ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
საჰაერო თავდაცვა ლოკალურ ომებში და შეიარაღებულ კონფლიქტებში
***

ამ სტატიით ჟურნალ ”არსენალში” იწყება ახალი რუბრიკა: ”ლოკალური ომები და შეიარაღებული კონფლიქტები”. ამ თემაზე ბევრი ნაშრომი დაწერილა, უამრავი მასალა არსებობს. არ მგონია ჩვენ რაიმე მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ მეცნიერული თვალსაზრისით ამ სფეროში. ამავე დროს ქართულ სამხედრო ლიტერატურასა თუ პრესაში ეს თემა, როგორც ამბობენ, ”მოუხნავი ველია”. ამ რუბრიკაში შეუძლიათ თავიანთი სტატიები გამოაქვეყნონ როგორც შეიარაღებულ ძალებში მომსახურე სპეციალისტებს, ასევე თადარიგის ოფიცრებს. მკითხველისთვის საინტერესო იქნება 20-ე საუკუნის მეორე ნახევრის და 21-ე საუკუნის ომებსა და კონფლიქტებში შეიარაღებული ძალების სხვა და სხვა სახეობებისა და გვარეობების (ქვეითი, სატანკო, არტილერია, სპეცქვედანაყოფები, ლოგისტიკა) გამოყენების განხილვა. ბოლო წლებში გატარებული საკადრო პოლიტიკის შედეგად ბევრი მაღალკვალიფიციური სპეციალისტის გამოცდილება რჩება გამოუყენებელი. ვფიქრობ სამხედრო-სამეცნიერო საქმიანობა ერთ-ერთი ის მიმართულებაა, სადაც მათი გამოყენება სასარგებლო იქნებოდა.
სამხედრო-სამეცნიერო საქმიანობა ცალკე, და ვფიქრობ, ახალგაზრდა არმიისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრობლემატური თემაა, რომლის გარეშეც ჯარს განვითარება არ უწერია. ეს საკითხი რეფორმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად უნდა იქცეს.
არც დანაპირები დამვიწყნია. ჟურნალ ”არსენალის” მკითხველს დავპირდი დამეწერა შეიარაღებული ძალების საკადრო სისტემის პერსპექტიული დაგეგმარების შესახებ. ამ სტატიას ახლო პერიოდში შემოგთავაზებთ. ან იქნებ ამ დარგის სპეციალისტებმა გადაწყვიტონ ამ თემაზე დაწერა. საკადრო პრობლემების მოგვარების გარეშე ჯარს ასევე არ უწერია განვითარება
ახალ რუბრიკას კი დავიწყებთ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტების, კერძოდ ისრაელ-არაბული ქვეყნების დაპირისპირებების განხილვით. შემდგომში განვიხილავთ სხვა კონფლიქტებსაც.

