რუსეთი საკუთარ ტერიტორიაზე ნატო-ს ჯავშანტექნიკის ავღანეთისკენ ტრანზიტს დათანხმდა. როგორც რუსული მედია იუწყება, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ავღანელ კოლეგასთან ზამლაი რასულთან მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
ლავროვის განცხადებით, მოსკოვი თანახმაა, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ნატო-ს ჯავშანტექნიკის ტრანზიტისთვის გამარტივებული რეჟიმი აამოქმედოს. მან ასევე აღნიშნა, რომ ლისაბონში გამართულ ნატო-რუსეთის სამიტზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ტრანზიტი ორმხრივი იქნება - როგორც ავღანეთის მიმართულებით, ისე უკან - ალიანსის ქვეყნებისკენ.
"ტრანზიტის გამარტივებული რეჟიმი ვრცელდება იმ ჯავშანტექნიკაზეც, რომელსაც გაძლიერებული ნაღმსაწინააღმდეგო დაცვა ექნება. ეს მნიშვნელოვანი დამატება იყო, რომელსაც უსაფრთხოების საერთაშორისო ძალების მონაწილეები ითხოვდნენ", - განაცხადა ლავროვმა.
ამასთან, ალიანსში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის დიმიტრი როგოზინის განმარტებით, ჯავშანტექნიკა შეიარაღება არ არის და სამოქალაქო ქმედებებისთვის არის განკუთვნილი. ავღანეთისკენ ნატო-ს შეიარაღების ტრანზიტზე კი რუსეთი კვლავ კატეგორიულ უარს ამბობს.
"ინტერპრესნიუსი"