ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
ვრცლად ვერმახტის ქართულ ლეგიონზე
მცდელობა(ბევრია მაგრამ თუ წაიკითხავთ ბევრ საინტერესო და უცნობ ფაქტს გაიგებთ) 1922 წელს ემიგრირებულმა საქართველოს მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა პოლონეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელობას გაუგზავნა საბჭოეთთან ერთობლივი ბრძოლის გეგმა, რის შემდეგაც პოლონეთის ხელისუფლების მაშინდელი ხელმძღვანელის იოზეფ პილსუდსკის (სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, პოლონეთის აღორძინებული სახელმწიფოს პირველი ხელმძღვანელი, პოლონეთის არმიის შემქმნელი, მარშალი) ბრძანებით ქვეყნის არმიაში მიიღეს დაახლოებით ასი ქართველი ოფიცერი. როგორც მარშალი ამბობდა, ქართველებთან თანამშრომლობა საომარი მოქმედებების დროს დიდად ფასეული იყო.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებისა და პოლონეთის დაცემის შემდეგ ქართული შენაერთი მესამე რაიხის დაქვემდებარებაში აღმოჩნდა, რომელიც საბჭოთა კავშირზე თავდასხმისათვის ემზადებოდა. ნაცისტების აღმოსავლური კამპანიის ერთ-ერთი მიზანი მრავალეროვანი სახელმწიფოს დაშლა იყო. ამ პოლიტიკის გასატარებლად გერმანელებს განზრახული ჰქონდათ მარიონეტული მთავრობების შექმნა, რომლებიც მთლიანად მესამე რაიხს დაექვემდებარებოდნენ. ამიტომ ევროპის დაპყრობილ ტერიტორიებზე დაიწყეს ეროვნული ორგანიზაციების შექმნა, რომლებსაც ბოლშევიზმისაგან დამონებული ხალხები უნდა ეხსნა.

1938 წელს ბერლინში შეიქმნა “ქართული ბიურო”, რომელიც “კავკასიურ ბიუროდ” გადაკეთდა.
1939 წელს რომში ჩატარდა ვარშავის, პრაღისა და ბერლინის ქართული ნაციონალური ორგანიზაციების საერთო ყრილობა, სადაც გადაწყდა “ქართული ნაციონალური კომიტეტის” დაარსება. 1940 წლის ზაფხულში ქართველებმა მოლაპარაკება დაიწყეს კავკასიელ მთიელთა ემიგრაციის ლიდერ ჰაიდარ ბამატთან საერთო-კავკასიური ფაშისტური პარტიის შექმნის შესახებ. მომავალი გათავისუფლებული საქართველოს ხელისუფლების ლიდერად შეირჩა დიდი თავადი ბაგრატიონ-მუხრანელი.

საბჭოეთთან ომის დაწყების შემდეგ ჰიტლერელებმა გადაწყვიტეს წითელარმიელ ტყვეთაგან და ემიგრანტებისგან შეექმნათ სამხედრო ფორმირებები, რომლებიც ისევე შეებრძოლებოდნენ წითელ არმიას, როგორც გერმანელი ჯარისკაცები. აღმოსავლეთის ფრონტზე სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებისგან შემდგარი (ყოფილი საბჭოთა მოქალაქეები) პირველი ლეგიონი იყო “თურქესტანი” (1941 წ. ნოემბერი), რომელშიც ირიცხებოდნენ არა მარტო შუა აზიის რესპუბლიკებისა და ყაზახეთის წარმომადგენლები, არამედ ვოლგისპირელი თათრები, ბაშკირები და აზერბაიჯანელებიც. მოგვიანებით შეიქმნა ლეგიონები: “ურალი” (თათრები, ბაშკირები, ჩუვაშები) “აზერბაიჯანი” და “ჩრდილოეთი კავკასია”.

ქართველი სამხედროების გადაბირების საკოორდინაციო ცენტრი (სადაც ოფიცრებსა და უნტეროფიცრებს ამზადებდნენ) პოლონეთის დასახლება კრუშნაში იყო. მალე ქართული ლეგიონის შტაბი ლიტვის ქალაქ მარიამპოლეში გადაიტანეს და 1942 წლის იანვარში მის მეთაურად პოლკოვნიკი შალვა მაღლაკელიძე დანიშნეს. პროპაგანდისტული მიზნებისათვის შტაბთან აგრეთვე შეიქმნა “ქართული ნაციონალური კომიტეტი”, რომელიც დევნილი ხელისუფლების ფუნქციებს ასრულებდა. ოკუპირებული ტერიტორიების გერმანელმა გამგებელმა ჩინოვნიკებმა არაორაზროვნად მიანიშნეს ნაციონალური კომიტეტის წევრებს, რომ ომის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში შესაძლებელი გახდებოდა ხორვატიისა და სლოვაკეთის მსგავსად დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოს სტატუსის აღდგენა.