***
საჰაერო თავდაცვა ისრაელ-არაბეთის ომში
(დასაწყისი)

ახლო აღმოსავლეთი ერთ-ერთი დაძაბული და რთული რეგიონია მსოფლიოში. ისრაელის სახელმწიფო შექმნის დღიდან დაპირისპირებაში იმყოფება არაბულ ქვეყნებთან, რაც ხშირად შეიარაღებულ კონფლიქტებში გადაზრდილა. ჩვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია ამ კონფლიქტებში ავიაციის და საჰაერო თავდაცვის საბრძოლო გამოყენების გამოცდილების შესწავლა.
1967 და 1969-70 წლების ომები, შემდგომ კონფლიქტებთან შედარებით უფრო ხანგრძლივი იყო. ამ დაპირისპირების პერიოდში მეორდებოდა ომისათვის მზადების პერიოდი, ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები, საბრძოლო მზადყოფნის აღდგენა და გაძლიერება ხელახალი მოქმედებისათვის. რა გახდა ომის დაწყების მიზეზი? ეგვიპტემ 1967 18 მაისს მოითხოვა გაეროს ჯარების გაყვანა ურთიერთდაპირისპირების ზოლიდან და ტირანის სრუტიდან. ამ რაიონში თავისი ჯარები ჩააყენა და ისრაელს წითელ ზღვაში გასასვლელი ჩაუკეტა. 30 მაისს ეგვიპტეს და სირიას იორდანიის მეფე ხუსეინიც შეურთდა და ისრაელის სანაპირო ბლოკადაში მოექცა.
ახლო აღმოსავლეთი ახალი საომარი დაპირისპირების წინაშე აღმოჩნდა.
ეგვიპტემ და სირიამ სრულ მზადყოფნაში მოიყვანეს შეიარაღებული ძალები და განალაგეს ისრაელის საზღვრებთან. გაიწვიეს სამობილიზაციო რეზერვი. იორდანია მხოლოდ 30 მაისის შემდეგ შეუდგა ომისათვის მზადებას.
ისრაელი კი არ დაელოდა არაბული კოალიციის მიერ მოსამზადებელი ღონისძიებების დასრულებას. ისრაელს ეშინოდა არაბების ორგანიზებული შეტევის, რადგან ძალთა თანაფარდობა მათ მხარეზე იყო. უკან დასახევი კი ისრაელს აღარ გააჩნდა. 1967 წლის 9 მაისს ისრაელის კნესეტმა მიანიჭა მთავრობას საბრძლო მოქმედებების დაწყების უფლება. მაისის მეორე ნახევარში დაიწყეს პირველი რიგის რეზერვისტების მობილიზება. 23 მაისის მთავრობამ მისცა განკარგულება გენერალურ შტაბს საერთო მობილიზების ჩატარების და საბრძოლო მოქმედებების მომზადების დასრულების შესახებ.
არაბულ ქვეყნებთან შედარებით გაცილებით მცირერიცხოვანი მოსახლეობის პირობებში ისრაელმა ძირითადი აქცენტი საჰაერო ძალების გამოყენებაზე გააკეთა. 1967 წლის ივნისის ომის შედეგზეც ძირითადი ზეგავლენა ავიაციის წარმატებულმა მოქმედებებმა იქონია. ომის დასაწყისში ისრაელს 12 საავიაციო ესკადრილია გააჩნდა. 350 საბრძოლო თვითმფრინავიდან 80 %-ს ამ პერიოდისთვის თანამედროვე თვითმფრინავები შეადგენდა (”მირაჟ-3ც”, F-4, A-6 და სხვა)
ისრაელის საჰაერო ძალების მოქმედებები იყო მოულოდნელი და კონცენტრირებული პრიორიტეტული ამოცანების გადასაწყვეტად. მთავარი ამოცანა იყო ეგვიპტის საავიაციო დაჯგუფების (290-მდე საბრძოლო თვითმფრინავი) განადგურება.. დიდი ყურადღება ეთმობოდა ეგვიპტის საჰაერო თავდაცვის ძალების და საშუალებების განადგურებას. 1967 წლის 5 ივნისს, ადრე დილით, მოულოდნელად ისრაელის 200-მდე საბრძოლო თვითმფრინავმა ერთდროულად იერიში მიიტანა ეგვიპტის, სირიის და იორდანიის 27 აეროდრომზე, საჰაერო თავდაცვის ობიექტებზე, სუეცის არხის ხიდებზე. პირველ დღე-ღამეს 400-ზე მეტი საბრძოლო გაფრენა შესრულდა.
საომარი მოქმედებების პირველივე საათებში განადგურებული იქნა რადიოლოკაციური პარკის თითქმის ნახევარი და საზენიტო კომპლექსების მეოთხედზე მეტი. არაბულმა ავიაციამ წინააღმდეგობის გაწევაც ვერ შეძლო, მეტიც, აფრენაც ვერ მოახერხა აეროდრომებიდან. 5 ივნისს ოპერაციის მსვლელობისას აეროდრომებზე განადგურებული იქნა 273 საბრძოლო თვითმფრინავი (203 ეგვიპტის (290-დან) და 70 სირიის), ჰაერში კი მხოლოდ ეგვიპტის 2 თვითმფრინავი იქნა ჩამოგდებული. შედეგად ისრაელის ავიაცია საჰაერო სივრცის სრული ბატონ-პატრონი გახდა.
