|
ტოპ მომხმარებლები |
|
|
Admin < TD> Generalissimo < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 1503 237 217 |
Checked < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 215 207 29 |
Moder < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 122 185 87 |
Admin < TD> Colonel general < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 51 93 11 |
Checked < TD> Private < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 27 49 5 |
| |
|
|
|
|
|
|
sაჰაერო თავდაცვის უსაფრთხოების პრობლემები. ექსპერტის რეკომენდაციები |
|
|
მკითხველს შევახსენებ, რომ ჟურნალ ”არსენალი”-ს 2006 წლის #2 და 10 ნომრებში ვწერდით საჰაერო თავდაცვის თემაზე, რომელ სტატიებშიც ასახული იყო საჰაერო თავდაცვის როლი და ადგილი სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემაში, ასევე საჰაერო თავდაცვის განვითარების პრინციპები, ამოცანები და ძირითადი მიმართულებები. წინამდებარე სტატიაში შევეხებით საკუთრივ საჰაერო თავდაცვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებს. წინა წლებში საჰაერო თავდაცვის ნაწილებში ფაქტიურად არაფერი გაგვაჩნდა. შეიარაღებაზე გვქონდა საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად დარჩენილი, რესურსგასული, მოძველებული რადარები და საზენიტო კომპლექსები. თავისთავად მათი უსაფრთხოების პრობლემა არც იდგა. დღეს საჰაერო თავდაცვის, ისევე როგორც მთელი შეიარაღებული ძალების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა, დიდძალი თანხებიც იხარჯება და მომავალშიც დაიხარჯება შექმნილი სისტემის შენარჩუნაბისა თუ განვითთარებისთვის. ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადად დაგვანახა, რომ დაინტერესებული ქვეყნების სპეცსამსახურები საკმაო რესურსებს ხარჯავენ, რათა მოიპოვონ ინფორმაცია ჩვენს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმების შესახებ. მათი დაინტერესების საგანს წარმოადგენს შეძენილი თუ არსებული შეიარაღება და ტექნიკა, ქვედანაყოფების, რადარების, კომპლექსების განლაგების ადგილები, მზადყოფნის ხარისხები, სპეციალისტების მომზადების დონე და სხვა. აქეადან გამომდინარე, საჰაერო თავდაცვის განვითარება უნდა დაიწყოს უსაფრთხოების საკითხების გათვალისწინებით და შენიღბვის მოთხოვნების მკაცრი დაცვით. ბოლო ათწლეულების ლოკალური ომების და შეიარაღებული კონფლიქტების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ აქტიური მოქმედებების ფაზას წინ უძღვის ყველა სახის დეტალური დაზვერვა მოწინააღმდეგის შესახებ სრული (მაქსიმალური) ინფორმაციის მისაღებად, რათა გამოვლენილი იქნას მისი ძლიერი და სუსტი ადგილები, შესწავლილი იქნას მართვის სისტემა, ჯარების დაჯგუფებები (მათ შორის აეროდრომების ქსელი, საჰაერო თავდაცვის პოზიციები), ლოგისტიკის სისტემა და სხვა. პირველი დარტყმები კი სახელმწიფო და სამხედრო მართვის პუნქტებზე, საჰაერო თავდაცვის პოზიციებზე, აეროდრომებზე და კომუნიკაციებზე იქნება მიტანილი. როგორც საბრძოლო მოქმედებების აქტიურ ფაზამდე, ისე მისი მსვლელობისას გამოყენებული იქნება დაზვერვის ყველა სახეობა: კოსმოსური, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო. მოკლედ განვიხილოთ ყველა მათგანი, რათა მეტი წარმოდგენა შეექმნას მკითხველს, თუ რატომ ვთვლი დღეს აქტუალურად შენიღბვის და სამხედრო საიდუმლოებების დაცვის საკითხს. კოსმოსური დაზვერვის წარმოებისთვის გამოიყენება ფოტო, ინფრაწითელი, ოპტიკურ-ელექტრონული, რადიოლოკაციური, რადიო და რადიოტექნიკური საშუალებები. რადიო და რადიოტექნიკური დაზვერვის აპარატურის მეშვეობით წარმოებს რადიოელექტრონული საშუალებების სიგნალების მაღალი სიზუსტით და ალბათობით გამოვლენა და ანალიზი. ჩვენ უნდა მოვიპოვოთ ინფორმაცია საქართველოს კოსმოსურ სივრცეში ხელოვნური თანამგზავრების გადაფრენის შესახებ, რომელ პერიოდშიც უნდა გატარდეს შენიღბვის ღონისძიებები. ეს საკმაოდ პრობლემატური საკითხია, რაც ჩვენს პარტნიორ, მეგობარ ქვეყნებთან თანამშრომლობით