თავიდან ქართული ლეგიონის ბირთვს წარმოადგენდა პროგერმანულად განწყობილი ემიგრანტების ჯგუფი, რომლებიც უპირატესად ბერლინის ქართულ დიასპორას ეკუთვნოდნენ. შემდეგ მათ შეუერთდნენ ოკუპირებული საფრანგეთისა და ბელგიის დიასპორები. გარდა ამისა, ქართული ლეგიონის რიგები გადმობირებული სამხედრო ტყვეებითა და მოწინააღმდეგის მხარეზე გადასული ქართველი წითელარმიელების ხარჯზეც ივსებოდა. ლეგიონის პირად შემადგენლობაში გაიშალა მასშტაბური პროპაგანდისტული მუშაობა (ქართულენოვანი გაზეთიც კი გამოიცემოდა), რომლის მიზანი იყო ქართველებისთვის ისტორიულ ვითარებაში გარკვევა, რომ საქართველო საბჭოთა კავშირში უკანონოდ, ძალისმიერი გზით შეათრიეს, რომ ქვეყანა ოკუპირებული აქვს რუსულ კომუნისტურ რეჟიმს, რომ მისი გათავისუფლება ნებისმიერი მსხვერპლის ფასად უნდა მოხდეს, თუნდაც ნაცისტურ გერმანიასთან კავშირის ფასად.

ყველა ეროვნების ლეგიონერებს, მათ შორის ქართველებსაც გერმანული სამხედრო ფორმით მოსავდნენ, რომელსაც საგანგებოდ შერჩეული განმასხვავებელი ნიშნები ჰქონდა. ქართველ ლეგიონერთა სამხრეები ნაცრისფერი იყო, ალისფერი არშიით, და თეთრი ან ვერცხლისფერი სირმა ამშვენებდა. ოფიცრები ვიწრო, დაგრეხილი თასმებისაგან დაწნულ სამხრეებს ატარებდნენ, რომლებსაც ოქროსფერი ზოლები დაუყვებოდა. სამხედრო ფორმას თეთრი სირმამოვლებული ალისფერი საყელო ჰქონდა. მუნდირის მარცხენა სახელოზე ლეგიონერებს ჰქონდათ შევრონი, რომელზეც ნაციონალური სიმბოლიკა იყო გამოსახული. ქართველების შევრონზე დამოუკიდებელი საქართველოს (1918 წ.) შინდისფერი დროშა იყო. ვერმახტის სამხედრო წესდება არაარიელ ლეგიონერებს უკრძალავდა ნაცისტური ნიშნის (არწივი სვასტიკაზე) ტარებას, ის გერმანელ ჯარისკაცებს მუნდირის მარჯვენა ჯიბის თავზე ჰქონდათ მიმაგრებული. ქართველები გერმანელებზე ნაკლებ არიელებად არ თვლიდნენ თავს და მკერდზე გამორჩეულობის სიმბოლოს მაინც ატარებდნენ. მალე მათ ჩრდილოკავკასიელებმა, აზერბაიჯანელებმა და სომხებმაც მიჰბაძეს.

1942 წლის გაზაფხულზე მარიამპოლიდან ფრონტზე გაიგზავნა ორი ეკიპირებული და გაწვრთნილი ქართული ბატალიონი (795-ე და 796-ე), რომელშიც 2000 მებრძოლი იყო. ერთი წლის შემდეგ ლიტვის საწვრთნელი ბანაკებიდან ფრონტზე ქართველ ლეგიონერთა მეორე ტალღა გაიგზავნა (797-ე, 798-ე, 799-ე და 828-ე ბატალიონები), რამდენიმე თვის შემდეგ კი, 1943 წლის ზაფხულის მიწურულს _ მესამე (823-ე და 824-ე ბატალიონები). პროპაგანდისტული ეფექტის გასაძლიერებლად ზოგიერთ შენაერთს საქართველოს გამოჩენილი ისტორიული მოღვაწეების სახელები მიანიჭეს: 797-ე ბატალიონს “მეფე ერეკლე II ბაგრატიონი”, 799-ე ბატალიონს “მეფე დავით IV ბაგრატიონ-აღმაშენებელი”. 822-ს _ “თამარ მეფე”, 823-ს _ “შოთა რუსთაველი” და ა.შ. გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, პოლონეთში განლაგებული ვერმახტის 162-ე ქვეითთა საწვრთნელ ბანაკებში მომზადდა და აღმოსავლეთის ფრონტზე გაიგზავნა სამი სამთო-საეგერო და ორი გრენადერთა ქართული ბატალიონი, სადაც 6000 ჯარისკაცი და ოფიცერი შედიოდა. შემდგომ ქართველი ლეგიონერების მომზადების ტემპი დაჩქარდა და სხვადასხვა ბანაკში გაიწვრთნა და ფრონტზე გაიგზავნა ოც ბატალიონზე მეტი. თუ გავითვალისწინებთ, რომ გერმანულ ქვეითთა ბატალიონში 900-იდან 1600 კაცამდე იყო, ხოლო სამთო-მსროლელთა ბატალიონებში _ 600, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ყველა ქართულ ბატალიონში ჯარისკაცებისა და ოფიცრების რიცხვი 20 ათასს აჭარბებდა.

