სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, არსებობს დიდი საფრთხე, რომ ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის საზღვრისპირა ტერიტორიებზე განმეორებითი სამხედრო შეტევა განახორციელოს.
"BBC News"-ის ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება დღეს სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, ვონ სეი ჰუნმა გააკეთა. დაზვერვის გამაფრთხილებელი განცხადება დაახლოებით ორ საათში გაკეთდა, მას შემდეგ, რაც სამხრეთ კორეისა და აშშ-ის სამხედრო ფლოტის ხელმძღვანელი პირები ყვითელ ზღვაში მიმდინარე ერთობლივი წვრთნების კიდევ რამდენიმე დღით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.
ერთობლივი წვრთნები ყვითელ ზღვაში უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. წვრთნების დაწყებამდე ორი დღით ადრე ჩრდილოეთ კორეის მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ ყვითელ ზღვაში საწვრთნელი მანევრების ჩატარებით სამხრეთ კორეა სიტუაციას ომის ზღვრამდე მიიყვანდა.
23 ნოემბრის შემდეგ სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობები განსაკუთრებით დაიძაბა. ამის მიზეზი ჩრდილო კორეელების მიერ განხორციელებული თავდასხმა გახდა. მათმა არტილერიამ სასაზღვრო ზოლთან ახლოს, სამხრეთელების კუნძული დაბომბა. აფეთქებებისა და ნგრევის შედეგად, 4 ადამიანი, მათ შორის ორი სამხედრო მოსამსახურე და ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ჩრდილოელების დაბომბვას სამხრეთმა საპასუხო ცეცხლით უპასუხა.
სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის 3-წლიანი ომის (1950-1953) დასრულების შემდეგ, სამშვიდობო ხელშეკრულება არ გაფორმებულა. ომის შემდგომ პერიოდში, საზღვარზე სიტუაცია მუდმივად დაძაბული იყო თუმცა, ამ მასშტაბის ინციდენტი არ მომხდარა.
"ინტერპრესნიუსი"