რა მოხდა კოდორის ხეობაში? ეს არის კითხვა, რომელიც ალბათ ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს ჩვენს ქვეყანაში. კოდორის უბრძოლველად დათმობა, მოსახლეობის ევაკუაცია და შემდგომ ჯარის მიერ ხეობის დატოვება, შეიძლება ითქვას,
თვალის დახამხამებაში მოხდა. არადა, კოდორის ხეობა იყო აფხაზეთის ტერიტორიის ერთადერთი ადგილი,
რომელსაც ქართული მხარე აკონტროლებდა.
არაოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ კოდორის ხეობის დატოვებისას ქართულმა შეანერთებმა არ გაანადგურეს საბრძოლო ტექნიკა.
ოფიციალური სტრუქტურები ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ საუბრობენ და უცნობია მათი დუმილი სადამდე გაგრძელდება.
აღსანიშნავია, რომ ქართული ჯარის მიერ ხეობის დატოვებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი დაუდასტურებელი ინფორმაცია არსებობს.
მავანის აზრით, აფხაზებმა ქართულ შენაერთებს ხეობიდან კორიდორი გაუკეთეს და ამიტომ არ გაანადგურეს ტექნიკა;
მეორე ვერსიით, თითქოს, თბილისის ხელშეუხებლობის გარანტად ჩვენმა ხელისუფლებამ კოდორი დათმო. რეალურად რა მოხდა ხეობაში, ამ კითხვას ალბათ მალე გაეცემა პასუხი, ისევე როგორც იმ უამრავ კითხვებს, რაც ომის შემდგომ გაჩნდა ჩვენს საზოგადოებაში.
თუმცა, კოდორიდან გამოსული ადამიანები ამბობენ, რომ ჯარს საბრძოლო ტექნიკა არ გაუნადგურებია: “ჩვენი ჯარი ისე გამოვიდა ხეობიდან, რომ მათ არც ერთი შეიარაღება არ გაუნადგურებიათ.”-ამბობს კოდორელი ა. ს.
როგორ აფასებენ ხეობაში განვითარებულ მოვლენებ ექსპერტები? კოდორთან დაკავშირებულ ამბებს “სპეციფიურს” უწოდებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე, რომელიც მიიჩნევს, რომ ხეობაში განვითარებული მოვლენების გარკვევას დრო სჭირდება.
- “ჩემთვის ამოუცნობია და პასუხს ვერავინ მცემს, თუ რატომ დატოვეს ფოთის პორტში, სენაკისა და გორის სამხედრო ბაზებზე იარაღი. ეს იყო ღალატი. კოდორთან დაკავშირებით იგივეს ვერ ვიტყვი, მაგრამ საერთო ჯამში ღალატი რომ იყო, ეს იგრძნობა. ღალატი შეიძლება იყოს კონკრეტული ოფიცრების მხრიდან ან უფრო მაღალი დონის გენერალიტეტიდან.
- “ეს ომია და მეთაური, რომელიც ასე იქცევა, მოღალატე ჰქვია. ასევე, ტექნიკის შენახვის თვალსაზრისით; ვიღაცამ თავისი საბრძოლო ტექნიკა გადაარჩინა; მაგალითად, როგორც გადარჩა ავიაცია და ზოგიერთი მნიშვნელოვანი შეიარაღების სახეობა. ზოგმა კიდევ თავისი შეიარაღება მიატოვა. თუ ეს არ იყო გამიზნული ღალატი, მაშინ ეს იყო უტვინობა და შიში, რასაც ასევე ღალატი ჰქვია.” - ამბობს არეშიძე.
მისივე თქმით, კოდორთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია არსებობს: “არის ვერსია, რომ ხეობა თბილისში გაიცვალა, კიდევ ის, რომ, ვიღაცამ იქიდან გამოსვლის ბრძანება გასცა. პრაქტიკულად, გზა, რომლითაც ჩვენი ჯარისკაცები გამოვიდნენ, რუსეთს თავისუფლად შეეძლო დაებომბა. შეიძლება ზედმეტი სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით ასეთ პირობასაც ჰქონოდა ადგილი - თქვენ გადით და ხელს არ გახლებთ. ამის დაბეჯითებით თქმა არ შემიძლია”.
- “ის, რომ გორის სამხედრო ობიექტებზე ჩარჩა ამდენი იარაღი - ამის პატიება არ შეიძლება. ჩვენ დავკარგეთ რამდენიმე თვითმავალი მძიმე საარტილერიო საშუალება, რომელიც დიდი ფული ღირს; ავტომატებს კიდევ არა უშავს, მაგრამ ის იარაღი, რომელიც ჩვენ დავკარგეთ, ამის გაკეთება არაფრით არ შეიძლებოდა. საპოლიციო “კობრა”, რომელიც რუსებმა ცხინვალიდან წაიღეს, ბრძოლით არის მოპოვებული. ის დაზიანდა და მისი გამოყვანა ვერ მოხერხდა. რუსებმა ეს იარაღები სხვადასხვანაირად მიიტაცეს, ზოგი ბრძოლის ველიდან, ზოგი საწყობიდან წამოიღეს. იარაღი, რომელიც საწყობიდან წამოიღეს, მასზე პასუხისმგებელ ადამიანებს პასუხი უნდა მოეთხოვოთ. ხელისუფლება ცდილობს ეს არ გაახმაუროს”. - ამბობს არეშიძე.