ქართველები მსახურობდნენ მე-11 ცალკეულ საინჟინრო-სამშენებლო ასეულშიც, რომელიც გასამხედროებულ ორგანიზაცია ტოდტა-ში შედიოდა. ქართველების ერთი ნაწილი მსახურობდა გენერალ ვლასოვის განმათავისუფლებელ რუსულ არმიასა და ზოგიერთ უკრაინულ სამხედრო ფორმირებაში (მათ შორის “გალიჩინის” სს-ის დივიზიაში). რუსმა საბჭოთა გენერალ-ლეიტენანტმა ა. ვლასოვმა, რომელიც ვოლხოვის ფრონტის მე-2 დამკვრელური (სანიმუშო) არმიის სარდალი იყო, 1942 წლის ივლისში მთელი არმია (150 ათასზე მეტი ჯარისკაცი თავისი შტაბით და ოფიცრებით) გადაიყვანა გერმანელების მხარეზე. ნაცისტებმა კარგად გამოიყენეს გენერალი ვლასოვი, მის მიერ გაწეული აგიტაცია-პროპაგანდისა და რჩევა-დარიგებების შედეგად ასეული ათასობით რუსი ჯარისკაცი (მთელი დივიზიები) გადადიოდა მოწინააღმდეგის მხარეზე. ბოლოს ა. ვლასოვი რუსეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი არმიის (დაახლოებით 500 ათასი რუსი ჯარისკაცი და ოფიცერი) სარდლად დანიშნეს. სვასტიკიანი რუსები (ვლასოველები) თავდაუზოგავად იბრძოდნენ თანამოძმეთა წინააღმდეგ, განსაკუთრებით კი მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ იჩენდნენ არაადამიანურ სისასტიკეს.

ვლასოველთა ნარჩენები ომის დამთავრების შემდეგაც არ წყვეტდნენ გააფთრებულ ბრძოლას დასავლეთ უკრაინაში, კარპატის მთებში და ბელორუსიის ტყეებში. ქართველი ემიგრანტები კარგ სამსახურს უწევდნენ აბვერსაც. საგანგებო ბანაკებში მათ ასწავლიდნენ სადაზვერვო და სადივერსიო ხერხებს. ომის დასაწყისში აბვერში გაწვრთნილი ქართველი ემიგრანტებისაგან შექმნეს ორგანიზაცია “ტამარა”, რომელსაც საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ტერიტორიაზე აჯანყების მომზადება ევალებოდა. 1941 წლის ნოემბერში “ტამარას” დივერსიული ჯგუფი საგანგებო დანიშნულების ბატალიონ “ბერგმანს” (მთიელი) დაუქვემდებარეს. ბატალიონის პირველი, მეოთხე და მეხუთე ასეულები ქართველებისგან შედგებოდა, მე-2 _ ჩრდილოკავკასიელებისაგან, მე-3 _ აზერბაიჯანელებისაგან. ბატალიონი “ბერგმანი” აღმოსავლეთის ფრონტზე 1942 წლის აგვისტოს ბოლოს გაიგზავნა.

მისი პირადი შემადგენლობა არაერთხელ გადაუსვრიათ მტრის ზურგში, სადაც ისინი სადაზვერვო და სადივერსიო დავალებებს ასრულებდნენ. ყოველივე ეს გვაფიქრებინებს, რომ მესამე რაიხის მხარეს მებრძოლ ქართველთა საერთო რაოდენობა 30 ათასს არ აღემატებოდა.

