რუსული "როსკოსმოსი" სერიოზული პრობლემის წინაშე დგას. ზაფხულში, ყაზახეთში მდებარე ბაიკონურის კოსმოდრომიდან, "სოიუზის" ტიპის რაკეტა-მატარებლის სამი გაშვებაა დაგეგმილი. თუმცა, ამას ყაზახეთის შესაბამისი ნებართვა სჭირდება.
კოსმოსში "სოიუზების" გაშვებისას, რაკეტის პირველი საფეხური, ყაზახეთის დაუსახლებელ ტერიტორიაზე ვარდება. ეს პრობლემა კოსმოდრომის არსებობის მთელი დროის განმავლობაში არსებობს. თუმცა ყაზახეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბების შემდეგ, ამ პრობლემის გადაჭრა, ყოველთვის ხერხდებოდა.
"როსკოსმოსის" წარმომადგენლების თქმით, აკრძალვის გამო, ორბიტაზე სამი რუსული და ოთხი უცხოური თანამგზავრის გაშვების საკითხი, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
პირველი თანამგზავრი, ევროპული მეტეოროლოგიური სააგენტოს MetOp-B-ს სტარტი 23 მაისს უნდა განხორციელებულიყო. 7 ივნისს დღის წესრიგში ორი რუსული, თითო ბელორუსული, კანადური და გერმანული თანამგზავრების გაშვების საკითხი დგას. აგვისტოს ბოლოს კი კიდევ ერთი რუსული კვლევითი თანამგზავრის გაშვება იგეგმება.
ბაიკონურის კოსმოდრომის მშენებლობა 1955 წელს დაიწყო. მშენებლობა რთულ კლიმატურ პირობებში მიმდინარეობდა - ზაფხულში +40 0C, ზამთარში -30 0C. რაკეტის სასტარტო პოზიციის მომზადებისას, მილიონი კუბური მეტრი მიწა ამოიღეს. მშენებლობა უსწრაფესი ტემპებით მიმდინარეობდა. პირველი სასტარტო პოზიცია უკვე 1957 წელს ჩაიბარეს. იმავე წლის 4 ოქტომბერს, ბაიკონურიდან მსოფლიოში პირველი ხელოვნური თანამგზავრი გაუშვეს ორბიტაზე.
ამერიკელების დასაბნევად და კოსმოდრომის ზუსტი ადგილმდებარეობის დასამალად, საბჭოთა სპეც-სამსახურებმა კოსმოდრომს საწყისი სახელი ტიურა-ტამ შეუცვალეს და ბაიკონური უწოდეს. ყაზახეთში, ტიურა-ტამიდან 350 კმ-ის მოშორებით, მართლაც არის ქალაქი ბაიკონური. მაგრამ კოსმოდრომი და ნამდვილი ბაიკონური სხვადასხვა გეოგრაფიული წერტილებია.
1961 წლის 12 აპრილს ბაიკონური ისტორიაში შევიდა - იმ დღეს კოსმოდრომიდან პირველი კოსმონავტი გაუშვეს. სწორედ ბაიკონურიდან იყო გაშვებული მთვარისა და ვენერის პირველი ხელოვნური თანამგზავრები, შემდგომ კი ყველა ტიპის საბჭოური კოსმოსური ხომალდები და ორბიტული სადგურები.
მსოფლიოს ყველაზე დიდ კოსმოდრომს შთამბეჭდავი ინფრასტრუქტურა აქვს: 9 სასტარტო კომპლექსი 15 სასტარტო პოზიციის შემადგენლობით, რაკეტების გამოსაცდელი 4 პოზიცია, 11 სამონტაჟო კორპუსი, სადაც რაკეტების აწყობა ხდება, თხევადი ჟანგბადისა და აზოტის მწარმოებელი ქარხნები (წარმადობა 300 ტონა დღე-ღამეში), თბოელექტროსადგური, ორი აეროდრომი, სამეთაურო პუნქტი. კომუნიკაციების სახით, კოსმოდრომზე 470 კმ რკინიზაა გაყვანილი და 6610 კმ-ის სიგრძის ელექტროკაბელებია გაჭიმული.
სსრკ-ს დაშლის შემდეგ, ბაიკონური დამოუკიდებელი ყაზახეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. 1994 წელს, რუსეთსა და ყაზახეთს შორის, 2050 წლამდე კოსმოდრომის ქირაობაზე ხელშეკრულება გაფორმდა. ეს სიამოვნება რუსეთს წელიწადში 115 მილიონი დოლარი უჯდება. კიდევ 50 მილიონი ყოველწლიურად მის ინფრასტრუქტურას ხმარდება.
ამხელა ხარჯები გამართლებულია. პირველ რიგში კოსმოდრომის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე. რაც უფრო ახლოს მდებარეობს ეკვატორთან სტარტის წერტილი, მით ნაკლები საწვავი სჭირდება რაკეტას ორბიტაზე გასასვლელად. ამასთან, ბაიკონურიდან რუსეთის ხელთ არსებული ნებისმიერი ტიპის რაკეტა-მატარებლის გაშვება შეიძლება. ის ერთადერთი რუსული კოსმოდრომია, რომელიც პილოტირებადი ფრენების განხორციელების საშუალებას იძლევა.