2012 წლის გაზაფხულზე რუსეთის არმიაში გასაბერი იარაღი გამოჩნდება. მათ შექმნაზე სასწავლო-საწარმოო ორგანიზაცია "რუსბალი" იზრუნებს. გეგმის თანახმად, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებისა და სარაკეტო დანადგარების შენიღბულმა მაკეტებმა მტერი შეცდომაში უნდა შეიყვანოს. ჯერ კიდევ შარშან გაზაფხულზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის არმია გასაბერი ტექნიკით კარგა ხანია მარაგდება. მაშინ საუბარი იყო ტანკების მულაჟებზე, რომელთა ნამდვილისგან გამორჩევა 100 მეტრის მანძილიდანაც კი შეუძლებელია.
რუსი სამხედროების თქმით, რადიოლოკაციური, სითბური და ინფრაწითელი დიაპაზონის ღამის ხედვის აპარატებში გასაბერი ტექნიკა ისე აღიქმება, როგორც ნამდვილი და შედეგად, მოწინააღმდეგე შეცდომაში შედის. თანაც, გასაბერი არმიის პოზიციებზე გადატანა და განლაგება ძალზე მარტივია - მაგალითად, ტანკის მაკეტის გასაბერად 4 წუთი საკმარისია.
როგორც ჩანს, რუსული არმია საბჭოთა ეპოქის ტრადიციებს აგრძელებს. ცნობილია, რომ დიდი სამამულო ომის დროს საბჭოთა მეომრები ფანერის ტანკებს აკეთებდნენ, რითაც გერმანული მზვერავი-თვითმფრინავების ყურადღებას იპყრობდნენ, რათა ნამდვილი ტექნიკა სხვა ადგილზე გადაეყვანათ.