ისრაეილის სარდლობამ ზუსტად იცოდა მნიშვნელოვანი ობიექტების განლაგება, მუშაობის რეჟიმები. საბრძოლო მოქმედებებს წინ უძღვოდა ხანგრძლივი და დეტალური მომზადების პროცესი დაწყებული სადაზვერვო საქმიანობიდან, დამთავრებული საბრძოლო მოქმედებების დაგეგმარებით და ორგანიზებით. კარგათ იქნა ჩატარებული სადეზინფორმაციო ღონისძიებები. დიდი როლი შეასრულა პირადი შემადგენლობის პროფესიონალური მომზადების დონემ.
არაბების საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფები გულხელდაკრეფილები არ ყოფილან. ეგვიპტეს გააჩნდა ს-75 ტიპის 25 დივიზიონი, 57 და 100 მმ-იანი ქვემეხების რამოდენიმე პოლკი. ასევე 100 ერთეულამდე რადიოლოკაციური სადგური. ერთ კვირიანი საბრძოლო მოქმედებების განმავლობაში ეგვიპტის საჰაერო თავდაცვამ ისრაელს 44 საბრძოლო თვითმფრინავი გაუნადგურა, აქედან 35 საზენიტო არტილერიამ, 9 სარაკეტო კომპლექსებმა.
რიცხობრივი შეფასებით არაბული კოალიცია საგრძნობლად ჭარბობდა ისრაელის ჯარბს. მაშ რამ გამოიწვია ასეთი მარცხი? ჩამოვთვლი ძირითად მიზეზებს:
- თვითდაჯერებულობა და თვითდამშვიდება, რაც დიდი რაოდენობის შეიარაღების და ტექნიკის არსებობით იყო გამოწვეული;
- საჰაერო თავდაცვის საბრძოლო გათვლების, ასევე ხელმძღვანელობის მომზადების დაბალი დონე და საბრძოლო გამოცდილების არქონა; ისინი ალბათ საბჭოთა ინსტრუქტორების და მრჩევლების იმედზე იყვნენ;
- საჰაერო თავდაცვის გათვლების და საავიაციო ეკიპაჟების გადაღლილობა ომის დაწყების პირველი დღეებისთვის. არაბების ჯარები 22 დღე-ღამეზე მეტხანს იმყოფებოდნენ გაშლილები საბრძოლო მზადყოფნაში, რამაც გამოიწვია საერთო გადაღლილობა და საბრძოლო მზადყოფნის დონის დაცემა;
- საჰაერო თავდაცვის ძალების და საშუალებების ერთიანი მართვის არარსებობა;
- დაზვერვის წარმოების დაბალი დონე. არაბები (ისრაელისგან განსხვავებით) თითქმის არ აწარმოებდნენ დაზვერვას, რამაც გადაღლილობასთან ერთად ალბათ ერთ-ერთი გადამწყვეტი ზეგავლენა მოახდინა ”ექვსდღიანი ომის” შედეგზე. სადაზვერვო ინფორმაციის და მართვის ერთიანი სისტემის უქონლობის გამო არაბების ავიაციის მეტი წილი აეროდრომებზე განადგურდა, ხოლო სიღრმეში განლაგებულმა საავიაციო ნაწილებმა არც კი იცოდნენ, რომ 5 მაისის დილის 8 საათსა და 30 წუთზე ისრაელმა მოწინავე აეროდრომებზე მიიტანა იერიში. ამიტომ იმავე დღეს, 8 საათსა და 55 წუთზე ქვეყნის სიღრმეში განლაგებულ აეროდრემებზე განხორციელებული საჰაერო დარტყმებიც მოულოდნელი აღმოჩნდა არაბებისთვის. 25 წუთი კი ”სრულ საბრძოლო მზადყოფნაში” მყოფი არაბული საჰაერო ძალებისთვის საკმარისი უნდა ყოფილიყო ბრძოლაში ჩასაბმელად ან საავიაციო პარკის გადაბაზირებისთვის;
- მომზადების დაბალი დონე აჩვენა საზენიტო-სარაკეტო გათვლებმა. მეტად მომზადებულები აღმოჩნდნენ საზენიტო არტილერიის გათვლები. განსაკუთრებით ზუსტები იყვნენ 57 მმ ქვემეხების ეკიპაჟები (ჩვენი საჰაერო თავდაცვა უარს ამბობს ამ ქვემეხებზე და მხოლოდ სარაკეტო კომპლექსების იმედზეა. ეს შეცდომაა);
- ინტენსიური რადიოელექტრონული ჩახშობის პირობებში საბრძოლო მოქმედებების წარმოების გამოცდილების არქონა. რადიოელექტრონული ბრძოლა საბჭოთა სისტემებისთვის და სპეციალისტებისთვის ყოველთვის აქილევსის ქუსლი იყო, თუმცა დიდი ყურადღება ექცეოდა;
- შენიღბვის და ფარული მართვის დაბალი დონე. ცნობილია შემთხვევები, როცა ისრაელის რადიოელექტრონული ბრძოლის ქვედანაყოფები მოწინააღმდეგის ქსელში არაბულ ენაზე ცრუ ბრძანებებს იძლეოდნენ რითაც მართვის დეზორგანიზაციას ახდენდნენ.
1967 წლის ”ექვსდღიანი ომის” შედეგად ეგვიპტემ დაკარგა სინაის ნახევარკუნძული. ეგვიპტის არმია ამ ნახევარკუნძულზე, მ. შ. საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფები, განადგურებული იქნა. ისრაელის არმია გავიდა სუეცის არხთან და გადაკეტა ის. მხოლოდ საბჭოთა კავშირის დიპლომატიური ჩარევის შედეგად მოხერხდა ისრაელის შეჩერება ეგვიპტის სიღრმეში შეჭრისაგან.

