თავდაცვის სამინისტროში დიდი აურზაურია. სამხედროთა ატესტაციასა და შემდეგ საკადრო ცვლილებებს ბოლო არ უჩანს. ამ ყველაფრის შემოქმედი კი მინისტრი ბაჩო ახალაიაა, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაწყებულ საკადრო წმენდას, შესაძლოა, ისიც შეეწიროს. ექსპერტები უახლოეს მომავალში მთავრობაში ახალი კარუსელის დატრიალებას არ გამორიცხავენ. ვესაუბრებით სამხედრო საქმის ექსპერტს, ბატონ გიორგი თავდგირიძეს: - დიდია ალბათობა, რომ ბაჩო ახალაია მართლაც შეცვალონ. ჯერ ერთი, როგორც წესი, თავდაცვის სისტემაში ასეთი საკადრო წმენდის შემდეგ მინისტრი იცვლება ხოლმე, რათა ახალმა კადრმა გადახალისებული სამინისტრო ახლებურად მართოს. მოკლედ, "მავრმა გააკეთა თავისი საქმე..." თუმცა მიმაჩნია, რომ ეს ვითომ რეფორმა ისე არასწორად და დაუგეგმავად ხორციელდება, არც ახალი მინისტრის დანიშვნით შეიცვლება რამე სასიკეთოდ.
- კიდევ რა მიზეზით შეიძლება გაათავისუფლონ ბაჩო ახალაია?
- საქმე ის არის, რომ ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები მისი დანიშვნით უკმაყოფილონი იყვნენ და მას შემდეგ ყოველთვის ლაპარაკობენ მისი შეცვლის აუცილებლობაზე. საქართველოს ხელისუფლება კი, სავარაუდოდ, იძულებულია, გაუწიოს ანგარიში მათ აზრს.
დეკემბრის მიწურულს თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო უწყებაში მოულოდნელი ატესტაცია დაიწყო, რის შედეგადაც თანამდებობას დაახლოებით 200-მდე პოლკოვნიკი და ვიცე-პოლკოვნიკი დაკარგავს. ხელისუფლების ენაზე "საკადრო ოპტიმიზაციაში", ექსპერტთა აზრით კი - საკადრო წმენდაში მალე მაიორებიც მოყვებიან და ისინი, სავარაუდოდ, საქართველოს უმუშევართა არმიას შეუერთდებიან.
გვესაუბრება ექსპერტი სამხედრო საკითხებში, თავმჯდომარე ორგანიზაციისა "სამართალი და თავისუფლება" ირაკლი სესიაშვილი:
- თავდაცვის მინისტრმა ეს ამბავი ასე ახსნა: უმაღლესი წოდების ოფიცრები გაცილებით მეტნი არიან, ვიდრე შეიარაღებულ ძალებს სჭირდება, გაერთიანებული შტაბის მმართველობა გადატვირთულია და ამიტომაც სამინისტრომ დაიწყო ოპტიმიზაცია, რომელიც, პირველ რიგში, შეეხო პოლკოვნიკებსა და ვიცე-პოლკოვნიკებს. ასეთი დაახლოებით 600-მდე სამხედრო პირია. მათ ჩაუტარეს ტესტირება და შედეგად, კადრების განკარგულებაში გადაიყვანეს 200-მდე პოლკოვნიკი და ვიცე-პოლკოვნიკი. როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, მათ განმეორებით ჩაუტარებენ ტესტირებას და იმ შემთხვევაში, თუ კიდევ ვერ დააკმაყოფილებენ მოთხოვნებს, ნაწილს დაითხოვენ, ნაწილს კი შესთავაზებენ სხვა სამუშაოს. თუ სამხედრო მოსამსახურე კადრების განკარგულებაში ყოფნის შემდგომ უარს განაცხადებს შეთავაზებულ სამსახურზე, თავდაცვის სამინისტროს შეუძლია, გაუუქმოს კონტრაქტი და დაითხოვოს სამხედრო სამსახურიდან.
ეს პროცესი შეეხებათ მაიორებსაც. მინისტრი მიიჩნევს, რომ მაიორიც საჭიროზე მეტი გვყავს, მხოლოდ უმცროსი წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეების, მაგალითად,L ლეიტენანტების, დეფიციტია. აპირებენ მთლიანად სამეთაურო რგოლის შემცირებას. ოპტიმიზაციის პროცესში მათი დაახლოებით 50% უნდა გაიცხრილოს. საქართველოს კანონმდებლობა ისეა მოწყობილი, რომ ნებისმიერ მინისტრს შეუძლია განახორციელოს შტატების შემცირება რეორგანიზაციის ან ოპტიმიზაციის საბაბით და შემდეგ ამ პროცესში სხვადასხვა ტესტირება ჩაატაროს და დაითხოვოს მოსამსახურე, ან სულაც, ტესტირების გარეშე დაითხოვოს ისინი.
- ვინ არის დამნაშავე, რომ პოლკოვნიკები და ვიცე-პოლკოვნიკები არ ყოფილან სათანადოდ მომზადებულები?