საბრძოლო ნათლობა ქართულმა ბატალიონებმა კავკასიისთვის ბრძოლებში მიიღეს. 1942 წლის ზაფხულში კავკასიის მისადგომებთან გერმანული ჯარების შემადგენლობაში მოქმედებდა შვიდი “აღმოსავლური ბატალიონი”, რომლებშიც ირიცხებოდნენ ქართველები, აზერბაიჯანელები, სომხები და ჩრდილოკავკასიელები. 1942 წლის ბოლოს და 1943 წლის დასაწყისში კავკასიის ფრონტზე დამატებით გადმოისროლეს 806-ე აზერბაიჯანული, 810-ე სომხური და 842-ე ჩრდილოკავკასიური ბატალიონები, რომლებიც გერმანულ ქვეითთა დივიზიას ექვემდებარებოდნენ.

ამ ბატალიონებში შედიოდა ზემონახსენები “ბერგმანიც”. 1942 წლის სექტემბერში ამ ბატალიონის 25 წევრი გადმოსხეს გროზნოს მახლობლად. მათი მიზანი ნავთობის ობიექტების ხელში ჩაგდება იყო. დივერსანტებმა ვერ შეასრულეს ამოცანა, რადგან გროზნოზე მათი შეტევა საბჭოთა ჯარებმა მოიგერიეს. მიუხედავად ამისა, ჯგუფმა მაინც შეძლო ფრონტის ხაზზე გადასვლა და თან ჩრდი-ლოკავკასიელი ხალხების წითელარმიელთა ერთი ნაწილის მოწინააღმდეგის მხარეზე გადაყვანა, რომლებმაც შემდეგ ეროვნული ბატალიონები შეავსეს. 1942 წლის სექტემბერში “ბერგმანის” მეომრები მოზდოკი-ნალჩიკი-მინერალური წყლების რაიონში, საბჭოთა პარტიზანებს ებრძოდნენ.

1942 წლის ბოლოს “ბერგმანი” სამბატალიონიან პოლკად გადაკეთდა, რომელშიც 2300 ჯარისკაცი და ოფიცერი იყო. კავკასიიდან გერმანული ჯარების უკან დახევისას ქართული ლეგიონები სპობდნენ სამრეწველო ობიექტებსა და არიერგარდულ ბრძოლებს მართავდნენ. მოგვიანებით მათი ერთი ნაწილი ყირიმში გადაისროლეს ანტიპარტიზანული საქმიანობისათვის. თუმცა ყველა ქართულ შენაერთს არ გამოუჩენია ლოიალობა მესამე რაიხის ხელმძღვანელობისადმი. 1942 წლის ოქტომბერში ქართული ბატალიონი “პოლკ გეორგიენ ლეგიონ” სრული შემადგენლობით შეეცადა წითელარმიელთა მხარეს გადასვლას. 750 ქართველი ლეგიონერის აღჭურვილობითა და აღალით საბჭოთა მხარეს გადასვლა დეტალურად იყო გათვლილი და კავკასიის ფრონტის 37-ე არმიის სარდლობასთან შეთანხმებული. ლეგიონერებმა განაცხადეს, რომ არ სურთ ებრძოლონ თანამოძმეებს და მზად არიან გერმანელების იარაღი მათვე დაუმიზნონ, მაგრამ რამდენიმე მოღალატემ გასცა მათი გეგმა და ოპერაცია ჩაიშალა. ამ ფაქტის შეფასებისას ერთმა ტყვე გერმანელმა ოფიცერმა განაცხადა: “გერმანელ ჯარისკაცებს ასეთი სამხედრო ფორმირებების იმედი არ აქვთ, მათ შექმნას ვერმახტის სამხედრო სისუსტეს მიაწერენ”.

1943 წლის მაისში უკრაინის აღმოსავლური ლეგიონების ფორმირებების ცენტრში ქართველი ტყვეებისაგან შეიქმნა ბატალიონი, რომელიც შემდეგ ვერმახტის ქვეითთა დივიზიას შეუერთდა. გერმანულ სარდლობას ამ შენაერთების ტუაფსე-სოხუმის მიმართულებით შეტევის დროს გამოყენება სურდა, მაგრამ კავკასიის ფრონტზე მარცხის შემდეგ დივიზია ზურგში, დონეცკის ფრონტზე, პირველი სატანკო არმიის რეზერვში გადაიყვანეს.

