საიტ WikiLeaks-ის ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს აჭარაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, თურქეთი ნატო-ს სტატუსით მზად იყო, საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებული ძალები შეეყვანა. 2008 წლის 14 აგვისტოთი დათარიღებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თურქეთის მზადყოფნა სერიოზული იყო. დოკუმენტის თანახმად, თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი და თურქეთის პარლამენტის წევრები მოსკოვში გაემგზავრნენ და პრეზიდენტ მედვედევს შეხვდნენ. შეხვედრის დროს მათ რუსეთის პრეზიდენტს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები გააცნეს და განუცხადეს, რომ რუსეთის მიერ თურქეთის საზღვრიდან 100 კმ-ზე ახლოს სამხედრო ოპერაციების განხორციელების შემთხვევაში, თურქეთს, როგორც ნატო-ს წევრ ქვეყანას, კონფლიქტის ზონაში საკუთარი ქვედანაყოფების შეყვანისა და მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიის დაცვის უფლება ექნებოდა.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, იმ შემთხვევაში თუ სამხედრო მოქმედებები უშუალოდ აჭარას შეეხებოდა, თურქეთი საქართველოში შეიარაღებულ ძალებს შეიყვანდა და აჭარის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმებს განახორციელებდა.
სამხედრო მოქმედებებში თურქეთის შესაძლო ჩართვის შესახებ თავის დროზე ქართულ საინფორმაციო საშუალებებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმაც განუცხადა. მან ეს ინფორმაცია 2009 წლის 3 მარტსაც დაადასტურა.
"რუსეთ-საქართველოს ომის დროს, თუ საქართველოს ხელისუფლება უსაფრთხოების უზრუნველყოფას ვერ შეძლებდა, თურქეთი მზად იყო აჭარაში საკუთარი შეიარაღებული ძალები შეეყვანა", - განაცხადა მერაბიშვილმა.
მომზადებულია regnum.ru-ს მიხედვით.