომ მისი სხეულის მდებარეობა აკონტროლოს და ამასთან თუკი ფარი უფრო მძიმე იქნება ვიდრე სკაფანდრი მაშინ იგი (ფარი) ყოველთვის პარაშუტისტზე ქვემოთ იქნება ვარდნის დროს და ჩვენი მიზანიც სწორედ ესაა. რაც შეეხება ფარის ზომას იგი სასურველია რომ პარაშუტისტის ზომაზე (სკაფანდრით) ცოტათი მეტი იყოს ყოველგვარი მოულოდნელობების თავიდან ასაცილებლად, ასეთ შემთხვევაში ჩვენ გვექნება იმის გარანტია რომ ვარდნის დროს ცხელი ჰაერი არ დააზიანებს პარაშუტისტის სკაფანდრს. ეს სისტემა ფარი-პარაშუტისტი ატმოსფეროს მკვრივ ფენებში შესვლის შემდეგ მეტად მდგრადი იქნება და მისი უფრო მძიმე ნაწილი-ფარი პარაშუტისტის დაბლა იქნება და ფარი მისი უმარტივესი აეროდინამიკური ფორმის გამო ამ მდგომარეობას შეინარჩუნებს ვარდნის მთელი პერიოდის განმავლობაში.

დამცავი ფარი შეიძლება იყოს ერთჯერადი ან მრალჯერადი. ეს დამოკიდებული იქნება რა სიჩქარით დავარდება დამცავი ფარი მიწაზე/ოკეანეში. როგორც ვთქვით გარკვეულ სიმაღლეზე პარაშუტისტი თავიდან მოიცილებს დამცავ ფარს და გააგრძელებს ქვემოთ ვარდნას მხოლოდ სკაფანდრით. დამცავი ფარი კი დედამიწის ზედაპირს შეეჯახება და სერიოზულად დაზიანდება (თუმცა უნდა აღინიშნოს რომ დაზიანების ხარისხი ასევე დამოკიდებულია იმაზე თუ რა კუთხით მოხდება დაჯახება, კერძოდ წყალში ფარის ჩავარდნისას ცერად დაჯახებისას დაზიანება ვფიქრობ ნაკლები იქნება), თუმცა თუკი ფარი წინასწარ იქნება აღჭურვილი მისი საკუთარი პარაშუტით ან საგანგებო რბილი დაშვების ძრავებით, მაშინ ფარის ხელმეორედ გამოყენება შესაძლებელი იქნება.

მაგრამ თუკი აღმოჩნდება რომ ნახევარსფეროს ფორმის მქონე ფარით დაშვება მაინც სარისკოა რადგან ძნელია სისტემის ფარი-პარაშუტისტი მდგრადობის შენარჩუნება, მაშინ ჩვენ მთლიანი სფეროს ფორმის მქონე დამცავი ფარი უნდა ავირჩიოთ. ასეთ ფარს ექნება ჩვეულებრივი სფეროს ფორმა რომელიც შიგნიდან იქნება ღრუ და სადაც პარაშუტისტი მოთავსდება და რომლის გახსნა შესაძლებელი იქნება შიგნიდან. ამ შემთხვევაში საერთოდ არ იქნება საჭირო არც გაზის პისტოლეტი და არც იმაზე ზრუნვა რომ პარაშუტისტმა არ იტრიალოს, რომ მან წონასწორობა შეინარჩუნოს და რომ დამცავი ფარი ატმოსფეროს სქელ ფენებში გარკვეული მხრივ შევიდეს რადგან სფერო ყველა მხრიდან ერთიდაიგივე ფორმისაა. დამცავი ფარი კვლავ სასურველია რომ გამჭვირვალე მასალისგან დამზადდეს და მისი ვარდნის სქემა უფრო იოლი იქნება ვიდრე წინა შემთხვევაში: სუბორბიტალური სიმაღლიდან დაშვების დაწყებისას სფერომ და მასში მოთავსებულმა პარაშუტისტმა შეიძლება იტრიალოს საკუთარი ღერძის გარშემო (თუმცა რათქმაუნდა ეს არასასურველია) და გაზის პისტოლეტით ამ ტრიალის შეჩერება შეუძლებელი იქნება, ხოლო გარკვეულ სიმაღლეზე პარაშუტისტმა სფერო უნდა გახსნას შიგნიდან და ძირს ვარდნა ისე უნდა გააგრძელოს როგორც წინა შემთხვევაში.