ოპერაცია “ციტადელის” დაწყებისას, ივლისის პირველ დღეებში, 198-ე დივიზიის ქართული ბატალიონი გააერთიანეს მე-4 სატანკო არმიის მე-3 სატანკო კორპუსში, რომელიც ბელგოროდიდან კურსკის მიმართულებით იგერიებდა ორიოლიდან მე-9 არმიის შეტევას. ქართული ლეგიონის მეთაური კაპიტანი ფონ მიულერი სარდლობას მოახსენებდა, რომ “ქართველმა ლეგიონერებმა თავი გამოიჩინეს ქუჩების პატრულირების დროს, ხიდების დაცვისას და პოზიციების მშენებლობისას გამართულ ბრძოლებში”. შემოდგომისთვის მე-4 სატანკო არმიაში შემავალ ქვეითთა დივიზიის ამოცანა ქალაქ ხარკოვის აღმოსავლეთით განლაგებული, საკომუნიკაციო სისტემების დაცვა და შენარჩუნება იყო. 1943 წლის აგვისტოში ფრონტის ხაზზე მყოფი ლეგიონერები ქართული შენაერთების მეთაურმა პოლკოვნიკმა შალვა მაღლაკელიძემ მოინახულა. საბჭოთა ჯარების კონტრშეტევაზე გადასვლის შემდეგ, 198-ე დივიზიის ქართველი ლეგიონერები ხარკოვის მისადგომებთან იბრძოდნენ, ვერმახტის ჯარების უკან დახევისას კი (1943 წ.) დაცვით სამსახურს ეწეოდნენ კრემენჩუგისა და კიროვოგრადის რაიონებში. კურსკისა და ბელგოროდის ბრძოლებში სხვა ქართული შენაერთებიც მონაწილეობდნენ: მომარაგების რამდენიმე ასეული, საგზაო-სამშენებლო და სადარაჯო ასეული (ოპერატიული ჯგუფი “კემპფ”-ის შემადგენლობაში).

მიუხედავად გერმანელი სარდლობის მტკიცებისა და პროპაგანდისა, რომ ლეგიონერებსა და სხვა შენაერთებს თანაბარი სტატუსი ჰქონდათ, სინამდვილეში მათ ხშირად საზარბაზნე ხორცად იყენებდნენ, მათ ფრონტის ყველაზე რთულ მონაკვეთზე გზავნიდნენ. უკან დახევისას კი ძირითადი ნაწილების ზურგის დაცვას აიძულებდნენ, აღმოსავლური ბატალიონების ალყაში მოხვედრისას კი არ ჩქარობდნენ მათ გამოხსნას. ამიტომაც “აღმოსავლურ ლეგიონებში” სწრაფად დაეცა საბრძოლო სული და თავი იჩინა უიმედობამ, რასაც დეზერტირობა მოჰყვა.

1943 წელს ჰიტლერმა ყველა “აღმოსავლური ლეგიონის”, რომლებიც საბჭოთა კავშირის ხალხებისაგან შედგებოდა, განიარაღება და მათი პირადი შემადგენლობის სამუშაო ძალად გამოყენება გადაწყვიტა. ვერმახტის უმაღლესმა ხელისუფლებამ შეძლო, დაერწმუნებინა ფიურერი, რომ ამას შეიძლებოდა კატასტროფული შედეგი მოჰყოლოდა, იმ დროისთვის ხომ “აღმოსავლურ ლეგიონებში” 427 ათასზე მეტი ყოფილი საბჭოთა მოქალაქე (80% რუსი) ირიცხებოდა, რაც 30 გერმანულ დივიზიას უდრიდა. ამიტომაც გადაწყდა, კი არ დაეშალათ “აღმოსავლური ლეგიონები”, არამედ საბრძოლო მოქმედებების მეორეხარისხოვან თეატრში გადაეყვანათ. მაგალითად: საფრანგეთში, იტალიაში, ბალკანეთზე. ქართულ ნაციონალურ კომიტეტს და მარიამპოლის ცენტრს უბრძანეს, საჩქაროდ გადასულიყვნენ ქალაქ კონფლანში (საფრანგეთი). სსრკ-ის ტერიტორიაზე მყოფი ქართული ბატალიონები ნორმანდიასა და ბრეტანში (ჩრდილო საფრანგეთი) გადაისროლეს, რამაც ქართველი ლეგიონერების ისეთი უკმაყოფილება გამოიწვია, რომ საქმე შეტაკებამდეც მივიდა. ლიტვაში დისლოცირებულ ქართულ შენაერთებში დაიწყო მასობრივი დეზერტირობა. ქართველები ლიტველ “ტყის ძმებს” _ პარტიზანებს უერთდებოდნენ, რომლებიც ფაშისტებს ებრძოდნენ, ხოლო გერმანელების ლიტვიდან გასვლისა და რუსების შემოსვლის შემდეგ წითელ არმიასთან გააგრძელეს ბრძოლა.