შემგომ სტატიაში უფრო დეტალურად განვიხილავთ ავიაციის და საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფების ბრძოლის ტაქტიკას, როგორც ”ექვსდღიან ომში”, ასევე შემდგომ კონფლიქტებში. ვფიქრობ ჩვენი ახალგაზრდა არმიისთვის, რომლის შექმნაზე ასეულობით მილიონი იხარჯება ყოველწლიურად, და მისი ხელმძღვანელობისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი უნდა იყო ისტორიული გაკვეთილების გახსენება. ზედმეტ თვითდაჯერებულობას და თვითდამშვიდებას კარგი შედეგი არასდროს მოუტანია. მხოლოდ მაღალი პროფესიონალიზმი და საბრძოლო სულისკვეთება შეიძლება იყოს წარმატების საწინდარი ბრძოლაში.
გამარჯვების გზით გვევლოს!
(გაგრძელება იქნება)

ამირან სალუქვაძე
საჰაერო ძალების სარდალი 2003-2005 წ.წ.

საჰაერო თავდაცვა ლოკალურ ომებსა და შეიარაღებულ კონფლიქტებში

საჰაერო თავდაცვა ისრაელ-არაბეთის ომში
(გაგრძელება. დასაწყისი __ნომერში)

წინა ნომერში ჩვენ მოკლედ განვიხილეთ 1967 წლის ”ექვსდღიან ომად” წოდებული ისრაელის და არაბული ქვეყნების (ეგვიპტე, იორდანია, სირია) დაპირისპირება. ამ ომმა ცხადად დაგვანახა თუ რა შედეგები შეიძლება მოყვეს საბრძოლო მოქმედებების დაგეგმარების, ორგანიზებისა და წარმოებისას დაშვებულ შეცდომებს. ომი არ პატიობს არაპროფესიონალიზმს, მოწინააღმდეგის შესაძლებლობების უგულველყოფას, დაუდევრობას, პოპულიზმს, პოლიტიკური ხელმძრვანელობის შეცდომაში შეყვანას სამხედრო ხელმძღვანელობის მხრიდან.
წინამდებარე სტატიაში და შემდგომში ჩვენ გავაგრძელებთ ისრაელ-არაბეთის დაპირისპირებების ზოგად მიმოხილვას, უფრო კონკრეტულად კი შევეხებით საავიაციო და საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფების გამოყენების ტაქტიკას, საბრძოლო და ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებს.

სუეცის არხი (ხედი ხელოვნური თანამგავრიდან)

დავუბრუნდეთ ისევ 1967 წლის ”ექვსდღიან ომს”. ძალთა თანაფარდობა ომის წინ არაბული კოალიციის სასარგებლოდ იყო.

საერთო თანაფარდობა

სინაის მიმართულება

ამანის მიმართულება

საბრძოლო მოქმედებები ისრაელმა დაიწყო საავიაციო იერიშებით ეგვიპტის ძირითად საავიაციო ბაზებზე, აეროდრომებზე, საჰაერო თავდაცვის ობიექებზე, სუეცის არხის ხიდებზე. მოულოდნელობის მიღწევა მოხერხდა როგორც სადეზინფორმაციო ღონისძიებებით, ასევე ტაქტიკური ხერხებით. ისრაელმა (მაშინ როცა საყოველთაო მობილიზაციას ახორციელებდა) 3 000-მდე სამხედრო მოსამსახურე შვებულემაში დაითხოვა და მათი შვებულებაში ყოფნის და დასვენების ამსახველი სურათები შეგნებულად გაავრცელა პრესაში. ამით ქმნიდნენ აზრს, თითქოს ისრაელი არ აპირებდა ომის დაწყებას.
ისრაელი დიდი ხნით ადრე ამზადებდა მოულოდნელი ოპერაციის სცენარს. 1965 წლიდან ისრაელი ახორციელებდა სადეზინფორმაციო მოსამზადებელ ფრენებს. ყოველდღე, დილის 7 საათზე, ისრაელის 40 თვითმფრინავი საშუალო და მაღალ სიმააღლეებზე მიფრინავდა ზღვის მიმართულებით, შემდეგ გადადიოდნენ დაბალ სიმაღლეზე და ჯდებოდნენ უდაბნო ნეგეევის აეროდრომზე. ასეთი ფრენებით არაბული საჰაერო თავდაცვა ეჩვეოდა ისრაელის ავიაციის ფრენების გრაფიკს და მათთვის დილის 7-დან 8 საათამდე პერიოდში ისრაელის ავიაციის ფრენები აღნიშნული მარშრუტით შესაძლო საფრთხედ აღარ აღიქმებოდა.
დასახული მიზანი მიღწეული იქნა. არაბული კოალიციისთვის საბრძოლო მოქმედებების დაწყება სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა.
საავიაციო დარტყმა ორ ეშელონად განხორციელდა. პირველმა ეშელონმა 100-მდე თვითმფრინავის შემადგენლობით 5 ივნისს, 7 საათსა და 45 წუთზე, მოულოდნელი იერიში მიიტანა ეგვიპტის აეროდრომებზე სინაის ნახევარკუნძულზე, საჰაერო თავდაცვის საშუალებებზე, სუეცის არხის ხიდებზე. 25 წუთის შემდეგ, მეორე ეშელონმა, 120 თვითმფრინავის შემადგენლობით, ეგვიპტის ცენტრალურ ნაწილში და სამხრეთში განლაგებულ ობიექტებზე განახორციელა დარტყმები.
ისრაელის ავიაციის მოქმედებები დეტალურად იყო დაგეგმილი და ორგანიზებული. ისრაელის საჰაერო ძალების სარდლობა დიდ ყურადღებას უთმობდა დაზვერვას. (დაზვერვის და საბრძოლო მოქმედებების ყოველმხრივი უზრუნველყოფის საკითხებს ცალკე სტატიას დავუთმობთ). ყველა საავიაციო ქვედანაყოფს ზუსტად ქონდა გაწერილი მოქმედებების დრო, მარშრუტები, ფრენის პროფილი, მიზნები, მოქმედებების ტაქტიკა.
საავიაციო ჯგუფები, რომლებიც მოქმედებდნენ კაირის და სუეცის არხის მიმართულებით, სანაპირო ზოლიდან 50-80 კმ-ის დაშორებიდან მიფრინავდნენ დაბალ სიმაღლეზე (150-300 მ), პარალელურად ეგვიპტის რადიოლოკაციური საშუალებების წინააღმდეგ იყენებდნენ რადიოლოკაციურ დაბრკოლებებს. შედეგად არაბების რადარები ვერ ახერხებდნენ დაბალ სიმაღლეზე რთულ რადიოელექტრონულ ფონზე მოწინააღმდეგის

