რუსი მესაზღვრის, ვიტალი ხრიპუნის დეზერტირობის ფაქტზე რუსმა სამართალდამცავებმა სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. როგორც სააგენტო ”რეგნუმი” იუწყება, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტში განაცხადეს. სისხლის სამართლის საქმეს საგამოძიებო კომიტეტის ე.წ. სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული სამხედრო საგამოძიებო ნაწილი იძიებს.
წინასწარი ინფორმაციით, ვიტალი ხრიპუნმა 21 დეკემბერს სასაზღვრო კონტროლის სოფელ სინაგურში განთავსებული პოსტი თვითნებურად დატოვა და ავტომატი და საბრძოლო მასალა წაიღო.
საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილით და 338-ე მუხლის მეორე ნაწილით არის აღძრული, რომლებიც იარაღისა და საბრძოლო მასალების გატაცებას და დეზერტირობას ითვალისწინებს.
ვიტალი ხრიპუნის საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და რუსი მესაზღვრეების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიდან აცნობეს.
"აღნიშნული შეხვედრა მხოლოდ ორმხრივი იყო და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში არ გამართულა. შედგა საუბარი, თუ რა როლის შესრულება შეუძლია აღნიშნული საკითხის გადაწყვეტაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. თუმცა, ლტოლვილის სტატუსთან დაკავშირებულ საკითხებს, როგორც ცნობილია, საქართველოს ხელისუფლება და გაერო-ს ლტოლვილთა კომისარიატის წარმომადგენლობა წყვეტენ", - განაცხადეს მისიაში.
აქვე აღნიშნეს, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა სოფელ პერევში განთავსებული რუსულ საგუშაგოსთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია. როგორც ცნობილია, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, დაიცვას ექვსპუნქტიანი შეთანხმებით აღებული ვალდებულებები და პერევის საგუშაგო ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა გადაიტანოს.
"რაც შეეხება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ან ოსურ მხარესთან ორმხრივ შეხვედრას, ამგვარი შეხვედრა ჯერ დაგეგმილი არ არის”, - აღნიშნეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში.
რუსი სამხედრო მოსამსახურე ვიტალი ხრიპუნი სამხედრო ნაწილიდან 21 დეკემბერს გაიქცა და საქართველოს ხელისუფლებას თავშესაფარი სთხოვა.
"ინტერპრესნიუსი"