პოლკოვნიკი შალვა მაღლაკელიძე ქართული ლეგიონების სარდლობიდან გაათავისუფლეს და ბალტიისპირეთში გერმანულ ნაწილში გადაიყვანეს. 1944 წელს მისი დამსახურების აღსანიშნავად პოლკოვნიკს ვერმახტის გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭეს.
ქართული ლეგიონების უმრავლესობა საფრანგეთში აღმოჩნდა. ზოგი ატლანტიკის სანაპიროს დაცვაში მსახურობდა, ზოგი კი, მაგალითად, 795-ე ბატალიონი, შერბურში, მე-7 არმიის შემადგენლობაში, 797-ე _ გრენვილში, 709-ე ქვეითი დივიზიის შემადგენლობაში, 798-ე სან-ნაზერში, 384-ე ქვეითთა დივიზიის შემადგენლობაში, 822-ე ლიონის მიდამოებში, შემდეგ კი ზანდფოორტში (ჰოლანდია), 344-ე ქვეითთა პოლკის შემადგენლობაში, რომელიც კუნძულ გერნსზე დისლოცირებულ მე-7 არმიაში ირიცხებოდა.

799-ე ქართულ ბატალიონს გერმანელები საფრანგეთის ცენტრალურ რაიონებში პარტიზანებთან საბრძოლველად იყენებდნენ. ეს შენაერთი 25-ე საარმიო კორპუსს ექვემდებარებოდა. 1943 წლის დეკემბრის დასაწყისში 198-ე დივიზიის ქართული ბატალიონი იტალიაში გადაისროლეს, სადაც სს-ის მე-2 სატანკო ბრიგადის შემადგენლობაში ჯუნეო-დომოდოსოლესა და ბრეშიას მიდამოებში პარტიზანებს ებრძოდა.

ჰიტლერის 1943 წელს გამოცემული ბრძანების თანახმად, არც ერთი აღმოსავლური ლეგიონის შენაერთი ბატალიონზე დიდი არ უნდა ყოფილიყო, ამიტომ პოლკი “ბერგმანიც” რამდენიმე ბატალიონად განაწილდა. ქართული “ბერგმანი” 1943 წლის აგვისტოში გადაიყვანეს ყირიმის ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სადაც სანაპირო ზოლს იცავდა აკ-მეჩეთიდან ევპატორიის ჩათვლით. სექტემბერში ქართველები სევასტოპოლის სამხრეთ-აღმოსავლეთში გადაისროლეს. ბატალიონი იცავდა სანაპირო გზას ფაროსიდან ალუშტამდე და დაზვერვით სამუშაოებს ატარებდა მთებში, საბჭოთა პარტიზანებს ებრძოდა. 1943 წლის 24 ოქტომბერს საბჭოთა ჯარებმა მელიტოპოლის ჩრდილოეთით მე-6 არმიის თავდაცვითი ზღუდეები გაარღვიეს და ნოღაის ველების გავლით დნეპრის ქვედაწელისაკენ დაეშვნენ. მოახლოებული საფრთხე იწინასწარ-მეტყველა მე-17 გერმანული არმიის სარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ე. ნეკემ და მოამზადა თავისი არმიის პერეკოპის გავლით ყირიმიდან გასვლის გეგმა. ამ ოპერაციისთვის გერმანული დივიზიები, მათ შორის 153-ე დივიზია, რომელშიც ქართული ბატალიონი “ბერგმანი” შედიოდა, ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით გადაიყვანეს.

ქართველები სივაშის ყელის სამხრეთით, სოფელ ბესჩესნოესთან დააბანაკეს, მაგრამ 28 ოქტომბერს ჰიტლერმა გააუქმა ოპერაცია. ნოემბრის დასაწყისში საბჭოთა ჯარებმა დაიკავეს პერეკოპის ყელი და გადალახეს სივაში. 1-ელ ოქტომბერს ქართულმა ბატალიონმა “ბერგმანმა” სივაშის რაიონში საბჭოთა ჯარების მოგერიებისა და კონტრშეტევაზე გადასვლის ბრძანება მიიღო. ქართული კავალერიის ესკადრონის შეტევის შემდეგ, რომელსაც თავადი მ. დადიანი მეთაურობდა, სივაშის რაიონი საბჭოთა ჯარებისგან გაიწმინდა. მომდევნო ერთკვირიანი ბრძოლების დროს ქართული შენაერთი გერმანულ ნაწილებთან ერთად ცდილობდა, არ დაეშვა მოწინააღმდეგის ნახევარკუნძულზე შეჭრა. ამ ბრძოლების შემდეგ გენერალ-ფელდმარშალმა ე. ფონ კლაისტმა წერილობითი მადლობა გამოუცხადა ქართული ბატალიონის “ბერგმანის” მეთაურს ობერ-ლეიტენანტ ე. ბრანდს.

1943 წლის აპრილში ყირიმიდან ევაკუირებულ იქნა გერმანული სამხედრო შენაერთები, მათ შორის ბატალიონი “ბერგმანი” და სხვა ქართველი ლეგიონები: საველე ბატალიონი 1/9 და სამთო-მსროლელი ბატალიონი 11/4, მომარაგების ორი ასეული და ორი სამშენებლო ასეული. ბატალიონი “ბერგმანი” გადაისროლეს საბერძნეთში, დანარჩენები კი _ საფრანგეთში.

