რუსეთი ჩრდილოეთ კავკასიაში სამხედრო შენაერთების რაოდენობას ოთხჯერ გაზრდის. ამის შესახებ ”ნეზავისიმაია გაზეტას” ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბში ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.
ჩრდილოეთ კავკასიის შტაბის ოფიცრის ინფორმაციით, რომელმაც ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა, ჩეჩნეთში ცალკეული მე-8 სამთო ბრიგადის შექმნისა და მოსკოვის ოლქიდან როსტოვის ოლქის ქალაქ მილოროვოში ცალკეული საავტომობილო ბატალიონის გადასროლის გარდა, სამხედრო დაჯგუფება ძლიერდება ჩრდილოეთ ოსეთში.
გაზეთის ინფორმაციით, ვლადიკავკაზის 58-ე არმიის ბაზაზე ოპერატიული მართვის ფორმირება სრულდება, რომელშიც 7 მოტომსროლელი და ერთი სატანკო ბრიგადა შევა.
ჩრდილოეთ კავკასიაში ძალების გაძლიერება გაგრძელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ქვედანაყოფების ხარჯზეც. ამ მიზნით კრასნოდარის მხარეში შექმნილია სამთო მომზადების ცენტრი “ხაცევიტი”. ჩრდილოეთ კავკასიის ძალების შემადგენლობაში, ასევე, შევა რუსეთის არმიაში პირველი ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტა - “ისკანდერის” დივიზიონი.
იმის შესახებ, რომ რაკეტებს ჯარები 2010 წელს მიიღებენ, ამას წინათ შეიარაღების დარგში თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ პოპოვკინმა განაცხადა. გენერალს არ დაუზუსტებია, თუ სად იქნებიან ისინი განლაგებული, მაგრამ მისი თქმით, “მათი ადგილი სწორედ ქვეყნის სამხრეთშია”.
ამის გარდა, ჩრდილოეთ კავკასიაში საავიაციო პოლკები სამხედრო ავიაბაზებად გადაკეთდება, თითოეული მათგანის შტატში არანაკლებ 5 ესკადრონი შევა.
კავკასიის საკითხებში სპეციალისტის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პოლკოვნიკ ვლადიმერ პოპოვის აზრით, “რეგიონის მილიტარიზაცია ყველაფერში ხელს არ შეუწყობს სტაბილურობასა და ჰუმანიტარული პრობლემების გადაწყვეტას”.
მისივე აზრით, მიუხედავად კონტრტერორისტულ ღონისძიებების გაძლიერებისა, ფედერალური ძალების წინააღმდეგ მებრძოლი “ბოევიკების” რიცხვი არ მცირდება.
“სახელმწიფოს მხრიდან ტოტალური ძალისმიერი პრესინგის მიუხედავად, ნაკლები ყურადღება ექცევა ეკონომიკური პრობლემებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხების გადაწყვეტას. მილიციელთა და სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა დიდია, მაგრამ კონკრეტული ადამიანის დაცვა არავის შეუძლია”, - მიიჩნევს პოპოვი.
მისივე თქმით, სწორედ ამას უკავშირდება დაღესტანში, ჩეჩნეთსა და ინგუშეთში ცნობილი ადამიანის უფლებათადამცველების მკვლელობები.
"ინტერპრესნიუსი"