უნდა მოვაგვაროთ. მე საბჭოთა პერიოდში მიწევდა საბრძოლო მორიგეობაზე ყოფნა. მაშინ მუდმივად ვიღებდით უცხო ქვეყნების ხელოვნური სადაზვერვო თანამგზავრების გადაფრენის განრიგს, რომლის მიხედვით განსაზღვრული იყო შეზღუდვის ვადები. აღნიშნულ პერიოდებში რადიოელექტრონული შენიღბვის წესების დარღვევისთვის, როგორც ადრე ამბობდნენ, ციმბირს იქეთ ამოგვაყოფინებდნენ თავს. საჰაერო დაზვერვა მშვიდობიან პერიოდში წარმოებს სადაზვერვო თვითმფრინავების მეშვეობით სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ ფრენების გზით საზღვრიდან 10-15 კმ-ის დაშორებით. საჰაერო დაზვერვის სიღრმე შეადგენს: -რადიოლოკაციური სადგურის მეშვეობით - 150-200 კმ-ს; -რადიოელექტრონული დაზვერვის აპარატურის მეშვეობით - 200-400 კმ-ს; -ფოტოელექტრონული დაზვერვის აპარატურით -80-100 კმ-ს. ლაზერული და ინფრაწითელი საჰაერო დაზვერვა გამოიყენება ბრძოლის ველზე, რადგან მოქმედების სიშორე საკმაოდ მცირეა, 30 და 8 კმ-მდე შესაბამისად. როგორც ვხედავთ, საჰაერო დაზვერვის მეშვეობით შესაძლებელია სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება საქართველოს თითქმის მთელ სიღრმეში. სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ სადაზვერვო თვითმფრინავის გამოვლენისას შესაძლოა არ მოხდეს დამატებითი რადარების ჩართვით რადიოლოკაციური ველის გაძლიერება და მთლიანად გამოირთოს სამხედრო რადარები, ხოლო ინფორმაცია სადაზვერვო თვითმფრინავზე მივიღოთ სამოქალაქო რადარებიდან. უნდა განისაზღვროს მშვიდობიანი და საომარი პერიოდების მუშაობის რეჟიმები და სიხშირეები. შესაძლებელია სხვა ზომების გატარება, რისთვისაც შემუშავებული უნდა იქნას მკაფიო ინსტრუქციები. ამავე დროს ბევრია დამოკიდებული სპეციალისტების და მეთაურების დახელოვნებაზე და უნარზე, კონკრეტულ სიტუაციაში, მიიღონ სწრაფი და სწორი, შესაძლოა არასტანდარტული, გადაწყვეტილება. სახმელეთო დაზვერვა წარმოებს მიწისზედა საგუშაგოების მეშვეობით, რომლებიც აღჭურვილია რადიო, რადიოლოკაციური და რადიოტექნიკური დაზვერვის აპარატურით. საზღვაო დაზვერვა წარმოებს სპეციალური საბრძოლო ხომალდების მეშვეობით. სახმელეთო და საზღვაო დაზვერვის ტექნიკური დეტალებით არ გადავღლი მკითხველს და გადავალ რეკომენდაციებზე, რომელთა განხორციელება აუცილებელია როგორც მშვიდობიან პერიოდში, ისე საბრძოლო მოქმედებების წარმოებისას. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მოწინააღმდეგის დაზვერვის წინააღმდეგ ეფექტური მოქმედებებისათვის საჭიროა სამხედრო საიდუმლოებების მკაცრად შენახვა და შენიღბვის მოთხოვნების მკაცრი დაცვა. შენიღბვა არის, ღონიძიებათა კომპლექსი, მიმართული მოწინააღმდეგის მოსატყუებლად (შეცდომაში შესაყვანად) საკუთარი ჯარების შემადგენლობის, განლაგების, მდგომარეობის და მოქმედებების ჩანაფიქრის შესახებ. შენიღბვის მიზანია საკუთარი ჯარების სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება და საბრძოლო მოქმედებებისას მოულოდნელობის მიღწევა. შენიღბვა ხორციელდება მუდმივად, როგორც მშვიდობიანობის, ასევე საომარი მოქმედებების დროს. შენიღბვის მთავარი ამოცანებია ჯარების მოქმედებების ფარულობა და მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანა. ყოველივე ეს მიიღწევა სახელმწიფო და სამხედრო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გაჟონვის საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებით, ჯარების საქმიანობის შენიღბვით ყველა სახის დაზვერვისაგან. ფარულობა სხვადასხვა ხერხებით ხორციელდება. მოკლედ განვიხილოთ ყოველი მათგანი და მათ მისაღწევად საჭირო ღონისძიებები (მეთოდები): ჯარების და ობიექტების შენიღბვა. ხელოვნური და ბუნებრივი საფარების გამოყენება; ამინდის, წელიწადის და დღე-ღამის დროის გამოყენება; სპეციალური შემნიღბველი საშუალებების გამოყენება; შეიარაღების და ტექნიკის რადიოლოკაციური, სითბური, აკუსტიკური და ოპტიკური ხილვადობის შესამცირებლად სპეციალური მშთანთქმელი ან გამფანტველი ზედაპირული საფარების გამოყენება; რადიო და რადიოლოკაციური ფონური ველის შექმნა; ჯარების ფარული განლაგება-გადაადგილება, პოზიციების პერიოდული ცვლა; ტექნიკის გადაღებვა შემნიღბველ ფერებში, ბუნებრივი საფარების გამოყენება. მოწინააღმდეგის დაზვერვის წინააღმდეგ ბრძოლა, დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფების გამოვლენა და განადგურება. სახელმწიფო და სამხედრო საიდუმლოებების დაცვა: საიდუმლოების რეჟიმის უზრუნველყოფა; ავტომატიზირებული მართვის და ინფორმაციის შემნახველი სხვა სისტემებიდან ინფორმაცისს გაჟონვის აღკვეთა; ჯარების განლაგების ადგილებში, პოზიციებზე, აეროდრომებზე საკომენდანტო სამსახურის ორგანიზება. მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვსაყვანად ხორციელდება ღონისძიებათა კომლექსი, რომელთა მიზანია მოწინააღმდეგეს მიეწოდოს დეზინფორმაცია საკუთარი ჯარების შემადგენლობის, მდგომარეობის და მოქმედებების რეჟიმების შესახებ. განვიხილოთ შეცდომაში შეყვანის ხერხები და მათი განხორციელებისთვის საჭირო ღონისძიებები (მეთოდები). დეზინფორმაცია. მისი მიზანია საკუთარი ჯარების განლაგების, მდგომარეობის, შემადგენლობის და მოქმედებების გეგმების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელება: მოქმედი ან სპეციალურად შექმნილი არხებით ცრუ ინფორმაციის გავრცელება; ღია ან დახურული არხებით, რომელთა მოსმენაც სავარაუდოდ შესაძლებელია მოწინააღმდეგის მხრიდან, სპეციალურად შექმნილი ჯგუფების ან მეთაურობის მიერ დეზინფორმაციის შემცველი საუბრების წარმოება; მასმედიის ან მოსახლეობის მეშვეობით ცრუ მონაცემების ან ხმების გავრცელება; სამსახურეობრივი საბუთების განზრახ დაკარგვა; ტყვეების უკან დაბრუნება ცრუ ინფორმაციებით. 2. დემონსტრაციული მოქმედებები. ხორციელდება სპეციალურად გამოყფილი ძალების და საშუალებების მიერ მოწინააღმდეგის ყურადღების გადასატანად მთავარი ამოცანიდან მეორეხარისხოვან მიმართულებებზე: - ცრუ დაჯგუფებების შექმნა და მათი მოქმედებების იმიტირება; - ჯარების გადაადგილებები მოწინააღმდეგის ყურადღების გადასატანად მთავარი მიმართულებიდან (ამოცანიდან); - ობიექტების აშენება, რადარების და სხვა ტექნიკის ფუნქციონირება შენიღბვის მოთხოვნების განზრახ დარღვევით; - სპეციალური სწავლებების და მანევრების განხორციელება მოწინააღმდეგის დაზვერვის ყურადღების გადასატანად ძირითადი მოქმედებებისაგან; - სპეციალური რადიოელექტრონული მოწყობოლობების შექმნა და საიმიტაციო ფუნქციონირება. 3. იმიტაცია: - ცრუ ობიექტების, პოზიციების შექმნა; -ცრუ რადიოლოკაციური ველის შექმნა. იმიტაციისთვის უნდა გამოვიყენოთ მოძველებული ან შეიარაღებიდან მოხსნილი ტექნიკა და მოწყობილობები. ამიტომ ახალი ტქნიკის შეძენის შემდეგ ძველის, განსაკუთრებით რადარების და რედიოსადგურების ჩამოწერის და განადგურების შესახებ გადაწყვეტილება აუჩქარებლად უნდა იქნას მიღებული, რადგან მათი გამოყენება შესაძლებელი იქნება შენიღბვის ღონისძიებებისთვის და მოწინააღმდეგის შეცდომაში შესაყვანად. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საჰაერო მოწინააღმდეგის მიერ პირველი დარტყმები საჰაერო თავდაცვის ობიექტებზე იქნება მიყენებული. ცრუ პოზიციების მოწყობით და ამ პოზიციებზე რადარების ფუნქციონირებით შესაძლებელია მოწინააღმდეგის ძალისხმევის გაფანტვა და მის მიერ იერიშების მიტანა ცრუ პოზიციებზე. ყველა ზემოთჩამოთვლილი ხერხი და მეთოდი გამოყენებული უნდა იქნას გონივრულად როგორც მშვიდობიანობის, ისე საბრძოლო მოქმედებების წარმოების პერიოდში. შენიღბვა და საინფორმაციო უსაფრთხოება განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს ნატო-ს საჰაერო თავდაცვის ერთიან სისტემაში ჩართვის შემდეგ. ამ მხრივ საკმაოდ მაღალ სტანდარტებთან მიახლოვება მოგვიწევს, რაც დღეს უნდა იქნას გათვალიწინებული, რათა ხვალ შექმნილი სისტემის გადასაკეთებლად არ მოგვიწიოს რესურსების არარაციონალურად გამოყენება და დამატებითი დანახარჯების გაწევა. ამირან სალუქვაძე საჰაერო ძალების სარდალი 2003-2005 წ.წ.
|
|
|
|
|
|
|
მეგობრები |
|
|
|
|
|
|
| |