სოფელ პერევიდან რუსი მესაზღვრეების გაყვანით სარკოზი-მედვედევის შეთანხმების საკითხი საბოლოოდ დახურულია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი. "დასახლებული პუნქტიდან პერევიდან რუსული სასაზღვრო პოსტის გაყვანით მედვედევი-სარკოზის შეთანხმებების თითქოსდა შეუსრულებლობის საკითხი საბოლოოდ დახურულია. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საზღვრებს რუსი მესაზღვრეები ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე, საიმედოდ იცავენ", - აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.
ამასთან, მოსკოვი იმედოვნებს, რომ რუსული მხარის ნაბიჯს, რომელიც "საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვარზე" დაძაბულობის შემცირებისკენ არის მიმართული, ქართული მხარის და საერთაშორისო თანამეგობრობის ადექვატური და კონსტრუქციული რეაქცია მოჰყვება.
ამასთან, ლავროვის უწყება რუსი მესაზღვრეების გაყვანას "კეთილ ნებას" უწოდებს და აღნიშნავს, რომ სადაო ტერიტორიიდან მესაზღვრეების გაყვანას სერიოზული მზადება უძღვოდა.
"უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ხაზით, რთულად მისადგომ მთიან ტერიტორიაზე ჩატარდა 10-კილომეტრიანი შემოვლითი გზის მშენებლობა, რომელიც ქარძმანის ხეობას სამხრეთ ოსეთის დანარჩენ ტერიტორიასთან აკავშირებს. ეს მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის მომარაგებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ოფიციალურ თბილისთან "აღმზრდელობით" სამუშაოს ჩაატარებს, რათა რუსი მესაზღვრეების პერევიდან გაყვანის შემდეგ პროვოკაციები თავიდან იყოს აცილებული.
"ინტერპრესნიუსი"