1944 წლის ზაფხულში გაიხსნა მეორე ფრონტი. მოკავშირეები მასირებულად გადმოსხდნენ ევროპაში, საფრანგეთის ჩრდილოეთში, ნორმანდიაში. საბჭოთა ჯარები პოლონეთისა და უნგრეთის საზღვრებს მიუახლოვდნენ. დაიწყო მესამე რაიხის აგონია. იალტის კონფერენციის დროს სხვა დოკუმენტებთან ერთად მოკავშირეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის ძალითაც საბჭოთა მხარეს უნდა გადასცემოდა ყველა ყოფილი საბჭოთა მოქალაქე ტყვე, რომლებიც მოკავშირეთა კონტროლირებად ევროპის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.
შეთანხმება, რა თქმა უნდა, ქართველ ლეგიონერებსაც შეეხებოდა, რომლებმაც არ იცოდნენ, რას უმზადებდა მათ საბჭოთა მთავრობა. ამიტომ იოლად ბარდებოდნენ ტყვედ დასავლელ მოკავშირეებს იმ იმედით, რომ სიცოცხლეს მაინც შეინარჩუნებდნენ.

იყო სხვა შემთხვევებიც. წარუმატებელი ფსიქოლოგიური ომის წარმოების ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ამერიკელების მიერ სამი სომხური და ერთი ქართული ლეგიონის დისლოცირების ადგილებში პროპაგანდისტული ფურცლების ჩამოყრა. ფურცლები ლეგიონერებს იარაღის დაყრასა და ტყვედ ნებაყოფლობით ჩაბარებას მოუწოდებდა. სამაგიეროდ ჰპირდებოდნენ, რომ მათ საბჭოთა კავშირს გადასცემდნენ. გასაკვირი არ არის, რომ სწორედ ეს ბატალიონები იბრძოდნენ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე და ბრიტანელებმა ხელთ მხოლოდ რამდენიმე მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცი და ოფიცერი იგდეს. ქართული ლეგიონის უდიდეს ნაწილს ასეთი “გაფრთხილება” არ მიუღია და ომის დასასრულს დასავლეთის ფრონტზე ნებით დაყარა იარაღი.

ჰოლანდიის კუნძულ ტექსელზე დისლოცირებულმა ერთ-ერთმა ქართულმა ბატალიონმა 1945 წლის აპრილში აჯანყება მოაწყო. მოკავშირეთა მხარე დაიჭირა და კუნძულზე განლაგებული გერმანელების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. 800 ქართველი ლეგიონერი კაპიტან ლოლაძის მეთაურობით ორი კვირის განმავლობაში ებრძოდა რიცხვმრავალ მტერს, რომლის დროსაც მებრძოლთა ორი მესამედი დაკარგა, ბოლოს კი კუნძულის გასათავისუფლებლად გადმოსროლილ კანადურ სამხედრო ფორმირებებს ჩაბარდა ტყვედ.
ომის დამთავრების შემდეგ საბჭოეთის ქვეყნების ყველა ყოფილი მოქალაქე ტყვე, მათ შორის ქართველი ტექსელელებიც, მოკავშირეებმა საბჭოთა ხელისუფლებას გადმოსცეს.

P.S. ისტორიკოსების ერთი ნაწილი თვლის, რომ მეორე მსოფლიო ომი ქართველთათვის სხვათა ომი იყო. 1921 წელს საქართველო წითელი რუსეთის მეთერთმეტე არმიას რომ არ დაეპყრო და იძულებით თავის საზღვრებში არ შეეყვანა, დამოუკიდებელი საქართველო ან ნეიტრალიტეტს გამოაცხადებდა, ან თუ მოქნილ დიპლომატიას გამოიყენებდა, ომში ჩაბმას ვერ აიძულებდნენ და ესოდენ დიდ მსხვერპლსაც არ გაიღებდაო. მაგრამ ასეთი მსჯელობა ჰიპოთეტურია და ჭეშმარიტებასთან ფარდობითადაა ახლოს. ისტორიას არ უყვარს ჰიპოთეზები. ფაქტები კი ასეთია: 1941-1945 წლებში ფაშიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად 700 ათასი ქართველი მეომარი გაიწვიეს. მათგან მშობლიურ კერას ვეღარ დაუბრუნდა 350 ათას ჯარისკაცზე მეტი. თავგამოდებულ ქართველ მეომართაგან და მხედართუფროსთაგან 164-მა უმაღლესი ჯილდო, საბჭოთა კავშირის გმირის წოდება დაიმსახურა. ასე დიდ მსხვერპლად დაუჯდა საქართველოს მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობა. რაც შეეხება “სვასტიკიან ქართველებს”, ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, არსებობის შესანარჩუნებლად, მოსისხლე მტრის მხარეზეც არაერთხელ გვიბრძოლია, მაგრამ მსგავსი საქციელი ცხოვრების ნორმალურ ფორმად არასოდეს დაგვისახავს.