- ეს, პირველ რიგში, მმართველობის ბრალია. მაგ. საპენსიო ასაკს მიტანებულმა შტაბის ოფიცრებმა ვერ ჩააბარეს ფიზიკური მომზადების ნორმატივები. მოგეხსენებათ, სამხედრო სამსახურში რთული რეჟიმია და ოფიცრები დილიდან დაღამებამდე მუშაობენ. მათ არც ინფრასტრუქტურა აქვთ შესაბამისი, რომ ფიზიკურად მოემზადონ. არადა, საჭიროა მათი კვალიფიკაციის ამაღლება. ისინი დღეს ხომ არ გამხდარან დაბალი კვალიფიკაციისანი, წლების განმავლობაში მსახურობდნენ თავდაცვის სამინისტროში, შესაბამისად, პასუხისმგებლობა ჰქონდათ აღებული იმ მმართველობასთან, რომელიც იმ პერიოდში ედგა სათავეში უწყებას, ვთქვათ, ოქრუაშვილის და კეზერაშვილის მინისტრობის პერიოდში. თუ ამ ადამიანებს დაბალი კვალიფიკაცია ჰქონდათ, რატომ თავის დროზე არ იზრუნეს მათ გადამზადებაზე? თავდაცვის სამინისტრო შეცდომას დაუშვებს, თუ მათ ერთი ხელის მოსმით გაუშვებს სამსახურიდან.
ჯერ ერთი, როცა ქვეყანას უჭირდა, ეს ადამიანები უმძიმეს პირობებში, კაპიკებისთვის მუშაობდნენ, იდგნენ ქვეყნის სამსახურში. საინტერესოა, მათ რომ შინ უშვებენ, შემცვლელი თუ ჰყავთ? არც შემდგომი დასაქმების პროგრამა არსებობს და მათი ამაგი, ფაქტობრივად, წყალში იყრება. არ შეიძლება ასე, - მოვა ახალი მინისტრი, იტყვის, რომ საკადრო პოლიტიკა გადასახედია და თანამშრომლებს დაითხოვს. ძველმა მინისტრებმა ხომ აიღეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომ ამ ადამიანებს ექნებოდათ სამუშაო და თანამდებობები. ახლა აღმოჩნდა, რომ თურმე ისინი საჭირონი არ არიან. აქედან გამომდინარე, ეს ადამიანები არიან არათანამიმდევრული პოლიტიკის მსხვერპლნი. ვურჩევ ბატონ მინისტრს, ისინი შინ კი არ გაუშვას, არამედ მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე იზრუნოს.
- ბაჩო ახალაიას უთქვამს, ახალი ნაკადით შეივსება გამოთავისუფლებული ადგილებიო...
- როგორც მინისტრმა განაცხადა, მათ ჩანაცვლებას არ აპირებს. ამ პროცესს ოპტიმიზაცია იმიტომ დაარქვეს, რომ ზედმეტი და არასასურველი კადრები მოიშორონ და, შესაბამისად, მათ მაგივრად სხვები არ დაინიშნებიან. საკითხავი ის არის, ეს კადრები რომ მცირდება, თუ არის ჩვენი ჯარი სრულად დაკომპლექტებული, გვჭირდება თუ არა ეს ადამიანები და რაში გამოიყენებენ იმ თანხებს, რომლებიც ხელფასების სახით გამოთავისუფლდა? და საერთოდ, რა მიზანს ემსახურება ეს "საკადრო დაბომბვა"?
- თქვენ თვითონ თუ გაქვთ პასუხი კითხვაზე, - რას ემსახურება "საკადრო დაბომბვა" სამხედრო სამსახურში?
- ოპტიმიზაცია საჭიროა, მაგრამ ის თანამიმდევრულად უნდა განხორციელდეს. დღევანდელმა თავდაცვის მინისტრმა და შესაბამისმა ხელმძღვანელობამ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა წინა მინისტრების მიერ განხორციელებულ პოლიტიკაზე. მუხროვანის ამბოხის სასამართლო პროცესს ვესწრებოდი და გული მომიკვდა, ისეთი ოფიცრები და დამსახურებული სამხედროები ისხდნენ განსასჯელის სკამზე, - ნამდვილი პროფესიონალები. მათ არაერთი გმირობა აქვთ ჩადენილი... ერთ-ერთმა სამხედრო მოსამსახურემ თქვა, - ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ჩვენი, სამხედროების, ენა არავის ესმისო. მეც ვეთანხმები. თავდაცვის მინისტრს არ ესმის სამხედროების ენა, არ იცის, მათთან როგორ იმუშაოს, ამიტომაც ლოგიკური იყო ომის შედეგები, - პოლიტიკოსებიც და თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებიც თავიანთ პოლიტიკას ახორციელებდნენ და სამხედროებს არ უსმენდნენ.
ეს არის იმის გამეორება, რაც თავის დროზე ოქრუაშვილმა გააკეთა. პრეზიდენტი გამოდის ხოლმე, ვითომ ახალისებს ოფიცრებს და საქმე საქმეზე რომ მიდგება, მათ ერთი ხელის მოსმით ისე მოისვრიან და გადაყრიან, თვალს არ დაახამხამებენ.
ნათია დოლიძე
ნანა ფიცხელაური
”ყველა სიახლე”