ისრაელის საჰაერო ძალების F-4 “ფანტომი”

თვითმფრინავების აღმოჩენას. იმდროინდელ რადარებს 150-300 მეტრზე საფრენი აპარატების აღმოჩენა შეეძლო 30-50 კმ სიშორეზე. რადიოელექტრონული დაბრკოლებების პირობებში ეს მანძილი უფრო მცირდება. ამ მანძილის დაფარვას მოიერიშე თვითმფრინავი 5 წუთს ანდომებდა. საზენიტო კომპლექსები, როგორც წესი, მორიგეობენ ნომერ 2 მზადყოფნაში (გამორთული აპარატურით). ნომერ 1 მზადყოფნაში გადასვლას ესაჭიროება მინიმუმ 5 წუთი (სრული ფუნქციონირების კონტროლით გაცილებით მეტი) ბრძანების გაცემიდან. იგივე დრო ესაჭიროება გამანადგურებელ თვითმფრინავს ასაფრენად. მიზნის აღმოჩენიდან ბრძანების გაცემამდე (მაშინდელი მართვის სისტემით) კიდევ, ყველაზე მცირე, 2-3 წუთი იკარგება. ე.ი. ისრაელის თვითმფრინავები მიზნამდე გასვლას ისე ახერხებდნენ, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემა დროულ რეაქციას ვერ ასწრებდა.

ეგვიპტის საჰაერო ძალების ბრძოლებგამოვლილი მიგ-21

საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფების ზონების შემოვლის შემდეგ ავიაცია იყოფოდა მცირე ჯგუფებად (4-6 თვითმფრინავი) და იერიში მიქონდათ დაგეგმილ მიზნებზე. მიზანთან მიფრენისას მინიმუმამდე ამცირებდნენ სიჩქარეს და ასრულებდნენ რამოდენიმე იერიშს. პირველ რიგში ნადგურდებოდა მორიგე თვითმფრინავები ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე. შემდეგ კი საფრენი აპარატები სადგომებზე და ანგარებში, ავიაციის მართვის პუნქტები. ასაფრენ-დასაფრენი ზოლების გასანადგურებლად გამოიყენებოდა სპეციალური ბომბები, თვითმრინავების წინააღდეგ კი უმართავი რეაქტიული ჭურვები და საავიაციო ქვემეხები. ეგვიპტის თვითმფრინავები საჰაერო თავდაცვის სუსტი წინააღმდეგობის პირობებში კარგ სამიზნეებს წარმოადგენდა, რადგან ომის დაწყების წინ ვერ მოასწრეს მათი დაშორიშორება, საზენიტო არტილერია კი დიდი დაგვიანებით მოქმედებდა. არაბების თვითმფრინავებს ისრაელის ავიაცია ანადგურებდა არა მხოლოდ ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე ან ჰაერში, არამედ დაჯდომის დროსაც, როცა მათ არ შეეძლოთ წინააღმდეგობის გაწევა, ხოლო საზენიტო არტილერიას უჭირდა მოქმედებები საკუთარი ავიაციის ჰაერში ყოფნის გამო.

არაბების გამანადგურებელი ავიაცია სრულიად უმოქმედო აღმოჩნდა. მათ საჰაერო ბრძოლებში არცერთი საჰაერო მიზანი არ გაუნადგურებიათ. არაბებს ს-75 ტიპის 168 გამშვები დანადგარი გააჩნდათ. მათ პირველი ორი საავიაციო იერიშის განმავლობაში მხოლოდ 9 მიზნის განადგურება შეძლეს. როგორც წინა ნომერში ვწერდით, საზენიტო არტილერიამ 35 თვითმფრინავი გაანადგურა. სხვა სისტემებზე ეფექტური 57 მმ-იანი საზენიტო ავტომატური ქვემეხი აღმოჩნდა. ამის მიზეზი განა ის იყო, რომ ს-75-ს ჯობია ს-60 (ა.ს.:ასე ქვია 57 მმ-იან საზენიტო ქვემეხის კომპლექსს მთლიანობაში. ბატარეაში 6 ავტომატური ქვემეხია და ერთი რადარი რპკ-1). 57 მმ-იანი ქვემეხები უბრალოა ექსპლოატაციაში, იოლი ასათვისებელია გათვლებისათვის. მისი ცეცხლის ზონის სიმაღლე 5 კმ-ს შეადგენს, ხოლო სიშორე - 6 კმ-ს. 6 ქვემეხს ავტომატურად 24 ჭურვის (რამოდენიმე ათეული კგ საბრძოლო ნაწილის) გასროლა შეუძლია. ს-75 კი რთული კომპლექსია. ის ახალ მიღებული იყო შეიარაღებაზე საბჭოთა კავშირში. მისი მოქმედების ტაქტიკა არ იყო დახვეწილი (ა.ს. ტაქტიკა სისხლით იწერება), არაბულ გათვლებს კი, როგორც ჩანს, სუსტად ქონდათ ათვისებული რთული რადიოტექნიკური აპარატურა.

ეგვიპტის საჰაერო თავდაცვის ს-75 ტიპის საზენიტო სარაკეტო კომპლექსის რაკეტები, მიეხედავად სჰაერო თავდაცვის ორგანიზებისას დაშვებული შეცდომებისა, დიდ საფრთხეს წარმოადგენდა ისრაელის ავიაცისთვის.

ეგვიპტის საჰაერო თავდაცვის შეარაღებაზე არსებული ს-75 ტიპის საზენიტო კომპლექსის რაკეტის სტარტი, დაფიქსირებული ისრაელის საჰაერო დაზვერვის მიერ.

საბრძოლო მოქმედებების პირველ დღეს ისრაელის ავიაციამ 400-ზე მეტი საბრძოლო გაფრენა შეასრულა, აქედან 300-მდე გაფრენისას სამიზნეებად აეროდრომები იყო, ხოლო დანარჩენი გაფრენები საავიაციო მხარდაჭერის მიზნით გნხორციელდა. ერთ დღეში განადგურებული იქნა, სხვა და სხვა მონაცემებით, 270-დან 300-მდე არაბული თვითმფრინავი (აქეადნ მხოლოდ ორი საჰაერო ბრძოლის დროს), მწყობრიდან იქნა გამოყვანილი 9 აეროდრომი. ისრაელმა პირველივე დღეს გადაწყვიტა მნიშვნელოვანი ამოცანა: გაანადგურა არაბების საავიაციო დაჯგუფება და მოიპოვა სრული ბატონობა ჰაერში.
არაბების უმაღლესი სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა ცუდად ფლობდნენ სიტუაციას. მათ ეგონათ, რომ ისრაელის ავიაცია განადგურებული იყო, ხოლო საჰაერო თავდასმებს ამერიკელების ავიაცია ახორციელებდა ავიამზიდებიდან. ომის დაწყების წინა პერიოდში დაზვერვას დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ, წინა დღეებში კი თითქმის საერთოდ არ აწარმოებდნენ. ისინი არ ფლობდნენ ინფორმაციას ისრაელის არმიის გადაჯგუფებების და ომისათვის მზადყოფნის მდგომარეობის შესახებ. 1966 წელს ეგვიპტემ დიდი რაოდენობით საბჭოთა შეიარაღება მიიღო, მათ შორის საავიაციო და საჰაერო თავდაცვის ტექნიკა. ახლადმიღებული თვითმფრინავები (სხვა ტექნიკაც) სუსტად იყო ათვისებული ეკიპაჟების მიერ და მათ სრული ეფექტურობით ვერ იყენებდნენ.