გაუმარჯოს ქართულ ვერმახტის ლეგიონს...!

795-ე ქვეითი ბატალიონი ’შალვა მაღლაკელიძე’

796-ე ქვეითი ბატალიონი

797-ე ქვეითი ბატალიონი ’გიორგი სააკაძე’

798-ე ქვეითი ბატალიონი ’მეფე ერეკლე II’

799-ე ქვეითი ბატალიონი ’დავით აღმაშენებელი’

822-ე ქვეითი ბატალიონი ’თამაფ მეფე’

823-ე ქვეითი ბატალიონი ’შოთა რუსთაველი’

824-ე ქვეითი ბატალიონი ’ილია ჭავჭავაძე’

I/1 სამთო-მსროლელი ბატალიონი

I/9 ქვეითი ბატალიონი

II/4 სამთო-მსროლელი ბატალიონი

II/125 სასწავლო ბატალიონი

II/198 ქვეითი ბატალიონი

III/9 სასწავლო ბატალიონი

”ბერგმანის” №1 ქართული ბატალიონი

ქართული სს ჯგუფი

დივერსიული რაზმები ”თამარა I და II”

795 ბატ. 'შალვა მაღლაკელიძე'

1942: ნალჩიკის მიმართულება, ბაქსანის და ურუხის ხეობები ჩრდილოეთ ოსეთში. 1944: შერბურთან (საფრანგეთი) მოიგერია და უკუაგდო აშშ-ს დესანტი.

796 ბატ.

1942/43: იბრძოდა ტუაფსეს მისადგომებთან. დაშალეს კაპიტან ჭიჭინაძის და რამდენიმე ათეული ჯარისკაცის რუსების მხარეზე გადასვლის გამო.

797 ბატ. 'გიორგი სააკაძე'
1943/44 გრენევილში (საფრანგეთი) 709-ე გერმანული დივიზიის შემადგენლობაში.

798 ბატ. 'მეფე ერეკლე II'
1943/44 სენ ნაზერი (საფრანგეთი) 384-ე გერმანულ დივიზიაში.

799 ბატ. 'დავით აღმაშენებელი'
1943-45 მოქმედებდა საფრანგეთის ცენტრალურ რაიონებში.

822 ბატ. 'თამარ მეფე'

1944/45 ლიონთან (საფრანგეთი) 344-ე გერმანული დივიზიის დაქვემდებარებაში. ომის ბოლოს დისლოცირებული იყო კუნძულ ტექსელზე (ჰოლანდია), სადაც მოაწყო აჯანყება, რომელიც გრძელდებოდა 1945 წლის 22 მაისამდე და ცნობილია 'ევროპის უკანასკნელი ბრძოლის' სახელით.

823 ბატ. 'შოთა რუსთაველი'
1945: იცავდა ლა-მანშს კუნძულ გერნსიზე.

824 ბატ. 'ილია ჭავჭავაძე'
1944: იბრძოდა ლვოვის მისადგომებთან გერმანიის 349-ე დივიზიის შემადგენლობაში.

I/1 სამთო-მსროლელი ბატ.
?

II/4 სამთო-მსროლელი ბატ.
1942/43: ჩრდილოეთ კავკასია, ყირიმი. ომის ბოლოს საფრანგეთი.

I/9 ქვეითი ბატ.
1942:43: ჩრდილოეთ კავკასია, ყირიმი. ომის ბოლოს საფრანგეთი.

II/198 ქვეითი ბატ.

1943: 198-ე გერმანული დივიზიის შემადგენლობაში წარმატებით იბრძოდა კურსკთან, ხარკოვის მიდამოებში და დნეპრზე. 1945: იბრძოდა ჩრდილოეთ იტალიაში პარტიზანების წინააღმდეგ სს-ის II სატანკო კორპუსის შემადგენლობაში.

სადაზვერვო ბატ. 'ბერგმანი'
1942/43: დივერსიები ჩრდილო კავკასიაში, ანტიპარტიზანულ ბრძოლები ყირიმში.

ქართული სს ჯგუფი
1944/45: ჩრდილოეთ იტალია

დივერსიული ჯგუფები

თამარა I და II

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja