აშშ-ის "რესპუბლიკელი" სენატორები რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის რადარის საქართველოში განთავსების ინიციატივით გამოდიან. პორტალ "ნიუსრუს" ინფორმაციით, შესაბამისი წინადადებით ბარაქ ობამას უკვე მიმართეს "რესპუბლიკელმა" სენატორებმა ჯონ კაილმა, ჯეიმს რიშმა, მარკ კირკმა და ჯეიმს ინჰოფომმა.
სენატორებმა წერილი თავდაცვის მდივან რობერტ გეიტსსაც გაუგზავნეს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აშშ ეფექტური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მოკავშირეებთან განლაგებით, ქვეყნის ტერიტორიის, სხვადასხვა ქვეყნებში განლაგებული ამერიკის ჯარებისა და მათი მოკავშირეების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
ამასთან, Foreign Policy-ს მიმომხილველ ჯოშ როგინის აზრით, თავდაცვის მინისტრის მხრიდან ბარაქ ობამასთვის ამ ინიციატივის წარდგენას აზრი არ აქვს, რამდენადაც ალბათობა იმისა, რომ ნატო ან ამერიკის ადმინისტრაცია რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებას დათანხმდებიან, წარმოუდგენლად დაბალია.
"უპირველეს ყოვლისა, საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი არ არის, რითაც მსგავსი განზრახვის მოტივირება იქნებოდა შესაძლებელი. მეორეც, რუსეთ-საქართველოს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის გათვალისწინებით, მსგავსი ნაბიჯის გადადგმა მოსკოვ-ვაშინგტონს შორის დაწყებულ ურთიერთობების "გადატვირთვას" კატასტროფულ შედეგებს მოუტანს", - წერს როგინი.
რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის რადარის საქართველოში განთავსების ინიციატივით "რესპუბლიკელი" სენატორები მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც თურქეთმა ამერიკას ულტიმატუმი წაუყენა. რამდენიმე დღის წინ თურქეთმა განაცხადა, რომ ახალი ამერიკული რადარის TPY-2-ის საკუთარ ტერიტორიაზე განთავსებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ ამერიკა ისრაელს რადიოლოკაციური სადგურის მიერ შეგროვებულ ინფორმაციას არ მიაწვდის. გარდა ამისა, თურქეთის ხელისუფლება, მათ ტერიტორიაზე განლაგების შემთხვევაში, რაკეტსაწინააღმდეგიო თავდაცვის სისტემებზე სრული კონტროლის პრეტენზიას გამოთქვამს.
"ინტერპრესნიუსი"