როგორც ვხედავთ სუბორბიტალური სიმაღლიდან გადმოხტომა ჩვენს მიერ აღწერილი სამი სხვადასხვა გზით შეიძლება. ამ სამი გზიდან არსებითად ყველაზე მოსახერხებლია მესამე რადგან იგი ყველაზე უსაფრთხოა, მის დროს საჭირო არაა რომ დამცავი ფარის ერთი რომელიმე ნაწილი (ქვედა) ზუსტად დაბლა იყოს მიმართული. მაგრამ საიმისოდ რომ ამ სამი გზიდან სწორედ ეს მესამე გზა ვცნოთ საუკეთესოდ და მის განხორციელებაზე ვიზრუნოთ ჩვენ ხელს გვიშლის ერთი ფორმალური გარემოება.

რისთვის გვჭირდება ჩვენ კოსმოსური, სუბორბიტალური სიმაღლიდან პარაშუტით დაშვება? პასუხი ნათელია-ახალი რეკორდის დასამყარებლად საპარაშუტო ხტომებში და არა თავისთავად დიდი სიმაღლიდან დასაშვებად რადგან ეს უკანასკნელი როგორც ორბიტული, ასევე სუბორბიტალური სიმაღლიდან დიდი ხანია ხორციელდება-1961 წლიდან.

დავფიქრდეთ-რა განსხვავება იქნება ასეთ შემთხვევაში სუბორბიტალური სიმაღლიდან კოსმოსური ხომალდით დაშვებასა და ზემოთხსენებულ სფეროთი დაშვებას შორის? შეიძლება ითქვას რომ არსებითად არც არავითარი რადგან ორივე შემთხვევაში დაშვებისას პარაშუტისტს ეცმევა სკაფანდრი (ეს აბსოლუტურად აუცილებელი გარემოებაა და ამას არც განვიხილავთ) და დამატებით პარაშუტისტი მოთავსებული იქნება კიდევ სხვა გარემოში რომელიც მას დაიფარავს დაშვების დროს წარმოშობილი მაღალი ტემპერატურისგან. თუკი ჩვენ დამცავ სფეროს ფორმალურად არ განვასხვავებთ კოსმოსური ხომალდისგან იმ მოტივით რომ ერთიც და მეორედ არის ის გარემო სადაც კოსმონავტი/პარაშუტისტი დაშვების დროს ჰერმერტულად იმყოფება და პარაშუტისტს მთლიანად ფარავს, მაშინ ნათელია რომ ამ წმინდა ფორმალური მიდგომით სფეროთი დაშვება უნდა მიჩნეულ იქნეს სუბორბიტალური სიმაღლიდან კოსმოსური ხომალდით დაშვების რაღაც ნაირსახეობად რომელსაც უკვე არანაირი კავშირი არ ექნება პარაშუტიზმთან.

მაინც რომელი გარემოება უნდა მივიჩნიოთ არსებით განსხვავებად ხომალდით დაშვებასა და პარაშუტით დაშვებას შორის? მე ვფიქრობ ორი გარემოება:
1. დაშვების დროს პარაშუტისტი საკუთარი სკაფანდრის გარდა სხვა არაფრით არ უნდა იყოს დაფარული მთლიანად და ჰერმერტულად, თორემ ისე გამოვა რომ იგი არსებითად კოსმოსურ ხომალდში იმყოფება. ეს უკვე აღარ იქნება პარაშუტიზმი.
2. დაშვების დროს იგი საკუთარი სხეულით უნდა აკონტროლებდეს დაშვების მთელს პროცესს (მაგალითად თუკი ნახევარსფეროთი დაეშვება, მაშინ ხელების, ფეხების და თავის მოძრაობით) რომ ეს პროცესი რაც შეიძლება მეტად ჰგავდეს ჩვეულებრივ პარაშუტით ხტომას. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ძალიან დაემსგავსება კოსმოსური ხომალდით დაშვებას.
ამიტომ ზემოთთქმულიდან გამომდინარე ვფიქრობ რომ საუკეთესო ვარიანტად მაინც მეორე, ანუ ნახევარსფეროთი დაშვება უნდა მივიჩნიოთ, მით უმეტეს რომ სწორედ მისით დაშვების დროს გამოვლინდება პარაშუტისტის ოსტატობა და სიმამაცე ყველაზე მეტად და მაშასადამე სწორედ იგი ჩაითვლება პარაშუტიზმის ყველაზე ექსტრემალურ და მიმზიდველ სახეობად.

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja