სომალელმა მეამბოხეებმა ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, რომელიც კისმაიოს პორტის თავზე მიფრინავდა. ამის შესახებ "როიტერი" იტყობინება.
მეამბოხეთა მოძრაობის "ალ-შაბააბის" წარმომადგენელმა, შეიხ ხასან იაკუბმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩამოგდებული თვითმფრინავი ზღვაში ჩავარდა. ამჟამად მეამბოხეები მის ნამსხვრევებს ეძებენ. ისინი ვარაუდობენ, რომ უპილოტო საფრენი აპარატი მათზე ჯაშუშობდა.
"BBC News"-ის მონაცემებით, ამერიკელმა სამხედროებმა ერთი თვის წინ, "ალ-შაბააბთან" ერთად მომუშავე "ალ-ქაიდას" წევრების განადგურების მიზნით, სომალის ტერიტორიაზე ვერტმფრენებით შეაღწიეს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკელები სომალში უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებენ, მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.