რუსეთში ტერაქტების განხორციელების მიზნით, საქართველოში სამხედრო ბაზებზე ”უცხოელი ინსტრუქტორები” ტერორისტებს ამზადებენ. "რია ნოვოსტის" ცნობით, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არკადი ედელევმა განაცხადა. ვლადიკავკაზში გამართულ კოლეგიის სხდომაზე, რომელმაც ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობის შედეგები შეაჯამა, ედელევმა განაცხადა, რომ ”საქართველოში მომზადებული ტერორისტები ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკებს საბრძოლო მოქმედებების ადგილად მოიაზრებენ, რასაც შეუძლია რუსეთის სამხრეთით ვითარების დესტაბილიზაცია”. გენერალ-პოლკოვნიკის აზრით, სავარაუდო ტერორისტული ჯგუფები საფრთხეს წარმოადგენენ ჩრდილოეთ ოსეთისთვის, ინგუშეთისთვის, დაღესტნისთვის, ჩეჩნეთის, ყაბარდო-ბალყარეთისა და ყარაჩაევო-ჩერქეზეთისთვის.
”რუსეთის სამხრეთით საერთაშორისო ტერორიზმის ესკალაციის საშიშროება უწინდებურად რეალურია” - განაცხადა ედელევმა. მისი მონაცემებით, 2009 წელს ჩრდილო-კავკასიის რეგიონში ტერორისტული სახის დანაშაულმა 19 პროცენტით მოიმატა.
შეგახსენებთ, რომ 2009 წლის ოქტომბერში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორმა ალექსანდრე ბორტნიკოვმა ქართული სპეცსამსახურები ”ალ-ქაიდას” ქსელის ხელშეწყობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ისინი ”ალ-ქაიდას” ჩეჩნეთში ტერორისტების გადაგზავნასა და დაღესტანში იარაღის მიწოდებაში ეხმარებიან. საქართველომ ბორტნიკოვის ამ განცხადებას ”სრული სიცრუე და დეზინფორმაცია” უწოდა.
მომზადებულია ლენტა.რუ-ს მიხედვით