ეგვიპტის აეროდრომებზე განადგურებული მიგები

როგორც ომის პირველ დღეს, ასევე შემდგომში, არაბების, და კერძოდ, ეგვიპტის სარდლობამ, სრული უსუსურობა გამოამჟღავნა საბრძოლო პირობებში ჯარების მართვის საქმეში. არაბულ ქვეყნებში საკადრო პოლიტიკა ხორციელდებოდა არა პროფესიონალიზმის და სამეთაურო საფეხურების გეგმაზომიერი გავლის პრინციპით, არამედ უმაღლესი პოლიტიკური პირებისადმი პირადი ერთგულების მიხედვით. პროფესიონალ ოფიცრებს, რომელთაც თავი გამოიჩინეს საბრძოლო მომზადების პროცესში,, საკარიერო გზა დაკეტილი ქონდათ. ეს არაბულ ქვეყნებს ახლაც ახაიათებთ.
სამწუხაროდ ჩვენთანაც იგივე პრინციპი დაინერგა წინა თავდაცვის მინისტრის მმართველობის პერიოდში. (ა.ს.: 1993 წლიდან ჩემთვის არასდროს უკითხავთ თუ ვის გუნდში ვიყავი. ასეთი რამ ფიქრშიაც არავის ქონია თავდაცვის სამინისტროში. 2004 წლის მეორე ნახევრიდან კი სხვა და სხვა გუნდებს მიმაწერდნენ. მე კი მხოლოდ საქართველოს გუნდში ვიყავი). ათეულობით მაღალკვალიფიციური ოფიცერი იქნა დათხოვილი შეიარაღებული ძალების რიგებიდან. მათ მაგივრად კი ძირითადად ერთგულების პრინციპით არჩევდნენ კადრებს. ასეთი რამ დამღუპველია ჯარისთვის და ქვეყნისთვის. ჯარი, და განსაკუთრებით სამხედრო მაღალჩინოსნები, შორს უნდა იყვნენ პოლიტიკისგან. სამხედრო მაღალჩინოსნების შეცდომები არ უნდა ითვლებოდეს პოლიტიკური გუნდის შეცდომებად. ეს ერთერთი მიზანი იყო, რისთვისაც იქნა შემოღებული დასავლურ ქვეყნებში სამოქალაქო მინისტრის პოსტი (და არა მხოლოდ სამოქალაქო კონტროლისათვის), რათა სამხედრო საკითხებში სამხედროებს დაეკისროს პასუხისმგებლობა. შეცდომებისგან არავინაა დაზღვეული, მაგრამ რისკის ფაქტორი და შეცდომები მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი. ეს მხოლოდ პროფესიონალიზმით მიიღწევა. ერთხელ და სამუდამოდ ბოლო უნდა მოეღოს არმიის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევის მცდელობებს. საპროტესტო აქციებზე არასდროს არ უნდა გაისმას რაიმე სახის მოწოდებები ჯარის მიმართ. არმია, და პირველ რიგში მისი მმართველი ელიტა, მაქსიმალურად ნეიტრალური უნდა იყოს ყველა პარტიული დაჯგუფების მიმართ. ის მხოლოდ მოქმედ უმაღლეს მთავარსარდალს უნდა ემორჩილებოდეს და არ უნდა არსებობდეს იმისი შიში, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდის შეცვლის შემდეგ არმიაშიც საკადრო გადაადგილებები მოხდება (საკადრო ცვლილება არც გაერთიანებული შტაბის უფროსს უნდა შეეხოს. ის სარდლებთან ერთად 3-5 წლით უნდა ინიშნებოდეს). არმია ერთადერთი სათუთად მოსაპყრობი სტრუქტურა უნდა იყოს როგორც მმართველი ძალისთვის, ისე ოპოზიციისთვის.
დღეს ამ პრობლემის გამოსწორების ტენდენცია შეიმჩნევა. ახლანდელ მინისტრს არ მოუხდენია წინამორბედის მიერ დანიშნული კადრების გათავისუფლება, მეტიც ადრე დათხოვილი ოფიცრებიც ნაწილობრივ აღადგინა შეიარაღებულ ძალებში, რაც უდაოდ დადებითი ფაქტია, ოღონდ უფრო მეტია გასაკეთებელი. საკანონმდებლო დონეზე უნდა აიკრძალოს 30-იანი წლების რეპრესიების ანალოგის გამეორება ქართულ არმიაში. ქართველ ოფიცერს უნდა შეექმნას მყარი გარანტია, რომ მის რთულ სამხედრო კარიერას ვერანაირი პოლიტიკური ცვლილებები ვერ შეეხება. არმიაში უნდა აიკრძალოს ტერმინები: ”ჩემი გუნდი”, ”ჩემი ხალხი” და ა.შ. დაუშვებელია, როცა სარდლებს და მეთაურებს დანიშვნის შემდეგ ”თავიანთი გუნდები” მოყავდათ. ყველა ოფიცრის კარიერა (სასწავლო კურსების ჩათვლით) წინასწარ უნდა იყოს გაწერილი და მისი კარიერის წარმატება დამოკიდებული უნდა იყოს მის პროფესიონალიზმზე და არა რომელიმე მეთაურის სუბიექტურ აზრზე. უნდა აღიკვეთოს ოფიცრის ბედის ერთპიროვნული გადაწყვეტის შესაძლებლობა. სახელმწიფო თვალის ჩინივით უნდა უფრთხილდებოდეს ყველა სამხედროს, რომელმაც აირჩია ეს რთული პროფესია და ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასი, - თავისი სიცოცხლე, წინასწარ, სამშობლოს სადარაჯოზე დადო. სამხედრო მოსამსახურემ ხომ თავისი სიცოცხლის საფასურად თანაბრად დაიცვას როგორც მმართველ გუნდში, ისე ოპოზიციაში მყოფი ადამიანები.