სამხედრო ექსპერტს ირაკლი სესიაშვილს უჭირს დაბეჯითებით საუბარი, დატოვა თუ არა ჯარმა კოდორში საბრძოლო ტექნიკა. ამასთან დაკავშირებით, მას ორი ინფორმაცია გააჩნია: რომ იარაღი გაანადგურეს, მეორე ცნობით კი იარაღი არ გაუნადგურებიათ. ასეა თუ ისე, ექსპერტი თვლის, რომ უკან დახევის დროს საბრძოლო ტექნიკის განადგურება აუცილებელია.
- “საუკუნეების მანძილზე, უკან დახევისას, მტერს არ უტოვებდნენ არანაირ რესურსს - არც საკვებს, არც ტყვია-წამალს და სხვა ინფრასტუქტურას. მათი განადგურება ხდება იმისთვის, რომ მოწინააღმდეგემ ვერ გამოიყენოს. თუმცა, აგვისტოს მოვლენებმა ცხადყო, რომ ამ თვალსაზრისით, ჩვენი ხელისუფლება აბსოლუტურად მოუმზადებელი იყო; არ არსებობდა არანაირი გეგმა, ამ მიმართულებით არ იყო კოორდინაცია და ა.შ. იარაღის განადგურება, გამოტანა, შესაძლებელი იყო და ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს ჩვენი ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებზე”.
- “ჩვენ ვნახეთ, რუსებმა სენაკიდან და ფოთიდან სწრაფმავალი სადესანტო კატერები როგორ გაიტანეს. არადა, სულ მარტივად შეიძლებოდა მათი წყლიდან ამოყვანა და თუნდაც მოსახლეობაში გადამალვა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს დაშვებულ შეცდომებზე. როდესაც ქვეყანაში თავდაცვის სფეროსკენ ამხელა თანხებია მიმართული და მერე ყველა ვხედავთ, როგორ ხდება ამ თანხების არამიზნობრივად გახარჯვა; რაც ნაყიდი გვაქვს იმასაც მტერს და ოკუპანტებს ასე მარტივად ვატანთ, ამაზე პასუხი უნდა მივიღოთ მთავრსარდლისგან, ვინ იყო ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი, ამ ვითარებაში ადეკვატური რეაგირება რატომ არ მოახდინა ხელისუფლებამ.” - ამბობს სესიაშვილი.
მისივე თქმით, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტმა ცალმხრივად ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, ამით“პირდაპირ იყო მინიშნებული, რომ კოდორში განლაგებულ ჩვენს პოლიციურ თუ სამხედრო ძალებს, ჩვენი ხელისუფლება დახმარებას არ აღმოუჩენდა”. - “თუ იმის სურვილი გაგვიჩნდებოდა, რომ ჩვენი თანამოქალაქენი ჩახოცილიყვნენ, მაშინ რა მიზნით, რისთვის? პრეზიდენტი ცეცხლის შეწვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს იმ დროს, როდესაც კოდორში თავდაცვითი ღონისძიება მიმდინარეობს. ხელისუფლებამ არანაირი დახმარება არ აღმოუჩინა კოდორში განლაგებული სამხედრო ძალებს. ელემენტარული კომუნიკაცია არ არსებობდა. ფაქტობრივად,მათ არც კი იცოდნენ პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილების შესახებ.” - ამბობს სესიაშვილი.
კოდორში განვითარებულ მოვლენებს “გასაიდუმლოებულს” უწოდებს სამხედრო ექსპერტი, გიორგი მელითაური. როგორც იგი ამბობს, მისთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ აფხაზებმა კორიდორი გააკეთეს და ამგვარად ქართულ ჯარს იქაურობის დატოვების საშუალება მისცეს.
- “რეალურად კოდორში ბრძოლები არ დაფიქსირებულა, რასაც ჩვენი ხელისუფლება არც უარყოფს და არც ადასტურებს. არანაირი ოფიციალური მონაცემები კოდორის შესახებ აქამდე არ გამიგია. 93-შიც კი, საბრძოლო ტექნიკა, რომელიც მწყობრში იყო, კოდორის გარეთ გამოიყვანეს, ანუ იქ ტექნიკა არ დაგვიტოვებია. ახლა რა მოხდა, თუ მართლა დატოვეს, მაშინ რის საფუძველზე დატოვეს?”
- “საკითხავია, როგორ გამოვიდნენ ჩვენი ჯარები? აფხაზებმა მართლა გაუკეთეს თუ არა კორიდორ? იყო თუ არა მოლაპარაკება, რომ ჯარი გამოსულიყო და მძიმე ტექნიკა დაეტოვებინათ? შეიძლება, სწორედ ამის საფუძველზე მოხდა კოდორიდან ჩვენი ჯარის გამოსვლა. არ ვიცი. არანაირი ინფორმაცია არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში, მძიმე ტექნიკის გაუნადგურებლად დატოვება დანაშაულია.” - ამბობს მელითაური.