6 ივნისიდან ისრაელმა ძირითადი ძალისხმევა სინაის ნახევარკუნძულის და იორდანიის მიმართულებაზე მოქმედი სახმელეთო ჯარების საავიაციო უზრუნველყოფაზე, ხოლო 8 ივნისიდან - სირიის სახმელეთო ჯარების წინააღმდეგ გადაიტანა. ისრაელის ავიაცია იყენებდა ბომბებს, ნაპალმს, ”მიწა-ჰაერი” ტიპის რაკეტებს და საავიაციო ქვემეხის ცეცხლს, მოქმედებდა მოულოდნელად, და ფაქტიურად, სერიოზული წინააღმდეგობის გარეშე. ჰაერში სრულმა ბატონობამ ისრაელს საშუალება მისცა მოიერიშე თვითმფრინავებად გამოეყენებინა ”ურაგანი” და სხვა ტიპის სასწავლო-სავარჯიშო თვითმფრინავებიც კი.
არაბული ქვეყნების ავიაციის მოქმედებები კი ეპიზოდურ ხასიათს ატარებდა და მათ მოქმედებებს არ შეეძლო რაიმე ზეგავლენა მოეხდინა საბრძოლო მოქმედებების მსვლელობაზე და შემოიფარგლებოდა ძირითადად დედაქალაქის დაცვით და მცირე ჯგუფების თავდასხმებით ისრაელის ცალკეულ ობიექტებზე.
სირიის ავიაციას ქონდა მცდელობა 16 თვითმფრინავის შემადგენლობით დარტყმა მიეტანათ თელავივის, ხაიფას და ნათანიის ობიექტებზე. მაგრამ ეს მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა. ბევრმა მათგანმა მიზნის აღმოჩენაც ვერ შეძლო. ისრაელის ავიაციის საპასუხო დარტყმების შედეგად მათ სერიოზული დანაკარგები განიცადეს და, ფაქტიურად, მათზე დაკისრებული ვერცერთი ამოცანა ვერ შეასრულეს.
ექვსდღიანი ომის განმავლობაში არაბული ქვეყნების ავიაცია მოქმედებდა შეუთანხმებლად. ავიაციის მოქმედებების უზრუნველყოფა არ იყო წინასწარ დაგეგმილი, რის გამო განიცდიდნენ ისეთ დანაკარგებს, რომელთა თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. პირველი დღის განმავლობაში განადგურებული იქნა 60-მდე სირიის თვითმფრინავი, მეორე დღის ბოლოს 40 იორდანიის თვითმფრინავი. მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტის ავიაცია საფრენოსნო ტაქტიკური მონაცემებით ისრაელის ავიაციაზე მაღლა თუ იდგა, თორემ არაფრით ჩამოუვარდებოდა, არაბებმა საბრძლო;ო მოქმედებების განმავლობაში საჰაერო ბრძოლებში 50-მდე მიგ-ი დაკარგეს, ისრაელს კი არცერთი ”მირაჟი” არ დაუკარგავს. უკვე მეორე დღეს ეგვიპტის ავიაციის დანაკარგი 309 თვითმფრინავს შეადგენდა, მ.შ. 30 შორეული ბომბდამშენი ტუ-16. არაბების სახმელეთო ძალები საჰაერო მხარაჭერის გარეშე აღმოჩნდა.
ისრაელის არმიამ ჰაერში ბატონობის პირობებში სრულ წარმატებას მიაღწია და გადაჭრა მათ წინაშე მდგომი ყველა სამხედრო-პოლიტიკური ამოცანა.
რის საფუძველზე შეძლო არაბულ კოალიციასთან შედარებით მცირერიცხოვანმა ისრაელმა და მისმა არმიამ წარმატების მიღწევა? პასუხს ამ კითვაზე, ასევე ე.წ. ”ექვსდღიანი ომის” მნიშვნელობას თანამედროვე ტაქტიკის და ოპერატიული ხელოვნების განვითარებაში და საბრძოლო მოქმედებების ყოველმხრივი უზრუნველყოფის საკითხებს ”არსენალი”-ს შემდეგ ნომერში განვიხილავთ.

ამირან სალუქვაძე
საჰაერო ძალების სარდალი 2003-2005 წ.წ.

1) ავტორი: pilot.m.p.
ise iankipuris omshi israelma magra iyochaga. itokshi sul mzis mxridan utevda dilis saatebshi.

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja